18:14 - 19 Nov, 2017
2017-11-06 10:23:04, 636 ნახვა
ჰო და, ამ ბაღში დამმარხეთ - ჯანსუღ ჩარკვიანის გახსენება

თავისუფლებას ჰიმნი 70-იან წლებში მიუძღვნა, მანამდე კი, ანუ 1956 წლის მოვლენებისას, მიტინგზე გამოსვლა ასე დაასრულა, თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოსო, რის გამოც ახალგაზრდა პოეტს „კა-გე-ბე“-მ „საქმე გაურჩია“ დ მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი აბაშიძის ჩარევის შემდეგ გაამოუშვა… მერე იყო 60-იანი წლები, როცა ჟურნალი „ცისკარი“ „მერვე პოლკმა“ „შტირებით“ დახვრიტა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით… საბედნიეროდ, ის ვიდეოკადრებიც არსებობს, როცა 80-იან წლებში, ვაკის პარკში, 1921 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ პირველ მიტინგზე ზვიად გამსახურდია და ჯანსუღ ჩარკვიანი ერთად დგანან. მეტიც, სწორედ ჯანსუღ ჩარკვიანი იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვინც მწერალთა კავშირიდან ზვიადის გარიცხვას მხარი არ დაუჭირა. ასევე, „თვითმფრინავის ბიჭების“ არდახვრეტის პეტიციიდან საკუთარი ხელმოწერა არ „მოხსნა“ და 9 აპრილის მიტინგის დასარბევად რუსის ჯარის შემოყვანაც მაღალი ტრბუნიდან გააპროტესტა… პოეზიის გარდა, ჯანსუღ ჩარკვიანის პოლიტიკურ იუმორიც სახელგანთქმულია: „ვისი ვიოლინო ვის როიალშია“ – ეს მისი თანამედროვე ხუმრობაა. აი, „ინაურებსა და შინაურებზე“ კი, ტოტალიტარული რეჟიმის დროს იხუმრა…

 

 ბატონო ჯანსუღ, როდის გააცნობირეთ, რომ უკვე ცნობილი იყავით?

– (ფიქრობს) ასეთი რამ არავის უკითხავს…

– კარგი, სხვანაირად გკითხავთ: ლექსების წერა რატომ დაიწყეთ: „გეწერებოდათ“ თუ, უბრალოდ, გინდოდათ, ცნობილი გამხდარიყავით?

– ამას ცნობიერებასთან კავშირი არ აქვს. მახსოვს, პირველი რითმა რომ „მომივიდა“, 8 წლის ვიყავი: ჩემი მეზობლის გოგო, 6 წლის ნატო მომწონდა და მასზე ვთქვი – „მიყვარს ნატო, მაგრამ მარტო!“

– და იცოდით, რომ „ნატო“ „მარტო“-ს ერითმებოდა?

– კი, ვიცოდი. აბა, რატომ ვიტყოდი?!

– 8 წლის ბავშვმა რა იცის, რითმა რა არის?

– ვანო, ამას რა ცოდნა უნდა?! ლექსებს ვკითხულობდი და ჩვეულებრივი კი არა, ისიც ვიცოდი, ჯვარედინი რითმა როგორია. ასე რომ, ამაში გასაკვირი არაფერია… პოეზიის სიყვარული ძალიან ადრეული ბავშვობიდან მაქვს…

– პოეტობა პროფესიაა, ბატონო ჯანსუღ?

– მე ასე არ ვთვლი, მაგრამ კაცმა რომ თქვას, პროფესიას ჰგავს.

– ანუ, პოეტობა ისწავლება?

– არა, ვერ ისწავლი, მაგრამ პოეზიას რომ შეიგრძნობ, უკვე პროფესიონალი ხარ!

– პოეტობა ის პროფესიაა, რითიც ადამიანს ცხოვრება და ოჯახის რჩენა შეუძლია?

– ნორმალური კაცი ამაზე ვერ იფიქრებს…

– „ნორმალური კაცი“ რას ნიშნავს?

– ნორმალური კაცი ისაა, ვინც არ გიჟდება და არ ფიქრობს, ყველაფრით ფული უნდა ვიშოვოო. შემოქმედი თუ იტყვის, ლექსს იმიტომ ვწერ, ან იმიტომ ვხატავ, რომ ფული ვიშოვოო, ის ჭეშმარიტი შემოქმედი არაა, არც ლექსი ექნება და არც ნახატი, თუმცა ისე მოხდა, რომ პოეტობით ვცხოვრობ – ხშირად „ვიბეჭდებოდი“ და წიგნებსაც გამოვცემდი. სხვათა შორის, მაშინ თითო სტრიქონი 8-დან 10-12 მანეთამდე ღირდა.

– ვაუ!

– მართალია, რედაქტორიც ვიყავი, მაგრამ ჩემი მთავარი შემოსავალი მაინც წიგნების ჰონორარი იყო…

– პირველი ჰონორარი გახსოვთ?

– კი, მახსოვს… მეგობრები დავპატიჟე, წავედით და პური ვჭამეთ.

– მაშინ რამდენი წლის იყავით?

– 18-ის.

– ესე იგი, სკოლა უკვე დამთავრებული გქონდათ, არა?

– არა, სკოლა 19 წლისამ დავამთავრე.

– რატომ?

– გვიან შევედი…

jac

– ბატონო ჯანსუღ, ლექსის წერას დიპლომი არ სჭირდება, თან თქვენგან ისიც ხშირად მსმენია, ჟურნალისტობა და მწერლობა-პოეტობა სხვადასხვა რამეაო. ჰოდა, ჟურნალისტიკაზე რატომ ჩააბარეთ? ან შინ არ გეუბნებოდნენ, ლექსები წერე, მაგრამ რამე პროფესია შეიძინეო?

– არა, ეს არასოდეს უთქვამთ. ჟურნალისტიკაზე კი იმიტომ ჩავაბარე, რომ ეს პროფესია პოეზიასთან მაინც ახლოსაა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ფრიადებზე დავამთავრე და უამრავი ჟურნალ-გაზეთის რედაქტორი ვიყავი, არასოდეს მიოცნებია, ჟურალისტი ვყოფილიყავი, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი, ასე ვთქვათ, პროფესია პოეტობაა!

– თუკი ჟურნალისტობაზე არ ოცნებობდით, აბა, რედაქტორობაზე რატომ თანხმდებოდით?

– იცი, რატომ ვთანხმდებოდი? – მსიამოვნებდა, რომ ხალხს ლექსებსა თუ მოთხრობებს ვუბეჭდავდი. მაშინ ჟურნალი ძლიერი, ვაჟკაცური იყო და უკან არ იხევდა. საერთოდ, თუ ვაჟკაცი ხარ, ყველა უკან იხევს და შენ მაინც დაიბეჭდები…

– ე. წ. 60-იანელებმა მაშინდელი ჟურნალ-გაზეთები და ლიტერატურული ასპარეზი დაიპყარით, ყველაფერ ამის ფლაგმანი კი, რა თქმა უნდა, თქვენი რედაქტორობით გამომავალი „ცისკარი“ იყო…

– ეს გარკვეულწილად იმ ავტორიტარიზმის დროს ჩვენი ბრძოლის ხერხი, გნებავთ, ეშმაკობა იყო…

– საერთოდ, თქვენს ბიოგრაფიაში ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორობა განსაკუთრებული პერიოდია. „ცისკარი“ მაშინდელ პოლიტიკაზე თუნდაც არაპირდაპირ გავლენას ახდენდა?

– თუ ეს პოლიტიკა ლიტერატურასა და ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული, გავლენას, რა თქმა უნდა, ახდენდა.

– თქვენი დროის „ცისკარი“ მხოლოდ ლიტერატურული კი არა, გარკვეულწილად პოლიტიკური ჟურნალიც იყო, სადაც პოლიტიკური წერილებიც ხშირად იბეჭდებოდა…

– დიახ, იბეჭდებოდა, მაგრამ მაშინდელ ხელისუფლებას არ ვაქებდით…

– ჰოდა, სწორედ ამიტომ ვამბობ, თქვენეული „ცისკარი“ ერთგვარი მეინსტრიმი იყო-მეთქი… როგორ ახერხებდით, რომ ამ მრავალტირაჟიან გამოცემაში საბჭოთა კი არა, ჭეშმარიტ ქართულ იდეოლოგიაზე გესაუბრათ და საზოგადოებაში დამოუკიდებლობის მარცვალი გაგეღვივებინათ?

– ესეც შენი ვაჟკაცობა იყო. თუ უკან არ დაიხევდი და მაინც შენსას „მიერეკებოდი“, უკან თვითონ ცენზურა იხევდა.

– ისე, თქვენს, როგორც იტყვიან, დამორჩილებას ცდილობდნენ?

– კი, მცდელობები ყოფილა, მაგრამ როგორც პოეტი, შემოქმედი და ჟურნალის რედაქტორი ჩემს საქმეს ვაკეთებდი…

– ერთი სიტყვით, გარკვეულწილად ანარქისტი იყავით. საყვეურებს კი გიცხადებდნენ პირად საქმეში შეტანით, მაგრამ რედაქტორობიდან რატომ არ გიშვებდნენ?

– მაგას ვამბობ, როცა უკვე დახვეწილი შემოქმედი ხარ და შენ ფასი იციან, ამ გათავისუფლებით ხალხის წინაშე ისევ მთავრობა წააგებს… გარდა ამისა, დიდი სამეგობრო გყვავდა და ბრძოლის ამ გზაზე ვცდილობდით, ერთმანეთს დავხმარებოდით…

– პოლიტიკური ელიტა იქით იყოს და, ე. წ. შემოქმედებით წრეებში მტრები გყავდათ?

– იცი, საქმე რაშია? – ამ გადასახედიდან, ჩემი უარყოფითი მხარე ის იყო, რომ მტრებს ვერ ვცნობდი, თუმცა მერე მივხვდი, რამდენიმე ადამიანს, ვისაც ახლობლად ვთვლიდი, თურმე, არ ვყვარებივარ!

– როგორ მიხვდით?

– როგორ და, – თავი ძალანებურად გაამჟღავნა. არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამ?!

– მოდით, ის მიამბეთ, „მერვე პოლკმა“ ჟურნალი „ცისკარი“ „შტირებით“ რომ დახვრიტა…

– განსაკუთრებით რეზო ჯაფარიძისა და აკაკი ბაქრაძის წერილები არ მოეწონათ.

– წერლები რას ეხებოდა?

– საბჭოთა წყობის წინააღმდეგ იყო… რამდენჯერმე მითხრეს, ბიჭო, ასეთი რაღაცების დაბეჭდვას თავს არ დაანებებო, მაგრამ მაინც ჩემსას „მივერეკებოდი“… მოკლედ, სტამბიდან დამირეკეს და მითხრეს, ბატონო ჯანსუღ, იქნებ, მოხვიდეთ, „მერვე პოლკი“ „ცისკარს“ ხვრეტსო. წავედი, მაგრამ მთელი ტირაჟი დახეული იყო და რამდენიმე ეზგემპლარი სტამბის მუშებმა გადაარჩინეს…

– ამ დროს ცეკა-ს მდივანი ვასილ მჟავანაძე იყო?

– დიახ…  ვგრძნობდი, რომ ამ წერილების გამოქვეყნების გამო რაღაცას ჩაიდენდნენ, მაგრამ სიმართლე გითხრა, არ მეგონა, თუ ჟურნალს დახვერტდნენ…

– პოლიტიკური ნიშნით გასამართლებული ოტია პაჭკორია, როგორც ვიცი, „ცისკარში“, 70-იან წლებში, ჯერ პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი, მოდგილედ წაიყვანეთ, არა?

– დიახ… ოტია ნიჭიერი, ჭკვიანი, კეთილშობილი კაცი იყო და ფეხზე დავიკიდე, გასამართლებული რატომ იყო.

– ანუ, ასეთ რაღაცებს განგებ აკეთებდით?

– დიახ.

– რატომ?

– მინდოდა, ქვეყანას გაეგო, ვის რა შეეძლო.

jas12

– ბატონო ჯანსუღ, გაბედული რომ არ ყოფილიყავით, 70-იან წლებში ვერ დაწერდით, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო, მაგრამ ოჯახი გქონდათ, შვილები გყავდათ და არ გეშინოდათ, რომ თქვენს გამო შური მათზე ეძიათ?

– არა, ამის შიში არასოდეს მქონია!..

– სამ-სამი წლის გამოტოვებით, თქვენს წინღმდეგ, როგორც არქივს გადავხედე, გაზეთ „კომუნისტში“ სამი წერლი გამოქვეყნდა. ერთ-ერთის ავტორი გაზეთ „სამშობლოს“ მაშინდელი რეადქტორი გივი კარბელაშვილი იყო, რომელიც წერდა, ჩარკვიანი თავისი ანტისაბჭოთა ლექსებით საბჭოთა ახალგაზრდობას რყვნისო… ამასობაში, 80-იანი წლებიც დადგა და ეროვნულმა მოძრაობამ იფეთქა. ცნობილია:  9 აპრილის, მიტინგის დარბევის კატეგორიული წინააღმდეგი იყავით და წინა დღეს მაშინდელ ელიტას, აქტივის კრებაზე მიმართეთ კიდეც, ხალხო, რას აკეთებთო, თუმცა ეს კადრები „პირველი არხის“ არქივიდან ვიღაცამ მიზანმიმართულად გააქრო. სხვათა შორის, ამაზე ჯუმბერ პატიაშვილის დაკითხვის სტენოგრაფიულ ჩანაწერში ნათქვამი… მანამდე კი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბები მოხდა: თუნდაც ის რად ღირს, რომ ერთადერთი იყავით, ვინც ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვას ხელი არ მოაწერეთ…

– ეს პიროვნული ხასიათია – ასე მაშინ იქცევი, თუ თავისუფალი ხარ, სამშობლო გიყვარს და სიმართლეს ემსახურები.

– მაშინ ხომ სამშბოლო საბჭოთა კავშირი იყო?

– არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი სამშობლო საბჭოთა კავშირი იყო. საბჭოთა კავშირი ის იყო, რითიც ჩემი საწყალი საქართველო იმართებოდა!..

– ისე, ბატონო ჯანსუღ, უცებ თქვენი ცნობილი ხუმრობა – „ინაურები და შიანურები“ გამახსენდა…

– (იღიმება) 1956 წლის 9 მარტის მიტინგზე სიტყვით გამოვედი და ვთქვი, თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს-მეთქი.

– მაშინ ძალიან ახალგაზრდა იქნებოდით…

– დიახ… მაშინ ამის თქმა ძნელი იყო… დოდო ჭიჭინაძის ძმა, რეზო ჩვენი ძმაკაცი იყო, მასთან სტუმრად ვიყავი და იქიდან რომ მოვდიოდი, ქუჩაში დამიჭირეს და „კა-გე-ბე“-ში წამიყვანეს. აღარ მახსოვს, ვინ იყო, მაგრამ მინისტრის მოადგილესთან შემიყვანეს, რომელიც მეუბნება, გავიგეთ, გითქვამს, თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოსო და მართალიაო? მივუგე, რა, საქართველო თავისუფალი არაა-მეთქი?! აუ, შენთან ლაპარაკი არ შეიძლებაო და ამ კაცმა ინაურს დაურეკა, ასე და ასეა საქმეო. ამასობაში, ირაკლი აბაშიძემ დარეკა, ჯანსუღი გყოლიათ და რა მოხდაო. აუხსნეს, იმიტომ დავიჭირეთ, რომ თქვა, თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოსო. ჩვენ შვილებს ვასწავლით, რომ საქართველო თავისუფალია და არ არისო?! – გაოცდა ირაკლი აბაშიძე. თქვენ რა ერთნაირად აზროვნებთო და ირაკლის წყალობით გამომიშვეს…

– წეღან მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდიას გარიცხვა ვახსენე. ვინმემ იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდით?

– არა. ისე, ზევიდან ოფიციალურად არავის უთქვამს, ზვიადი მწერალთა კავშირიდან უნდა გაირიცხოსო.

– აბა?

– იყვნენ ადამიანები, ვინც ჩათვალეს, კარგი იქნება, თუ ასე მოვიქცევითო.

– ანუ, ამ ადამიანებს უნდოდათ, რომ ვიღაცებისთვის „კოჭი გაეგორებინათ“, არა?

– ასე გამოდის… მოკლედ, ვთქვი, ამას ხელს არ მოვაწერ-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ერთდაერთი ვიყავი, ვინც ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვას ხელი არ მოაწერა.

– და გარიცხვის დოკუმენტს ხელი რა, ასე ვთქვათ, მოტივით არ მოაწერეთ?

– რა მოტივით და, – ვაჟკაცობით. ასეთ უბედურებაზე ხელს არ მოვაწერდი და ამით ჩემს ბიოგრაფიას არ შევრისხავდი!

– სხვათა შორის, ისიც თქვენი დამსახურებაა, კოკო გამსახურდია ავღანეთში რომ არ გააგზავნეს…

– დიხ… ზვიადის მამიდა მოვიდა და მითხრა, ასეთი ამბავია და რა ვქნათო. იმ წუთას შევარდნაძეს დავურეკე, ასე და ასეა საქმე-მეთქი. მომიგო, ყველაფერი კარგად იქნებაო…

– გარდა იმისა, რომ გადასახელბიდან ირაკლი წერეთელმა წერილი გამოგიგზავნათ და მადლობა გადაგიხადათ, ეროვნული მოძრაობის პირველ მიტინგებზე ზვიდთან ერთად იდექით და ამის კადრები ინტერნეტშიც არსებობს…

– დიახ, ირაკლი წერეთელი ძალიან მიყვარს… მახსოვს, ზვიადი მეუბნებოდა ხოლმე, პირველი სიტყვა შენ თქვიო…

– მაშ, მერე რა მოხდა, 90-იან წლებში „ზვიადისტები“ რატომ დაგიპირისპირდნენ?

– „ზვიადისტი“ ვერ გავხდი…

– იქნებ, სპეცსამსახურმა იმუშავა, რომ თქვენი ურთიერთობა გაფუჭებულიყო?

– ეგეც იყო… საერთოდ, არასოდეს „არავისტი“ არ ვყოფილვარ… იყვნენ „ტროცკისტები“, „სტალინელები“, „ლენინელები“ და „ვიღაცისტები“, მაგრამ ტერმინი „შევარდნაძისტი“ არ დამკვიდრდა.

aseree

– ანუ, „შევარდნაძისტი“ არ ყოფილხართ?

– არა, უბრალოდ, ამ კაცს ბევრ რაღაცაში ვემხრობოდი. ჩვენ მეგობრები ვიყავით…

– ჯერ კიდევ მაშინ დამეგობრდით, ვიდრე შევარდნაძე ცეკა-ს მდივანი გახდებოდა, არა?

– დიახ. სხვათა შორის, შევარდნაძეს არასოდეს უკადრია, ეთქვა, ჯანსუღ, ხელი მოაწერე, ან ეს გააკეთეო. ყველაფერზე ჩემი წარმოდგენა და აზრი მქონდა…

– ეროვნული მთავრობის დროს, ე. წ. შავ სიაში მართლა იყავით?

– რას გაიგებ, შენი ჭირიმე…

– ასეა თუ ისე, ბატონო ჯანსუღ, ქვეყნისთვის გადამწყვეტ ნებისმიერ მომენტში თქვენს სიტყვას ამბობთ. მაგალითად, საქართველოს „ეს-ენ-გე“-ში შესვლას მხარი არ დაუჭირეთ, თუმცა მანამდე იცით, რა მითხართ? – რამ გათქმევინათ, ან რას გულისხმობდით, ვისი ვიოლინო ვის როიალშიაო?

– ქვეყანამ იცის, რასაც ვგულისხმობ!

– მაინც?

 (იცინის) ვისი „ის“ ვის „იმაშია“ – ამას ვგულისხმობ და მეტს არაფერს.

– წეღან, „ეს-ენ-გე“-ში შესვლაზე თქვენი ცნობილი ხუმრობა ვახსენე…

– პარლამენტში ჩემს გვერდით აკადემიკოსი ნოდარ ამაღლობელი იჯდა, რომელმაც მკითხა, რას შვრები, ჯანსუღ, ხელს აწერო? არა-მეთქი, მივუგე. მაშინ არც მე მოვაწერ, ჩემი თვი გენაცვალოსო. ჰოდა, იქვე დავწერე:

ასე გვითხრა შევარდნაძემ,

ტრიბუნაზე შემდგარმა,

შეხვალთ? – დედა მოგე..კვლებათ,

არ შეხვალთ და – დედ-მამა.

– ეს ფუნაგორია, როგორც ვიცი, იმავე წამს მთელ პარლამენტში გავრცელდა…

– ედუარდს გავუგზავნე. ჰოდა, ედუარდმა დამიძახა, მოდიო. მივედი, რა იყო-მეთქი. სიცილით მითხრა, ბიჭო, ეს რა თქვი, დედა მაინც მიჩვეულია და მამა რა შუაშიაო…

– ბავშვობა და ახალგაზრდობა საბჭოთა კავშირში გაატარეთ და რატომ არ გინდოდათ, რომ საქართველო „ეს-ენ-გე“-ში შესულიყო?

– სულ მინდოდა, რომ საქართველო თავისუფალი ყოფილიყო! მომწონს, რომ „ეს-ენ-გე“-ში შესვლას ხელი არ მოვაწერე და ესეც ჩემი ბიოგრაფიაა!

– ბატონო ჯანსუღ, ნატო რატომ მოგწონთ?

– იმიტომ მომწონს, რომ ვფქირობ, ნატო საქართველოდან რუსის ჯარს გაუშვებს! ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთი დამპყრობელია, ნატო კი, – რუსეთის საშინელი პოლიტიკის მოწინააღმდეგე!

– ახლა გამახსენდა: ბელა ახმადულინას მოსკოვში აკრძალული წიგნი თბილისში დაბეჭდეთ… დისიდენტი რატომ არ გახდით, ბატონო ჯანსუღ?

– ყველას ბრძოლის თავისი ფორმა ჰქონდა… თუ იმ დროის წინაღმდეგი ვინმე ხელოვანი იყო, ერთ-ერთი მეც ვიყავი.

– ვიღაცებმა „თვითმფრინავის ბიჭების“ არდახვრეტის მოთხოვნას ჯერ ხელი მოაწერეს, მერე, ხელმოწერები უკან წაიღეს. თქვენ კი, ბოლომდე ითხოვდით, რომ არ დაეხვრიტათ…

– იცი, საქმე რაშია? – თუ ადამიანი ხარ, შენი ბიოგრაფია უნდა გქონდეს და ცდილობდე, შთამომავლობამ შენზე საშინელება არ თქვას! როგორ შეიძლება, ადამიანის დახვრეტას ხელი მოაწერო? მთელი ცხოვრება ადამიანების ციხიდან გამოშვებას ვემხორობი, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებიც მხოლოდ დაჭერაზე „მუშაობენ“ და ჩვენს შორის ეს განსხვავებაა!

– ბატონო ჯანსუღ, გული რამეზე გწყდებათ?

– გული იმაზე მწყდება, რომ ადამიანები კაცურ კაცობასა და სამეგობროს ღალატობენ!  ბიჭო, რომელი ხელისუფლებაც მოვა, იმის როგორ უნდა გახდე? შენ შენ იყავი, რა?! მიმხრობა გასაგებია, მაგრამ „ამისტი“ და „იმისტი“ ვერ წარმომიდგენია – ასეთები ცუდი ადამიანები არიან! შევარდნაძეს ბევრ რაღაცაში ვემხრობოდი. ხომ გითხრი, სიყრმის მეგობრები ვიყავით-მეთქი და მომწონს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევაში დიდი წვლილი შეიტანა…

– ისე, პოეტი კონიუქტურას უნდა ემორჩილებოდეს?

– არა! პოეტი საკუთარ თავს უნდა ეკუთვნოდეს!

– დღევანდელი საქართველო მოგწონთ?

– ამდაგვარი ცუდი საქართველო არ მინახავს! ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა, უბედურება იყო.

– და რაც დღეს ხდება, ბედნიერებაა?

– რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ახლა ხელისუფლება მკვლელობებს არ ჩადის, თუმცა ისიც ფაქტია: ბევრ რამეში ეშლება.

– …ბედნიერი მამა ხართ, ბატონო ჯანსუღ?

– იცი, საქმე რაშია? – ჩემი შვილები მეამაყებიან, რადგან სიკეთეს ემსახურებიან. ავიღოთ, მაგალითად, მამუკა, ხომ ვიცი, ზოგიერთი მაგისდროინდელი თუ მანამდელი მთავრობაში ძვრებოდა, მამუკას კი, ეს არასოდეს უკადრია!

რაც შეეხება თაკოს, შეიძლება, თავს პოლიტიკოსობაზე არ დებს, მაგრამ როცა გამოდის, ყოველთვის თავისუფალია!

– მამუკა და თაკო ბავშვობაშიც თავისუფლები იყვნენ?

– კი. სხვათა შორის, არც მე ვიყავი ის კაცი, რომ დამევადებულებინა, გინდა თუ არა, ისე იფიქრეთ, როგორც მე ვფიქრობ-მეთქი…

– ბატონო ჯანსუღ, სახალხო პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ხართ. ეს პასუხსმგებლობას გაკისრებთ?

– პასუხიმგებლობის რა გითხრა, მაგრამ სიხარული არის – ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სახალხო პოეტი გავხდებოდი…

jas12

– ხშირად ამბობთ ხოლმე, იმ ხალხს გაუმარჯოს, ვინც თავისი არსებობით სიცოცხლეს გვიადვილებდა, წავიდა და წასვლას გვიადვილებსო. ყველაზე ძალიან ვინ გენატრებათ და გაკლიათ?

– განსაკუთრებით ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჭილაძე, ზურა ჩილაჩავა და რეზო ინანიშვილი მაკლია. ეს ხალხი ჩემი საძმო იყო, ვისითაც ვცხოვრობდი!

– სხვათა შორის, საქართველოში „პენ-კლუბიც“ თქვენ დააფუძნეთ, არა, ბატონო ჯანსუღ?

– დიახ და, ბუნებრივია, ამის საბუთებიც არსებობს.

– არადა, ვიღაცები თავს „პენ-კლუბის“ დამფუძნებლებად ასაღებენ…

– სისულელეა! ის, ვინც ამას იბრალებს, როგორც ახალგაზრდა, ჩემს მოადგილედ ავიყვანე და სულ არ დავეძებ, ახლა რას იბრალებს…

– ბოლოს, ბატონო ჯანსუღ, თქვენი რწმენის კედელი რა არის?

– მაშინ, 1969 წელს, ადვილი არ იყო, რომ ასეთი თავისუფლებით სავსე პოემა დაგეწერა… „რწმენის კედელი“ ის ლირიკული პოემაა, რომელიც ჩემი შემოქმედებიდან გამორჩეულად მიყვარს…

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

 

დიდი ქართველი პოეტი დღეს დილით ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. რამდენიმე ხნის წინ, მახათას მთაზე პანთეონის განთავსების შესახებ დისკუსიას მან ლექსი მიუძღვნა:

მივმართავ ყველა ქართველსა,

მუსულმანსა და "რუსულმანს",

ვინც წყევლით ანთებს სანთელსა,

ვინც კაცს სიკვდილი უსურვა

დღე დადგა ნაღდი ახვრების,

ჭილყვავი-მართვე ჰგონიათ,

სადაც მე დავიმარხები,

იქ ჩემი პანთეონია.

ახლა კაცი ვარ ფართო ხნის,

ვახ მე,ამ ხალხში რა ვნახე,

მე მიყვარს ბაღი ფორთოხლის-

ჰო და,ამ ბაღში დამმარხეთ

 

ჯანსუღ ჩარკვიანი -ღიმილით







სოციალური ქსელები
კომენტარები



„სამი წლის იყო ირაკლი, როცა პირველად შევამჩნიეთ, რომ ენა დაება“,- გელა ჩარკვიანი „მეფის“ ბავშვობას იხსენებს
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
სააკაშვილის განცხადებით, მის მძღოლს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics