01:27 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 07:39:59, 864 ნახვა

საზოგადოება
„მწვანე მუშტი სოციალური და ეკოლოგიური სამართლიანობის მოთხოვნით, ჭიათურაში დღეს აქციას გამართავს

სტუდენტრუი მოძრაობა „მწვანე მუშტი“ დღეს ჭიათურაში აქციას გამართავს და სოციალური და ეკოლოგიურ სამართლიანობას მოითხოვს. მათი ლოზუნგია : „ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს!“,
„დროა ეკოლოგიური პასუხისმგებლობის!“,”შემოუერთდი მწვანე წინააღმდეგობას!“

„2012წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ,საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად,ჩვენი ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ძველ შინაარსს კვლავ მყარად ინარჩუნებს. თანამედროვე საქართველოში მხოლოდ მსხვილი ბიზნეს-ელიტებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა გრძელდება, რომელშიც ყველაფერს ბაზარი და კაპიტალი განსაზღვრავს. ხელისუფლებისა და ბაზრის აქტორებისათვის კვლავ ნულოვანი მნიშვნელობა ენიჭება სოციალური და ეკოლოგიური სამართლიანობის საკითხს. ქვეყნის არაფორმალური და ფაქტობრივი ახალი ლიდერიც ერთმნიშვნელოვნად აცხადებს საკუთარ უალტერნატივო პრიორიტეტს: „ბიზნესს უნდა მოვეფეროთ და ყველანაირი პირობები შევუქმნათ“.
სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა ბუნებრივ რესურსებთან მიმართებაშიც არ იცვლის კურსს, მდგრადი განვითარების პრინციპები სრულად ჩანაცვლებულია რადიკალური ნეოლიბერალური მიდგომებით. ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის ამთვისებელი საწარმოო კორპორაციები, გარემოსა და ძეგლთა დაცვითიკანონდარღვევებისთვის თითქმის არ ჯარიმდებიან, დაჯარიმების შემთხვევაში კი ღირებულება იმდენად დაბალია, რომ დამაბინძურებელ საწარმოებს უღირთ ჯარიმის გადახდა, რეკულტივაციისა თუ სხვა შემარბილებელი საქმიანობის განხორციელების სანაცვლოდ. შრომით უფლებებს რაც შეეხება,ეს საკითხი სრულად მოკლებულია კონტროლს. კორპორაციათა დაბეგვრა მინიმუმამდეა დასული, ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის დადგენილი მოსაკრებელი არასამართლიანი და ძალზედ დაბალია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, შედეგად საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებულ რესურსს კომპანიები ისე მოიპოვებენ, რომ ზარალის მეტი არაფერი მოაქვთ ქვეყნისა თუ მისი ცალკეული რეგიონებისათვის. ამას ემატება მონოპოლიების შედეგად კაპიტალის მხოლოდ ვიწრო ინტერესების ორბიტაზე ტრიალი, რაც მცირე ბიზნესს აზარალებს.

საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის გამომხატველ სრულყოფილ მაგალითად ქალაქი ჭიათურა შეგვიძლია მივიჩნიოთ. რეგიონში მდებარე მანგანუმის მომპოვებელ საბადოებს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კომერციული დაწესებულება „ჯორჯიან მანგანეზი“ ფლობს. სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების არარსებობის პირობებში საწარმო ექსპორტზე გატანილი პროდუქციის წყალობით სოლიდურ ყოველწლიურ შემოსავალს მოიპოვებს.

მიუხედავად ამისა: ჭიათურის მაღაროებში არ არის დაცული შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები (ბოლო 4 წლის განმავლობაში გარდაიცვალა რვა და დაშავდა თორმეტი დასაქმებული), საწარმოო სამუშაოები ხორციელდება ათწლეულების წინანდელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურითა და ვაგონებით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მაღაროს მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობაც.

 არ ხდება მაღაროელთა უზრუნველყოფა ხარისხიანი სპეც.სამოსით, შესაბამისი ხელსაწყოებითა და საკვებით. უმძიმეს მდგომარეობაშია მუშათა საშხაპეები, საპირფარეშოები და გასახდელები. ისედაც უხარისხო სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად მუშებს 80 კმ-ის მოშორებით უწევთ სიარული.

 გარდა არაადეკვატური ანაზღაურებისა და უვარგისი სადაზღვეო პაკეტისა დასაქმებულთა უკმაყოფილებას იწვევენ ხელშეკრულებებში არსებული სხვადასხვა უსამართლო გარემოებებიც.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობაა შექმნილი. ოფიციალური მონაცემებით2014 წელს მთელ საქართველოში გარემოზე მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 2,5მლნ ლარი შეადგინა. აქედან, დაახლოებით 2,2 მლნ ლარი მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის. არსებული ვითარება საწარმოს მიერ ეკოლოგიური სტანდარტების სრულმა უგულვებელყოფამ განაპირობა. ჰაერსა და წყალში დამაბინძურებლებისა თუ ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობამ ნორმას უკვე რამდენჯერმე გადააჭარბა.

მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად ნადგურდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, სოფლის მეურნეობა კატასტროფის წინაშეა. ინვესტორიკი უარს ამბობს მიწების რეკულტივაციაზე (ნაყოფიერების აღსადგენად აუცილებელი სამუშაოების ჩატარება).

თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჭიათურა სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის ზონაა. 
არსებული ველური კაპიტალისტური ეკონომიკური წესრიგი თანაბარ ზიანს აყენებს ადამიანსაც და მის საარსებო გარემოსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც პირდაპირ აისახება მის კულტურულ და სამეცნიერო განვითარების დონეზე.

აქედან გამომდინარე, მემარცხენე-ეკოლოგიური ახალგაზრდული მოძრაობა „მწვანე მუშტი“ 2015 წლის საპირველმაისო დემონსტრაციის ჩატარებას გეგმავს ქ. ჭიათურაში და სამართლიანობისთვის მებრძოლ ყველა ძალას შემოერთებისკენ მოუწოდებს. შრომითი უფლებებისათვის ბრძოლისა და დასაქმებულთა სოლიდარობის დღეს „მწვანე მუშტი“ შემდეგი მოთხოვნებით გამოვა:

1. შეიქმნას შრომის ინსპექტირების რეალური მექანიზმი, რომელიც დამსაქმებლის ნების მიუხედავად, ყველა საწარმოს შეამოწმებს. ინსპექციის კომპეტენციის საგანი შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლის გარდა, ადეკვატური ანაზღაურება, შვებულება, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები, კონტრაქტთა შესაბამისობა კანონმდებლობასთან, კონტრაქტის იმპლემენტაციის საკითხები, სადაზღვევო სისტემის ეფექტიანობაც უნდა იყოს.

 „ევროპის სოციალური ქარტიის“ 22-ე, 28-ე და 29-ე მუხლების მიხედვით, სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში მუშათა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ყველა მსხვილ საწარმოში შეიქმნას პირდაპირი დემოკრატიის ორგნოები.

- დაიწყოს ბუნებრივ რესურსზე მომუშავე საწამოების ნაციონალიზაციის გეგმაზომიერი და ეტაპობრივი განხორციელება, დემოკრატიულ მართვის პრინციპებზე დაყრდნობით და სახელმწიფოს მინიმალური ჩართულობით. საწარმოთა მთავარ მმართველ ძალას უნდა წარმოადგენდეს პერსონალი. დირექტორთა საბჭო უნდა დაკომპლექტდეს არჩევითობის პრინციპით, სადაც წარმოდგენილი იქნებიან დასაქმებულთა წარმომადგენლები და სახელმწიფოს შემოთავაზებული ექსპერტებიდან დასაქმებულთა მიერ არჩეული ადამიანები.

- არანაციონალიზებულ საწარმოებში შეიქმნას დასაქმებულთა კომიტეტები, რომელთა თანხმობის გარეშე უსაფრთხოებისა და მუშათა სოციალური სახელფასო უზრუნველყოფის საკითხები ვერ გადაწყდება.

სახელმწიფომ დაარეგულიროს მსხვილ საწარმოებში გასაცემი მინიმალური ხელფასების ოდენობა.

 „ევროპის სოციალური ქარტიის“ პრინციპების მიხედვით,საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში ნათლად აისახოს უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება.

 სასწრაფოდ მოხდეს წიაღთსარგებლობის ლიცენზიების არსებული წესით გაცემის გამკაცრება, ხოლო წიაღისეულის მოპოვების პროცესი ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობების სიას დაემატოს.

 სამართლიანად გაიზარდოს ბუნებრივ რესურსებსა და წიაღისეულზე დადგენილი მოსაკრებელის გადასახადი, ასევე საქონლის საექსპორტო დაბეგვრა, გლობალური ეკონომიკური რეალობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით. 

 კანონის წინაშე პასუხის აგოს გარემოს ყველა დამაბინძურებელმა და საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დამრღვევმა საწარმომ. გაიზარდოს გარემოსადმი მიყენებულ ზარალზე დაკისრებული ჯარიმების საზღაური",-აცხადებენ "მწვანე მუშტში"


 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics