09:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 18:18:53, 3556 ნახვა

სამართალი
საქართველოში მცხოვრები პედაგოგი, რომელსაც წამება ემუქრება - მუსტაფა ემრე ჩაბუქი ექსტრადიციის მოლოდინში

თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი  მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულის მეუღლემ, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და ბრალდებულის ადვოკატმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათ დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და საქმის პოლიტიკურ დატვირთვაზე ისაუბრეს. 

როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, მუსტაფა ემრე ჩაბუქი უდანაშაულო ადამიანია და "ექსტრადირების შემთხვევაში მას წამება ელოდება".

"საკითხი ეხება სრულიად უდანაშაულო ადამიანის ექსტრადირებას თურქეთში. ქვეყანაში სადაც მას ელის წამება და არაადამიანური მოპყრობა. ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ის ეხება იმას, რომ ეს ადამიანი დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთი პარტნიორის წილის გასხვისებას აპირებდა, მინდობილობის საფუძველზე ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანიაზე, რაც არ განხორციელებულა. ამასობაში, ამერიკულ კომპანიას არავინ ედავება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში.

ხოლო, მეორე საკითხი არის ის რომ, ბრალდების თანახმად დანაშაული მოხდა 2017 წლის თებერვალში, ბატონ მუსტაფა ემრე ჩაბუქს არ ედება ბრალი არანაირ გადატრიალებაში და მასში მონაწილეობაში. დანაშაული მათი თვალსაზრისითაც დაიწყო საქართველოში, გაგრძელდა და დასრულდა საქართველოში, ამასთან, კავშირი ჰქონდა აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანიასთან. როგორ არის ეს საკითხი თურქეთთან დაკავშირებული და რის საფუძველზე ითხოვენ თურქეთში მის ექსტრადირებას, ეს ჩვენთვის გაუგებარია", - აღნიშნა ადვოკატმა.

ბარათაშვილის თქმით, დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ საშუალებას, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, რათა თურქი პედაგოგის ექსტრადირება არ მოხდეს.

ამასთან, დაცვის მხარე ლტოვილთა და განსახლების სამინისტროსაც მიმართავს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოვილის სტატუსი მიენიჭოს.

"წყდება ხელისუფლების ღირსების საკითხი, რომელიც ეხება კონკრეტულ უდანაშაულო ადამიანს. თუ ჩაბუქს წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის გავწირავთ, ეს იქნება სირცხვილი. მივმართავთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომ ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს ამ ადამიანს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეჩერდება ექსტრადირების პროცესი. საჭიროების შემთხვევაში, რასაკვირველია გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მივმართავთ ყველა სათანადო ორგანოს, მათ შორის იუსტიციის მინისტრს და პროკურორს. საქმის კურსშია სახალხო დამცველიც. დაინტერესებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მთელი საზოგადოება უნდა იყოს აღნიშნულ საკითხში ჩართული. ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარესთან, ძლიერ მეზობელთან, ურთიერთობა არ უნდა გააფუჭოს, მაგრამ ამის ხარჯზე არ უნდა დაიჩაგროს უდანაშაულო ადამიანი. მას ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და ესეც გასათვალისწინებელია. ამ ყველაფერს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ამაზე არავინ დაობს. თურქული ინფორმაციითაც კი, ჩაბუქს არ ედება ბრალი სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის კუთხით, ბრალი ედება საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს და ამ ქვეყნის ქვემდებარე უნდა გახდეს. ედავებიან ტერორიზმის ხელშეწყობაში, რაც თურქული კანონმდებლობით 314-ე მუხლის მეორე ნაწილით 100 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ვენეციის კომისიამ 314-ე მუხლი მსჯელობის საგნად აქცია. უკვე გავასაჩივრეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ის საფუძველს მოკლებულია", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ბრალდბეულის მეუღლეს თუბა ჩაბუქს იმედი აქვს, რომ საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტრო მათ ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე უარს არ ეტყვის.

"თავშესაფარის მოთხოვნით განაცხადი უნდა შევიტანოთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. დიდი იმედი გვაქვს, რომ უწყება ლტოლვილის სტატუსზე უარს არ გვეტყვის და ამ მოთხოვნას დაგვიკმაყოფილებენ, რადგან საქართველოში წლებია ვცხოვრობთ, არანაირი დარღვევა არ გაგვაჩნია და ვისურვებდით, რომ ამ ქვეყანაში გაგვეგრძელებინა ცხოვრება", - აღნიშნა ჩაბუქმა.

ადვოკატების პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამყარებენ და აცხადებენ, რომ  ექსტრადიცის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-ის წარმომადგენლის შოთა თუთბერიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში პოლიტიკური მოტივი ფიგურირებს.

"საქმეში ეწერება 314 მუხლი თუ რომელიმე სხვა ბრალდება, მნიშვნელოვანია ის, რომ საქმეში არ არის დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ მან ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაული. იმედი გვაქვს რომ სამართლებრივად დადებითად დასრულდება ეს საქმე. ექსტრადიციას არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ჩვენ ვაგრძელებთ საქმეში მონაწილეობას და ადვოკატირებას ვუწევთ. მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური ფასის გადახდაც არ უნდა მოუწიოს საქართველოს, მიგვაჩნია რომ არც ერთ მეზობლურ ურთიერთობას არ უნდა შეეწიროს ადამიანის უფლება", - განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატის პრესკონფერენციას დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დირექტორი ნანა კავთიაშვილიც ესწრებოდა. მან ხელისუფლებას მიმართა, რომ საზოგადოების ღირსების ხარჯზე მსგავსი ტიპის გარიგებებს არ მოაწეროს ხელი.

"მინდა აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხო, რომელიც ჩვენი კოლეჯის ირგვლივ ტრიალებს. მუსტაფა ემრე ჩაბუქს უკვე წლებია ვიცნობ. მასზე უკეთილშობილესი, მასზე ღირსეული, სამართლიანი და პატიოსანი ადამიანი ცხოვრებაში იშვიათად შემხვედრია. ის არის ქველმოქმედი, არის ძალიან სერიოზული საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი საქართველოში. მისი თაოსნობით არა ერთი მასშტაბური პროექტი ჩატარებულა, მათ შორის წლების განმავლობაში ტარდებოდა საერთაშორისო ოლიმპიადა "იპო". ვფიქრობ, მისი ძალისხმევით საქართველოს სახელი შორს გაგვქონდა. დასანანია, რომ საქართველოში დღეს ამ საკითხებზე გვიწევს საუბარი. იმიტომ, რომ მართლმსაჯულება და სამართალი თავის გზას იპოვის და ყველაფერი გაირკვევა. მივმართავთ იუსტიციის მინისტრს და ხელისუფლებას, რომ სათანადო გადაწყვეტილება მიიღონ. სახელმწიფო ვალდებულია ასეთ თემას სათუთად შეეხოს. ასევე მოსახლეობის ღირსების ხარჯზე ასეთი ტიპის გარიგებებს არ მოაწეროს ხელი", - განაცხადა კოლეჯის დირექტორმა.

საქმესთან დაკავშირებით გუშინ სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა. ომბუდსმენი საქართველოს მხარის შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეისწავლოს ბრალდებულების მიმართ თურქეთში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები და გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით იხელმძღვანელოს. ამასთან, უჩა ნანუაშვილის თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის შიში, ექსტრადიციის შემთხვევაში მისი წამების შესახებ, საფუძველს მოკლებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ დემირელის კოლეჯის თანამშრომლები მომხდარს თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს უკავშირებენ. ისინი "ექსპრესნიუსთან" საუბარში აცხადებენ, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 23 მაისს გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ სასწავლო დაწესებულებაში მომუშავე ადამიანების თურქეთში ექსტრადირება მოითხოვა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics