20:37 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-21 12:56:42, 1361 ნახვა

სხვადასხვა
რა კონტექსტში შეცვალა ილია ჭავჭავაძემ ფრაზა: „მამული, ენა, სარწმუნოება“ - კვლევა

საქართველო რუსეთთან შეერთების დროს არ ყოფილა ერთი პოლიტიკურ-გეოგრაფიული არეალი, 1801 წელს ალექსანდრე I_ის მიერ გამოცხადებული მანიფესტით იმპერიამ მიიერთა ქართლ-კახეთის სამეფო, თუმცა ისტორიული საქართველოს ნაწილი ოსმალეთის შემადგენლობაში რჩებოდა, კავკასიის ტერიტორიაზე რუსეთ-ოსმალეთის ომმა გააჩინა იმის იმედი, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ოსმალებისაგან გათავისუფლდებოდა. თუმცა, ერთ პოლიტიკურ არეალში დაბრუნება კულტურულ დაშორებას თვალსაჩინოს ხდიდა, რაც გამოიხატებოდა რელიგიისა და ენობრივ განსხვავებულობაში, რასაც შესაძლოა, ოსმალეთის წაქეზებითა და რუსი მთავრობის გაუცნობიერებლობით გაეღვივებინა სეპარატისტული ნაპერწკალი ახლად შემოერთებულ ქართველებში, სწორედ ამ საფრთხეს აცნობიერებს ილია ჭავჭავაძე და მის უახლოეს გარემოცვასთან ერთად იწყებს ქართული ცნობიერების გაღვივებას ადგილობრივ მოსახლეობაში. 1878 წლის ნოემბერში ილიას მოუწყვია შეხვედრა მუხრან-ბატონის სასახლეში, სადაც აჭარის ელიტის გარკვეული ნაწილი დანარჩენი საქართველოს ელიტას შეხვდა. [1]

ილია ჭავჭავაძის იდეოლოგია მთელ საქართველოში ვრცელდებოდა, როგორც ,,მამული, ენა, სარწმუნოება’’, ვინაიდან ,,ოსმალოს ქართველებსა’’ და დანარჩენ საქართველოს შორის არსებობდა რელიგიური აღმსარებლობის განსხვავებულობა, ილიამ ამ ლოზუნგში ,,სარწმუნოება’’ ჩაანაცვლა და საბოლოოდ მივიღეთ ,,მამული, ენა და ისტორია’’. ჩემი აზრით, ილიას პოლიტიკა არ უარყოფდა კულტურული დაახლოების პროცესში ქრისტიანობის მნიშვნელობას, ის ქრისტიანობას ძმების გაერთიანების ერთ-ერთ მთავარ ძალად სახავდა, ლოზუნგში ისტორიით ჩანაცვლებული სარწმუნოება ილიას პუბლიცისტიკაში ფაქტიურად სინონიმების სახით გვევლინება.

ილია ,,ოსმალოს საქართველოზე’’ წერას პეტერბურგში, სტუდენტობის პერიოდიდან იწყებს, ჯერ კიდევ 1860 წელს დაწერა ლექსი ,,იანიჩარი’’, შემდგომში პერიოდულად აქვეყნებდა პუბლიცისტიკურ წერილებს, ასევე ამ თემას ეხება ,,შინაური მიმოხილვის’’ სერიაში, მისი და სხვა ავტორების წერილებით/მოგონებებით, ასევე იმ დროინდელი პრესის გამოყენებით, შევეცდები აღვწერო, თუ რა სახის პოლიტიკა ჰქონდა არჩეული ილია ჭავჭავაძეს აჭარაში.

ილია იწყებს ერთობაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ერთ ისტორიას ერისთვის. ,,ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭავლებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა’’ - ილია გაერთიანების მთავარ წინაპირობად საერთო ისტორიასა და წარსულს მიიჩნევს, ახლად შემოერთებულ ქართველებს მათ საერთო ისტორიულ წარსულს ახსენებს და მათი დაშორების მთავარ მიზეზად გარეშე მტრებს: სპარსეთს, ოსმალეთსა და ბიზანტიას ასახელებს. იხსენებს სამცხე-საათაბაგოს მთავრის ბექა III_ის მიერ თავისი ძმისწულის, მანუჩარ III_ის მოწამვლის ფაქტს, [2] რის შემდეგაც ქრისტიანობაზე უარი თქვა და ორ-თუღიანი ფაშობა მიიღო, რამაც ამ კუთხეში ისლამის გავრცელებას ხელი შეუწყო. ილია ერთიანი საქართველოს მონარქის, ბაგრატ III_ის დროს იხსენებს და საქართველოს გაერთიანების პროცესში კლარჯეთის მნიშვნელობას აღნიშნავს. ხაზს უსვამს რომ დღესაც ფარულად აღიარებენ ამ კუთხეში ქრისტიანობას და ქრისტიანულ რიტუალებს: ნათლობასა და ჯვრისწერას აღავლენენ.[3]  საინტერესოა, თუ როგორ ამახვილებს ილია ყურადღებას კლარჯეთის ქრისტიანობაზე, ის საერთო ისტორიის წინა ხაზზე წამოწევის დროს მთელ აქცენტს ამ კუთხის რწმენის სიმტკიცის წარმოჩენას უთმობს, იხსენებს არაბების საქართველოში გამოჩენასა და თბილისის დაკავებას, რის შემდეგადაც თბილისსა და მის შემოგარენში არაბული წიგნების შუამავლობით მაჰმადის რჯულის გავრცელებას მეცადინეობდნენ, ხოლო თანამედროვე კლარჯეთი კი მტკიცედ ინარჩუნებდა ქრისტეს რჯულს, მიმდინარეობდა მონასტრების აგება ქრისტიანული საღმრთო და საერო წიგნების გადაწერა, თანაც ქრისტეს რჯულის უკეთ განსამტკიცებლად სწავლულ ახალგაზრდებს ბერძნებთან აგზავნიდნენ. ჩემი აზრით, ილია,  ისტორიის ამ მონაკვეთის შეფასებისას განზრახ არ ითვალისწინებს ამ ორი კუთხის პოლიტიკურ გარემოს, ვინაიდან არაბების გამოჩენამ აღმოსავლეთ საქართველოში ავტომატურად გამოიწვია ქრისტიანობის ,,დაკნინება’’, ხოლო თანამედროვე კლარჯეთს კი ამგვარი საფრთხე არ დამუქრებია, ილია ერთგვარ ხრიკს მიმართავს, ახსენებს მათ იმ ისტორიულ პერიოდს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო გამაჰმადიანების გზას ადგა, ხოლო კლარჯეთი კი მტკიცედ იდგა ქრისტეს რჯულზე, ხოლო ახლა, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდა, ხოლო კლარჯეთის მკვიდრნი გამუსლიმანდნენ, ამ ორი ძმის გაერთიანებას რელიგიური ფაქტორი ხელს ვერ შეუშლია, ვინაიდან ,,ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარ-ცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც, დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეიერთებს’’.

აღსანიშნავია, რომ აჭარის დაბრუნება საქართველოში კი არა, რუსეთის იმპერიის მფარველობის მფარველობის ქვეშ მოხდა, რაც უფრო ამძაფრებდა გაუცხოების შეგრძნებას, ილია გამოთქვამს შიშს რომ ადგილობრივი რუსის მთავრობა ვერ გაიგებს ადგილობრივების პრობლემებს, რამაც შემდგომში მრავლად იჩინა თავი, ილიას მთავარი მიზანია აჭარის კულტურულად შემოერთების პროცესში მაქსიმალურად ბევრი ქართველი ჩაერთოს.

ილია დიდი მწუხარებით ეხმიანება აჭარისა და ქობულეთის, განსაკუთრებით კი კინტრიშის მაზრის გაჭირვებას.[4] მისი თქმით ომიანობის დროს აქ ერთმანეთს ებრძოდნენ ოსმალოსა და რუსის ჯარი, რის გამოც არცერთი მათგანი არ უფრთხილდებოდა ადგილობრივებს, რამაც მეტად გააღატაკა ისინი, მოსახლეობამ ვერ შეძლო მიწის დათესვა და მოსავლის აღება, ამას თან ერთვოდა პორტო-ფრანკო დაწესებული მაღალი ბაჟი, რაც მოსახლეობას აღებ-მიცემობაში ხელს უშლიდა. კინტრიშის მაზრა იმდენად გაჭირვებული ყოფილა, რომ ამის შესახებ მთავრობასაც კი გამოუცხადებია გაზეთ ,,ГОЛОС''_ში, ილია მთავრობას მოუწოდებს გაათავისუფლოს ხაზინის გადასახადებისგან და ამავდროულად აღმოუჩინოს მათ დახმარება, ასევე ის ქართველებს მოუწოდებს გაზეთ დროებაში შეიტანონ თანხა ადგილობრივების დასახმარებლად, ერთ-ერთ დროების გაზეთში შეტანილი თანხის რაოდენობამ 126 მანეთი და 45 კაპიკიც კი შეადგინა,[5] თანხას იღებდნენ, როგორც წარჩინებული ქართველები ასევე ქალაქის ხელოსნებიც.

ილია ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ ოსმალეთს მიიჩნევს, ოსმალეთის იმპერიული პოლიტიკა აჭარიდან მუსლიმანური მოსახლეობის გახიზვნას გულისხმობდა, რასაც მუჰაჯირობა ეწოდებოდა, თანაც ამ უფლებას 1878 წელს გაფორმებული სან-სტეფანოს ხელშეკრულებაც იცავდა, ისინი მოლების დახმარებით მოსახლეობას ოსმალეთში გადასახლებისკენ მოუწოდებდნენ, ნებაყოფლობით მოწოდებასთან ერთად ზოგიერთი მოლა მათზე რელიგიურადაც ზემოქმედებდა, 1880 წელს, ახმედ-აღა კაიკაციშვილი გაზეთ დროებაში წერს,[6]  რომ მოლებმა აქ თუ მოკვდებით წეს არ აგიღებთო. ამ დროისთვის გ.ნიორაძის ცნობით აჭარაში 200მდე ჯამე და 270ზე მეტი მედრესე უნდა ყოფილიყო, რაც ბუნებრივია მეტ-ნაკლებად ოსლამეთის ინტერესების გამტარებლები იყვნენ. ზემო აჭარიდან  ოსმალეთში მიწების შესარჩევად ,,ელჩებიც’’ კი წასულან, სადაც მეტად თბილად მიუღიათ და ოსმალური პასპორტებიც კი დაურიგებიათ, საბოლოოდ მუჰაჯირობამ ფესვები ღრმად გაიდგა და აჭარიდან საკმაოდ ბევრნი გადასახლდნენ ოსმალეთში, თუმცა იქ ჩასული აჭარლების ყოფა უკეთესობისკენ არ შეცვლილა, რასაც მოწმობს გადასახლებული აჭარელის მიერ შვილისთვის გაგზავნილი წერილი: ,,შვილო მევლუდ, ცოტა ფარა მიშველე და მე მაშინვე წამოვალ, ყველა გააფრთხილე, მანდ სიკვდილი ჯობია, უბედურება ვნახე, დაიღუპა ჩვენი საქმე’’.[7] ასევე ხოჯები ხალხს არწმუნებდნენ, რომ რუსები აჭარლებს გაარუსებდნენ და ქონებასაც წაართმევდნენ. ასევე ზემო აჭარაში ხოჯები თავს ოსმალეთის მიერ დანიშნულ მოსამართლეებადაც კი ასაღებდნენ. ყოველი ამას კი რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველები არაფერს უპირისპირებდნენ, მეტიც, რუსის მთავრობამ ამ ხალხს თათრები დაარქვა და ენაც თურქული დაუწესა.[8]

    რუსების ამგვარი გაუფრთხილებლობა ქართველ არისტოკრატიას არ გამორჩენია, ბუნებრივია კულტურული გაერთიანება ბუნებრივი გზით ვერ მოხერხდებოდა და ერთგვარი პოლიტიკის შემუშავება იყო საჭირო, ილია ამის საუკეთესო გზად აკაკი წერეთელის სიტყვებს იშველიებს,[9] ,,სწავლა, ცოდა და მეცნიერება’’, რის შემდეგაც აჭარაში იგეგმება პირველი ქართული სკოლის გახსნა, კერძოდ კი ბათუმში. სკოლა 1881 წლის 23 მარტს გაიხსნა, სკოლაში ისწავლებოდა: საღვთო წერილი(2სთ), თათრული ენა და მაჰმადის რჯული(5სთ), რუსული ენა(3სთ), ქართული ენა(6სთ). სკოლის პირველი ხელნძღვანელი და  მასწავლებელი ალექსანდრე ნანეიშვილი იყო.  სკოლის ძირითადი მიზანი მაჰმადიანი მოსწავლეების მიღება იყო, თუმცა ეს საკითხი სკოლის არსებობის განმავლობაში მუდამ პრობლემას წარმოადგენდა, მაჰმადიანი რჯულის მატარებელი ბავშვების რაოდენობა კლასში მუდამ მცირე იყო და ხშირადაც თვეობითაც კი აცდენდენ სკოლას. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ცდილობდა მუსულმანური სარწმუნოების მასწავლებლად დაენიშნათ ისეთი ვინმე, ვინც ქართველობის მოსიყვარულე იქნებოდა, კარგად ეცოდინებოდა ქართული ენა და ამავდროულად გავლენა ექნებოდა ხალხში, რათა მოეზიდა ბავშვები სკოლაში, ესეთ მასწავლებლად კი მაჭახელაში მცხოვრები ხოჯა სულეიმან ეფენდი იქნა შერჩეული. სკოლის მოსწავლეების რაოდენობა იზრდებოდა, თუმცა მაჰმადიანი ბავშვების რაოდენობა მაინც მწირი რჩებოდა, 1882 წლის 4 თებერვალს ა.ნინეიშვილი იტყობინება, რომ მაჰმადიანი ბავშვები სკოლაში აღარ დადიან, ხოლო 1883 წლის ზამთრის დასაწყისში მოსწავლეთა რაოდენობა იმდენად გაზრდილა, რომ დილის და შუადღის ცვლის გაკეთებაც კი გამხდარა საჭირო. სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მისი მდებარეობა სახელდებოდა, ვინაიდან ბათუმი ზემო-აჭარისგან დაშორებული იყო მშობლებს შვილის ამ სკოლაში შეყვანა არ შეეძლოთ. 1882 წლის 15 ივნის სკოლა მ.ნათაძემ გადაიბარა, მან ბათუმის მოწინავე მაჰმადიანები შეკრიბა და პირობა დაადებინა, რომ ბავშვებს ამ სკოლაში შეიყვანდნენ, მათი თქმით თუ სკოლა საერთო საცხოვრებელს გამართავდნენ, ახლო მდებარე სოფლებიდან 200 ბავშვის შეგროვებას შეძლებდნენ. ამ პერიოდში მაღალმთიან აჭარაში გ.ნიორაძის ცნობით 270ზე მეტი მედრესე ყოფილა, სადაც ბავშვებს განათლების მიღება შეეძლოთ და ბუნებრივია უფრო შორს, ბათუმში, შვილებს არავინ გამოაგზავნიდა. ბათუმის სკოლის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, 1881 წლის 23 მარტიდან, 1892 წლამდე 20 000 მანეთზე მეტი დაიხარჯა სკოლის შესანახად, სკოლის შესანახი თანხების შესაგროვებლად ხშირად იმართებოდა საქველმოქმედო საღამოები აჭარაში, ამ მხრივ ტრადიციადად კი დამკვიდრებულა (ძველი სტილით) 14 იანვარს, ნინოობას გამართული საღამო, სადაც ხშირად ჩამოდიოდა ილია ჭავჭავაძე. ილია ცდილობდა ხელი შეეწყო იმ ახალგაზრდებისთვის ვინც სწავლით თავს გამოიჩენდა და გიმნაზიაში სწავლის გაგრძელებაში ეხმარებოდა, ამ მხრივ სკოლა წარჩინებით დაუმთავრებიათ: სევერიანი შარაშიძე(ექიმი), ჰაიდარ აბაშიძე(საზოგადო მოღვაწე), ჭოლა(ნიკო) ბერძენიშვინილი(აკადემიკოსი).....

რუსი მთავრობის ადგილობრივების გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ სკოლის შემოწმებისას, ერთ-ერთ რუს მოხელეს, გვარად სლავინსკის დაუწერია შენიშვნა ,,რა უფლებით ჰხურავთ მაჰმადიანებს ფესფები კლასში’’, ბუნებრივია სკოლის ხელმძღვანელები ამგვარ შენიშვნებზე პასუხის მისაღებად ილიასთან აგზავნიდნენ, ილია კი ამ შენიშვნებს უყურადღებოდ ტოვებდა.

 ასევე რუსის მთავრობასა და ილიას შორის დავას იწვევდა რუსული ენის სწავლების საკითხი, ილია ზოგადად რუსული ენის სწავლების მომხრე იყო, თუმცა ამ შემთხვევაში ერჩივნა რუსული ენის სწავლება დაწყებითის ნაცვლად მომდევნო კლასებში დაეწყოთ, ამის მიზეზად კი ადგილობრივების ეჭვს ასახელებს, ,,იქაურმა კაცმა არ იფიქროს სკოლა, სწავლა, განათლების გარდა სხვა რამესაც ემსახურებაო’’. მას მიაჩნდა, რომ თუ სწავლა რუსულად წარიმართებოდა ადგილობრივები იფიქრებდნენ, რომ  სკოლა მათი რჯულის შეცვლას ისახავდა მიზნად.

ილია ასევე აქტიურად ეხმიანებოდა ბათუმის პოლიტიკურ ცხოვრებასაც, 1895 წელს, საარჩევნო პერიოდში საგანგებოდ ჩამოსულა ბათუმში, საარჩევნო დარბაზში თვალსაჩინო ადგილას სავარძელში მოთავსებულა და არჩევნების მსვლელობას აკვირდებოდა, ამ არჩევნებში ილიას ,,კანდიდატმა’’ ლუკა ასათიანმა გაიმარჯვა. ილია ასევე ცდილობდა ბათუმის განაშენიანება მომხდარიყო ევროპულ ყაიდაზე, დაწყებულიყო ევროპული სტილის შენობებისა და წყალგაყვანილობის ღარების მშენებლობა. ილია დაუკავშირდა ვაჭარ ზუბალაშვილებსა და საბაშვილებს, ისინი ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ, მათგან მიღებული ფულადი დახმარების განკარგვა კი ლ.ასათიანმა და ბრ.ვოლსკიმ ითავა. ამ პერიოდში იქნა ბათუმის ღვთისშობლის სახელობის ეკლესიის მოხატვა, (კათოლიკური ეკლესია). ასევე ბათუმელი თამბაქოს გადამამუშავებელი ქარხანის მეპატრონის, ბინიატოღლის დაფინანსებით მოხდა ევროპული ყაიდის მაღალი შენობების აგება. ამ პერიოდშივე აგებულა ბათუმის სახელმწიფო ბანკი და ფოსტის შენობა.

       1878 წლის სან-სტეფანოს ზავის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა ისტორიული ტერიტოტია, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობასა და დანარჩენ ქართველებს შორის სარწმუნოებრივმა განსხვავებულობამ, რუსი მთავრობის გაუცნობიერებლომა და ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკამ მაღალმთიან აჭარაში გამოიწვია მუჰაჯირობის პრეცედენტი, იმ დროინდელ არისტოკრატიას ყოველივე ეს არ გამორჩენია და ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაიწყო ,,ახლად შემოერთებული ძმების’’ კულტური დაახლოება, ილია ზრუნავდა აჭარაში ქართული სკოლების გამართვასა და ფუნქციონირებაზე, მხარს უჭერდა ადგილობრივ არჩევნებში პროქართულ კანდიდატებს და ზრუნავდა ბათუმის, როგორც ქალაქის ევროპულად განაშენიებას. მისი ცნობილი ფრაზა ,,მამული, ენა, სარწმუნოება’’ მან აჭარაში განაცხადა, როგორც ,,მამული, ენა, ისტორია’’, თუმცა მისივე პუბლიცისტიკის შინაარსში სიტყვებია ისტორია და სარწმუნოება ერთმანეთის სინონიმებად გვევლინება.

კვლევის ავტორი: 

ბიზანტიური ფილოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტი

ცოტნე ირემაძე

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ილია ჭავჭავაძე. ოსმალოს საქართველო. თბ.1877წელი

2. ილია ჭავჭავაძე. შინაური მიმოხივლა I. თბ. 1879წ/იანვარი

3. ილია ჭავჭავაძე. შინაური მიმოხილვა II’. თბ.1879წ/თებერვალი

4. გივი ნიორაძე. პირველი ქართული სკოლა ბათუმში.

5. დ.ნაცვლაძე. ილია ჭავჭავაძე და აჭარა. 1957წელი.

6. დავით წოწლიკაური. ლიტერატურული ნაკრვევები.

7. შ.ნიჟარაძე. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია, თბილისი #2,1979წ. გვ5/15

8. ლადა შარაშიძე. ნარკვევები/მოგონებები. 1990წელი.  გამომცემლობა საბჭოთა აჭარა.

9. გაზეთი აჭარა. 1999წ. #2

10. ჟურნალი ჭოროხი. 1978წ. #3

11. გაზეთი კოლმეურნე. 1978წ. 3/VI. (ემინე გორგილაძე).

12. გაზეთი დროება. 1879წ. #32

13.გაზეთი დროება. 1881წ. #227

 


[1] საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია, თბილისი. შ.ნიჟარაძე გვ 5/15.

[2]  გ.მელიქიშვილი-,,საქართველოს ისტორიის ნარკვევები’’. ტომი IV.

[3]  ილია ჭავჭავაძე-,,ოსმალოს საქართველო’’ 1877წელი.

[4] ილია ჭავჭავაძე-,,შინაური მიმოხილვა II’’. 1879წლის თებერვალი.

[5] გაზეთი დროება, #32. 1879წელი.

[6] დ.ნაცვლაძე-,,ილია ჭავჭავაძე და აჭარა’’. 1957წელი.

[7] ჟურნალი ჭოროხი #3, 1978წელი. შ.ნიჟარაძე გვ 63/81.

[8] დ.ნაცვლაძე-,,ილია ჭავჭავაძე და აჭარა’’. 1957წელი.

[9] ილია ჭავჭავაძე-,,შინაური მიმოხილვა I’’, 1879წელი/იანვარი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]
ბაჩიაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე ძალადობა არ გამოუვა - არა რუსულ კანონს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics