11:50 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 20:48:04, 1728 ნახვა

პოლიტიკა
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში საბურთალოს რაიონში შედგა

კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის ფარგლებში, დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში თბილისის საბურთალოს რაიონის მოსახლეობა შეიკრიბა და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. 

მოქალაქეებს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ესაუბრნენ და მათ კითხვებს უპასუხეს პარლამენტის წევრებმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრმა, ექსპერტმა ვასილ გონაშვილმა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, იურისტმა ლევან ნატროშვილმა.

მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების აუცილებლობასა და მიზეზებზე ისაუბრა და სანამ შეკრებილთ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს გააცნობდა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში გამართვის ფაქტს გამოეხმაურა.

„ევროპის კარი საქართველოსთვის ისე ღია, როგორც დღეს, არასდროს ყოფილა, იმიტომ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში, თბილისში ჩატარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მკაფიო გზავნილი - ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. იმის შესახებ, რომ საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას, პრეზიდენტმა პაოლო ალიმ დღეს განაცხადა. ეს არის საკითხი, რომელიც ასე მარტივად არ წყდება და ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს. რამდენიმე წლის წინ ვიზალიბერალიზაციაზე საუბარიც უტოპიად განიხილებოდა, თუმცა ეს ძალიან მალე განხორციელდა და მე ვფიქრობ, ასევე იქნება ნატოსთან მიმართებაშიც“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა. 

მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისი მომზადების საჭიროება უკავშირდება როგორც მოქმედი კონსტიტუციის იურიდიულ-ტექნიკურ გაუმართაობას, ასევე სამართლებრივ პრობლემებს. მისი თქმით, პრაქტიკულად ახალი კონსტიტუცია იწერება - თუ არ ჩავთვლით პრეამბულას, პრაქტიკულად არ არის მუხლი, სადაც ცვლილება არ შედის. 

მან მოკლედ ისაუბრა პროექტში შესატან ცვლილებებზე თავების მიხედვით და ძირითადი ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებიც მოქმედ კონსტიტუციაში საერთოდ არ იყო ასახული. ესაა ფიზიკური ხელშეუხებლობის, გენდერული თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და სხვა საკითხები. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმცირესობას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა პირველად ეძლევა.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ისაუბრა აგრეთვე ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე, აღნიშნა, რომ ფუნდამენტური ცვლილებები ხორციელდება სასამართლოსთან მიმართებაში, ფინანსებისა და კონტროლის, თავდაცვის, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროებში. 

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ საკითხების განმარტებებებს, რომლებზეც საზოგადოებაში და საყოველთაო-სახალხო განხილვებზე ცხარე დისკუსია იმართება. ესაა მიწის, ქორწინების, საარჩევნო სისტემის საკითხები. 

მამუკა მდინარაძის განაცხადებით, 22-23 მაისს, ბერლინში კონსტიტუციური კანონის პროექტის ვენეციის კომისიასთან განხილვისას, ექსპერტების მხრიდან, ადამიანის უფლებების თავში განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვან პროგრესად შეფასდა, დიდი კრიტიკა არც სხვა ცვლილებებს დაუმსახურებია. 

მისივე თქმით, უმრავლესობა მზადაა, თუ კი ვენეციის კომისიას შენიშვნები ექნება, გაითვალისწინონ ისინი. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მზადაა ასევე, რომ ამ განხილვებზე მოქალაქეთა მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებზეც იმუშაოს. 

ვასილ გონაშვილმა საპარლამენტო რესპუბლიკის უპირატესობებზე ისაუბრა, რომლის დროსაც ვერც ერთი ადამიანი ვერ მოახერხებს ხელისუფლების უზურპაციას და წარმოდგენილი ცვლილებები მისი თქმით, სწორედ ამის გარანტიაა. 

„ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ იმაზე, რომ ერთმა ადამიანმა გაუთვალისწინებლად და დაუბალანსებლად მართოს ქვეყანა“, - განაცხადა ვასილ გონაშვილმა. 

მისივე თქმით, ცვლილებები კონსტიტუციის სიმყარეს შეუწყობს ხელს, ვინაიდან მომავალში კონსტიტუციას მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტი ვეღარ შეცვლის და ამის გარანტიას იძლევა წარმოდგენილი პროექტი. 

ლევან ნატროშვილმა მოქმედი კონსტიტუციის და წარმოდგენილი პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა და შეკრებილ საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაციის ხედვა გააცნო. 

რატი იონათამიშვილის განცხადებით კი, ცვლილებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ის არის, რომ კონსტიტუციით სოციალური სახელმწიფოს პრინციპი შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო კონსტიტუციურ დონეზე იღებს ვალდებულებას მოქალაქეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე. 
„ცვლილებების შემდეგ კონსტიტუცია თითოეული ადამიანის ღირსების, სინდისის და თავისუფლების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მომხსენებლებმა მოქალაქეთათვის საინტერესო თემებზე დეტალური განმარტებები გააკეთეს. 

მოქალაქეთა კითხვები და სურვილები უკავშირდებოდა საარჩევნო ბარიერს, საარჩევნო ბლოკების გაუქმებისა და არჩევნებისას გაუნაწილებელი მანდატების განაწილების საკითხებს, სასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად არასასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვის მოთხოვნას, საარჩევნო სისტემის ცვლილებას, პარლამენტის ადგილმდებარეობის კონსტიტუციაში დაფიქსირების საკითხს, პრეზიდენტის არჩევის წესსა და მისი უფლებამოსილებების საკითხს.

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღესვე თბილისის რამდენიმე რაიონში შედგა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება
პაპუაშვილი - არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics