11:31 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 12:03:20, 1211 ნახვა

პოლიტიკა
IDFI-ის ცნობით, სავალდებულო ინფორმაციის 100% მხოლოდ ოთხმა სამინისტრომ გამოაქვეყნა

IDFI-მ  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის მონიტორინგი განახორციელა.

 საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალს. კვლევაში განხილულია სავალდებულოდ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსების პრაქტიკა და ტენდენციები განვლილი 2014 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით.

IDFI-ს ინფორმაციით, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, ოთხმა სამინისტრომ  სავალდებულო ინფორმაციის 100% გამოაქვეყნა. ესენია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

მათივე ცნობით, ინფორმაციის პროაქტიული განთავსების მაღალი მაჩვენებლები ასევე აჩვენეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ - 98%, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ - 93%, იუსტიციის სამინისტრომ - 92% და ფინანსთა სამინისტრომ - 89%.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 47%, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - 50%, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 52% და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 52%.

"2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს პროაქტიული გამოქვეყნების საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით 3%-ით იკლო და 79,2% შეადგინა. მიუხედავად, იმისა რომ აღნიშნული უწყებების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, განსხვავებულ სურათს ვხდებით კონკრეტული დაწესებულებების მაგალითზე.

2014 წელთან შედარებით საკუთარი მაჩვენებელი ყველაზე მეტად გააუარესეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ (-53 %) და გარემოს დაცვის სამინისტრომ (-40%).

მთავრობის ადმინისტრაციის მაჩვენებლის მკვეთრი გაუარესება (100%-დან 47%-მდე კლება) განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, მის ვებგვერდზე აღარ განახლებულა ფინანსური და სხვა ინფორმაციის უდიდესი ნაწილი: (მაგალითად, განხორციელებული შესყიდვები, სახელმწიფო ქონების გასხვისება, რეკლამის ხარჯები, ბიუჯეტის გეგმა და შესრულება, შრომის ანაზღაურება, სამივლინებო ხარჯები, ავტოპარკი და მისი ხარჯები, სატელეკომუნიკაციო ხარჯები, მიღებული და გაცემული გრანტები და სხვა).

სავალდებულო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით გამორჩეულები არიან განათლებისა და მეცნიერების და ენერგეტიკის სამინისტროები, რომლებმაც ორივე 2014 და 2016 წლების მონიტორინგის შედეგად 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს.

სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და კულტურის სამინიტროების მაჩვენებლების გაუმჯობესება განპირობებულია იმით, რომ 2014 წელს მათ ძალიან დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. შესაბამისად, 2015-2016 წლებში შედარებით მცირე მოცულობის ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვნად დადებითად აისახა მათ მაჩვენებელზე. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, აღნიშნულ სამინისტროებში მნიშნელოვანი პრობლემები რჩება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით.

საქართველოში ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების დანერგვიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და სამინისტროების ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, გამოჩნდა რომ კონკრეტული უწყებების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეინიშნება არსებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელსაც 2015-2016 წლებში ფაქტობრივად არანაირი სახის ფინანსური ინფორმაცია არ განუახლებია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პროექტის შემმუშავებელი და დამნერგავი ორგანოს, მიერ 2015-2016 წლების ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით არსებული ვალდებულებების უგულვებელყოფა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მომავალში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მექანიზმის წარმატებით ფუნქციონირებას.

მიუხედავად IDFI-ის არაერთგზის მოწოდებისა მონიტორინგის ობიექტი საჯარო დაწესებულებები უმეტესად ცდილობენ გამოაქვეყნონ მხოლოდ ის მინიმალური ინფორმაცია, რაც დააკმაყოფილებს მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს.

მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროების უმრავლესობა სათანადოდ არ ცდილობენ უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა",- ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია  მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას და სამინისტროებს:

შეასრულონ საქართველოს მთავრობის 2013 წლის N219 დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულებები;

 ინფორმაციის განთავსებისას არ შემოიფარგლონ მხოლოდ მინიმალური ვალდებულებების შესრულებით;

 ინფორმაციის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებით პროაქტიულად განათავსონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნებისმიერი ინფორმაცია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული სამიტი იმართება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, თბილისში ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა გაიხსნა
გვარამია ივანიშვილზე - საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ
ხაბეიშვილი - შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე ტაშის მკვრელებთან ერთად

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics