12:47 - 21 Sep, 2017
2017-04-21 15:44:27, 569 ნახვა
ქუთაისის აეროპორტში ბაზირებიდან 6 თვეში, „ვიზეარი“ დაბალბიუჯეტური ფრენებით 100,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და საქართველოს წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ვიზეარმა დღეს, ქუთაისში წარმატებული ბაზირების 6 თვე აღნიშნა.

როგორც ცნობილი გახდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებიდან მხოლოდ 6 თვეში, ავიაკომპანია ვიზეარი თავისი დაბალბიუჯეტური ფრენებით 100,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.  გარდა ამისა, 2017 წლის პირველი კვარტლის შედეგებით (იანვარი-მარტი), ავიაკომპანიამ დააფიქსირა 200%-იანი ზრდა 2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. მთლიანობაში 2016 წელს, საქართველოში 168,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა ვიზეარის შესანიშნავი დაბალბიუჯეტური მომსახურებით, რითაც ხელი შეეწყო ადგილობრივი საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებასა და ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას.

პირველი ავიარესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა 2012 წლის სექტემბერში და 4 წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად, 2016 წლის 23 სექტემბერს ქუთაისში გაიხსნა ავიაკომპანიის 25-ე ბაზა, ერთი ბაზირებული ეარბას A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით. რითაც ავიაკომპანიამ თავისი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებების ქსელი 8 ქვეყნის 11 ავიამიმართულებამდე გაზარდა. ბაზის დაარსება კომპანიის მხრიდან წარმოადგენს 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას და 38 დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას.

ქართული ავიაბაზრის დაბალბიუჯეტური ფრენებისა და მაღალი ხარისხის ლიდერი ავიაკომპანია ვიზეარი ქართველი მგზავრების ერთგულია 2012 წლიდან, როდესაც ავიაკომპანიამ შეასრულა თავისი პირველი ავიარეისი კიევიდან ქუთაისის მიმართულებით. როგორც პირველი ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო სამგზავრო ავიარეისების შესრულება განახლებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ვიზეარი წარმატებით ფართოვდება საქართველოს ავიაბაზარზე და თავის მგზავრებს დაბალბიუჯეტური ფრენებით მოგზაურობის  უფრო დიდ, არჩევანს სთავაზობს.

2016 წლის სექტემბერში ქუთაისი გახდა ავიაკომპანიის 25-ე ბაზირების აეროპორტი, ბაზირებული ეარბას A320-ის ტიპის ახალი საჰაერო ხომალდით და 36 ადგილობრივი სამუშაო ადგილით ავიაკომპანიაში. ქუთაისში ბაზირებით ავიაკომპანიამ გააფართოვა თავის დაბალბიუჯეტური ავიამიმართულებების ქსელი 11 ახალი ავიამიმართულებამდე ევროპის 8 ქვეყანაში, მათ შორის ახალი, ლონდონის (ლუტონი) ავიამიმართულება, რომელიც დაიწყება მიმდინარე წლის 18 ივნისიდან. ავიაკომპანია ვიზეარი, 2017 წელს 85%-ით გაზრდილი მგზავრთა რაოდენობით, ქუთაისის მგზავრებს სთავაზობს 365,000-ზე მეტ ადგილს გაყიდვაში.

თბილისში პრესკონფერენციის დროს, ავიაკომპანია ვიზეარის დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა, რომ  ბაზირების დაწყებიდან მხოლოდ 6 თვეში, ვიზეარს შესანიშნავი შედეგი და მგზავრთნაკადის ზრდა ჰქონდა.

„ჩვენმა, როგორც საქართველოში მოღვაწე ლიდერი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის ინვესტიციამ ქვეყანაში, მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა და 2017 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი გასამმაგდა.  2017 წელს ლონდონის ახალი ავიამიმართულების დამატებასთან ერთად, ჩვენი ქსელი ფართოვდება 8 ქვეყნის 11 მიმართულებამდე. ჩვენ ვაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ჩვენს ქართველ მგზავრებს კიდევ უფრო მეტ, ახალ და საინტერესო ავიამიმართულებას შევთავაზებთ, რითაც ხელს შევუწყობთ ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებას”,-აღნიშნა ჯოზეფ ვარადიმ და დასძინა, რომ უვიზო მიმოსვლიდან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლის მხრიდან:

„და ეს განპირობებულია, როგორც  უვიზო მიმოსვლით, ისე იმ ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებით, რომლებიც სხვა შემთხვევაში იარსებებდა. ეს, რა თქმა უდნა, გვაძლევს საფუძველს, უფრო ინტენსიურად ვიფიქროთ გაფართოებაზე და ასევე შევთავაზოთ შესაბამისი მოთხოვნის შესაბამისი მასშტაბი“,-განაცხადა ვიზეარის დირექტორმა.

კითხვაზე-რომელია ყველაზე პოპულარული მარშრუტი ქუთაისიდან,-ვიზიარის დირექტორი ამბობს, რომ ყველა მარშრუტი თანაბრად წარმატებულია:

„ ეს პირველ რიგში განპირობებულია იმ მოთხოვნით, რომელიც არსებობს. თუ ვსაუბრობთ მასშტაბის გაზრდაზე, ეს ავტომატურად გამოწვეულია იმით, რომ არსებობს მაღალი და მზარდი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საუბარი გვექნებოდა შემცირებაზე. ეს არ მოხდა ერთბაშად, გახსნის მომენტიდანვე, გარკვეული დრო დასჭირდა იმას, რომ  ქუთაისი აღქმულიყო და დაწყებულიყო ამ აეროპორტით და ამ მომსახურებით სარგებლობა. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხელშემწყობი ინფრასტრუქტურული განვითარებები ხორციელდება და, რასაკვირველია, თუ ეს ავიაინდუსტრიის გარშემო ხდება,  ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია“,-განაცხადა ვიზეარის დირექტორმა.

რაც შეეხება საქართველოს წილს მათი კომპანიის საქმიანობაში, ჯოზეფ ვარადის ინფორმაციით,  აქვთ 80 ცალი ერთეული თვითმფრინავი, რომელთაგან ერთი საქართველოშია ბაზირებული:

 „ საქართველოს, როგორც დანიშნულების ერთ-ერთი  წერტილის, საოპერაციო ბაზის და მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, იზრდება ჩვენს საქმიანობაში საქრთველოს წილიც“,-განაცხად ვიზიარის დირექტორმა.

მან, ასევე, ბილეთის ფასების დაწესების პრინციპზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ყველაზე დაბალი ფასი 45 ლარია, საშუალო კი-150 ლარი:

„თუ მგზავრი  ადრე შეიძენს ბილეთს, უფრო იაფი დაუჯდება. უნდა აღინიშნოს ასევე სეზონურობის ფაქტორი, მაგალითად, საშობაოდ, საახალწლოდ, აღდგომის პერიოდისთვის არის პიკური მოთხოვნა, შესაბამისად, ბილეთების შოვნაც უფრო რთულია და ფასებიც შესაბამისად იწევს. არის თვეები, როგორიცაა თებერვალი, ნოემბერი, როცა უფრო იაფადაა შესაძლებელი შეძენა. ყველა ბაზარზე ზაფხული უფრო ძვირიანი თვეა, ვიდრე ზამთრის თვეები.   ჩვენი მგზავრობის მინიმალური საფასური და ბილეთის ფასი  45 ლარია, საშუალო ფასი კი 150 ლარი. მაგრამ შეიძლება  ეს ფასი გაზიარდოს 400-500 ლარამდე, თუ ადამიანს დააგვიანდა,  2 საათით ადრე სჭირდება ბილეთის შეძენა.

ჩვენი გაფართოების ჭრილში  მოიაზრება როგორც სიხშირის  გაზრდა, ისე მარშრუტების რაოდენობის გაზრდა და პოტენციალის გაზრდის პარალელურად მოხდება ჩვენი მთლიანი მასშტაბის გაზრდა“,-განმარტა ვიზეარის დირექტორმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის  ქეთი ალექსიძის განცხადებით, ვიზეარი იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო ავიარეისების შესრულება განახლებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

„ ჩვენ ერთად განვითარდით და დავიმკვიდრეთ თავი ქართულ ავიაბაზარზე.  აეროპორტის გახსნიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით ჩვენი აეროპორტი მოემსახურა 941,000 მგზავრზე მეტს, ხოლო ამ მგზავრების 73% იყო გადაყვანილი ვიზეარის მიერ.  ვიზეართან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა შექმნა ახალი, დამატებითი მგზავრთნაკადი და ევროპის მიმართულებით საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ფრენების შეთავაზებით გახდა ქართველი მოგზაურების რჩეული აეროპორტი. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტის სამარშრუტო ქსელის გაფართოვებას ევროპის მიმართულებით, რათა ჩვენს მგზავრებს კიდევ უფრო მეტი საინტერესო და დაბალბიუჯეტური ევროპული მიმართულებები შევთავაზოთ. კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებას.

არსებული ტენდენციები და მათ შორის ვიზალიბერალიზაცია გახდა ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო ახალი საშუალება, რომლითაც ვესაუბრებით ავიაკომპანიებს. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ავიაკომპანიების მხრიდან ძალიან გაიზარდა ინტერესი“,-აღნიშნა  ქეთი ალექსიძემ.

ვიზეარი უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ავიაბაზარზე და მომავალშიც იმედოვნებს შემომავალი ტურისტული ნაკადის ხელშეწყობას, საავიაციო და ბიზნეს ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, რაც შექმნის ევროპაში მოგზაურობის დამატებით შესაძლებლობას 100-ზე მეტი მიმართულებით, ავიაკომპანიის ბუდაპეშტის, ვარშავის, ვილნიუსის და კატოვიცეს ბაზების გამოყენებით. მგზავრებს შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ნებისმიერი მიმართულებით ავიაკომპანიის საიტის და მობილური აპლიკაციის მეშვეობით,  მათზე ადაპტირებული, მარტივი დაჯავშნის სისტემით, მხოლოდ 44.99 ლარიდან.

ავიაკომპანია ვიზეარი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 80 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავიარეისებს 500 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 42 ქვეყანის 140 ქალქს. ვიზეარის გუნდი, რომელიც დაახლოებით 3,000 ავიაციის პროფესიონალისგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც ვიზეარი 2016 წლის 30 ნოემბრის ფინანსური წლის მონაცემებით 23 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია.  ავიაკომპანია ვიზეარი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ სტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ. 

ACI-ს თანახმად ყოველ 1 მილიონ გადაყვანილ მგზავრზე იქმნება 750 ადგილობრივი სამუშაო ადგილი.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



მექსიკაში ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის მუქარა „ძაღლების ყეფას“ შეადარა
მექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics