18:16 - 19 Nov, 2017
2017-11-11 14:50:38, 378 ნახვა
„როცა ოჯახი გიღებს, სხვების აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს“ - ყოფილი პატიმარი

ქუთაისში ყოველი წლის 2 მაისს გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს ქალაქის ქუჩები გვირილებითაა მოფენილი, სამკერდე ნიშნებადაც თეთრ გვირილებს იბნევენ. ამ გვირილებს ყოფილი პატიმარი, 56 წლის ჯულიეტა (ნანა) ფხაკაძე მუყაოსა და ქაღალდებისგან ამზადებს. ხელსაქმით საპყრობილეში ყოფნის დროს დაინტერესდა. ამბობს, რომ რეალობას ფხიზლად უყურებს და იცოდა, თუ წინასწარ არ იფიქრებდა სამომავლო საქმიანობაზე, გათავისუფლების შემდეგ გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდებოდა.

საპყრობილეში ისწავლა მძივებით სამკაულების კეთებაც. პროფესიით ბუღალტერია და ციხეში მოხვედრამდე ბუღალტრად მუშაობდა.

ჯულიეტამ შეისწავლა ქვილინგის ტექნოლოგია – ქაღალდებით დეკორატიული ნივთების დამზადება. ფერად ქაღალდებს ყიდულობს, მოსაწვევ ბარათებს, ღონისძიებებისთვის სამკერდე ნიშნებს აკეთებს, ასევე დროშებს, ჩოხებს, ეროვნულ სიმბოლოებს, რომლებსაც ტურისტები ყიდულობენ. მოსწონს თავისი საქმე  და მუშაობის პროცესი სიამოვნებს. სხვადასხვა ფორმის დამზადებას ქაღალდის  განსხვავებულად დაჭრა სჭირდება. ქაღალდის საჭრელი აპარატი ჯულიეტას „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის ფარგლებში გადასცეს. პარალელურად მაღაზიაში ბუღალტრადაც მუშაობს, თან მძივებს და სამაჯურებს აკეთებს ნახევრად ძვირფასი ქვებისგან. ჯულიეტა ფხაკაძის სამკაულებს სამოსის მაღაზიებში კაბებთან ერთად ყიდიან.


ქვილინგის ტექნოლოგია. ფოტო: ჯულიეტა ფხაკაძის ფეისბუქგვერდიდან

 

      
ქვილინგის ტექნოლოგია. ფოტო: ჯულიეტა ფხაკაძის ფეისბუქგვერდიდან

სანამ ქვილინგის ტექნოლოგიას დაეუფლებოდა და სამკაულების კეთებას დაიწყებდა, ჯულიეტა (ნანა) ფხაკაძემ რთული პერიოდი გაიარა.

„2009 წელს 260-ე მუხლით გამასამართლეს და 15 წელი მომისაჯეს. ამნისტია შემეხო და 6 წელიწადში გავთავისუფლდი. ჩემი მეუღლეც პატიმარი იყო, 108-ე მუხლით გასამართლდა, 13 წელი ჰქონდა მისჯილი.  რომ დამიჭირეს, ბიჭი დიდი იყო და მონასტერში ცხოვრობდა, გოგონა მინდობით იზრდებოდა  თვრამეტ წლამდე. ახლა 21 წლისაა, შშმ პირია და დახმარების გარეშე გადაადგილება უჭირს.

საერთოდ, ყველა პატიმარი, ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის, შეწყალებას ელოდება და მეც ასე ვიყავი. 2015-ში გამოვედი.

მატროსოვის ციხეზე სიბინძურეში, ბარაკებში ვცხოვრობდით, მერე რუსთავში გადაგვიყვანეს, შედარებით ნორმალურ პირობებში, სადაც ცალ-ცალკე საკნები გვქონდა. ამნისტიამდე 1500 ქალი პატიმარი ვიყავით. ძირითადად „ბალანდა“ იყო ჩვენი ყოველდღიური  საკვები.

ადენოკარცენომის დიაგნოზი დამისვეს, რაც კუჭის კიბოს ნიშნავს. ოპერაცია დამჭირდა, მეტასტაზები არ იყო წასული, გამიმართლა და გადავრჩი. კუჭი ვეღარ ფუნქციონირებდა და  მთელი ორგანიზმი მომეშხამა, ამას დაემატა ციხეში შეყრილი B ჰეპატიტიც.

მთავრობის შეცვლის შემდეგ კერძები გაამრავალფეროვნეს. ციხის დირექტორის ბრძანებით კერძებს ცალკე მიმზადებდნენ, მოხარშულ, უმარილო წიწიბურასა და მოხარშულ კარტოფილს, თუმცა ამასაც ვერ ვჭამდი. ციხის ექიმები ვერ აუდიოდნენ ჯანმრთელობაშერყეული  პატიმრების ზედამხედველობას, სანამ ექთანი მოვიდოდა, გოგოები თვითონ მიკეთებდნენ ხოლმე ნემსს. დაიძახებდნენ: ნანა ცუდადააო და ყველა ერთად გამორბოდა ჩემკენ, ვინც ნემსის კეთება იცოდა, კრუნჩხვებში რომ არ ჩავვარდნილიყავი. შერყეული ჯანმრთელობის გამო ციხიდან გათავისუფლებულს პენსია დამენიშნა.

ციხეშივე ვგრძნობდი ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროებას, თავს თვითონ ვიმხნევებდი. ძალიან დამეხმარა ფსიქოლოგიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზინტერკონტი“, – ამბობს ჯულიეტა ფხაკაძე.

ის მიიჩნევს, რომ გარემოს და საზოგადოების დამოკიდებულება უმნიშვნელო არ არის, მაგრამ ძლიერს სხვისი აზრი ვერ მართავს და თვითშეფასებაზე არ მოქმედებს გარშემომყოფთა აზრი, თუკი ირგვლივ გყავს ახლობლები, რომლებიც გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ. ყოფილი პატიმარი პირად გამოცდილებას იხსენებს.

„ციხეში მყოფს ძმა არ მელაპარაკებოდა, გაბრაზებული იყო ჩემზე, მაგრამ რომ გავთავისუფლდი, დავურეკე და მაშინვე ჩამოვიდა თბილისში, ქუთაისში ჩამომიყვანა. ქუთაისში რამდენი ადამიანიც ცხოვრობს, იმდენი სხვადასხვა აზრია, ყველას არ მოვეწონები, ყველას არ ვეყვარები, ან რა საჭიროა საკითხის ასე დასმა? მთავარია, ოჯახმა მიგიღოს და დანარჩენს ყურდღებას აღარ აქცევ. ციხიდან გამოსვლისას ყველა ამას ფიქრობს: როგორ მიიღებს ოჯახი და მერე საზოგადოება. ყოველთვის მზად უნდა იყო, რომ ვიღაც მიგიღებს, ვიღაც – არა. მთავარია, თვითონ იყო ბედნიერი იმით, რაც გაქვს. ზოგიერთ ყოფილ პატიმარს ოჯახიც არ იღებს, ასეთ ადამიანებს შევახსენებდი, რომ გააცნობიერონ – არავინ არაფრისგანაა დაზღვეული. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის პატიება, პატიებაა საჭირო და არა შებრალება. მე არ მომწონს, როცა მიბრალებენ, ჩემს შვილზეც არავის ვაძლევ უფლებას თქვას, რომ ცოდოა. ყველას რაღაც უნარი გვაქვს შეზღუდული, გონებრივად, გარეგნულად, ზოგიერთს ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს და ა.შ. ყველას შეიძლება გამოვუძებნოთ რაღაც, რასაც შეზღუდულობად ჩავუთვლით. ჩემი გოგონა კომპიუტერულ გრაფიკას და ბიზნესის მენეჯმენტს სწავლობს კოლეჯში, შაბათ-კვირას ჟურნალისტიკის კურსს გადის. ძალიან ძლიერი გოგოა, რაც ნაწილობრივ ჩემი დამსახურებაცაა, ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი შეუძლია და რასაც მოინდომებს გამოუვა. ასეცაა“.

ყოფილი პატიმარი აპირებს ბუღალტრის კურსები კიდევ ერთხელ გაიაროს და კვალიფიკაცია აიმაღლოს, ქვილინგის დეკორატიულ ტექნოლოგიას და მძივებისგან სამკაულების კეთებას ძველ პროფესიასაც შეუთავსებს. დასაკარგი დრო არ აქვს. ციხეში დაკარგული წლები რომ აინაზღაუროს, ბევრი შრომა და სიახლეებზე ორიენტირებაა საჭირო, რასაც არ უფრთხის. ყველაფრისგან საუკეთესო გამოსავალს ის აქტიურობაში ხედავს.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



„სამი წლის იყო ირაკლი, როცა პირველად შევამჩნიეთ, რომ ენა დაება“,- გელა ჩარკვიანი „მეფის“ ბავშვობას იხსენებს
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
სააკაშვილის განცხადებით, მის მძღოლს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics