18:17 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 19:27:57, 2420 ნახვა

საზოგადოება
იყენებს თუ არა კობა კობალაძე ვეტერანთა სამსახურის ავტომობილს და არის თუ არა ის ამ სამსახურის არაფორმალური მმართველი

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის" თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი  „ექსპრესნიუსთან“  სკანდალურ  ფაქტებზე საუბრობს.  მისი თქმით, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური დამოუკიდებელი არ არის და მას დღეს არაფორმალურად, ყოფილი ხელმძღვანელი, მოქმედი დეპუტატი კობა კობალაძე მართავს.

„ვეტერანთა სამსახურთან მიმართებაში მე პირადად მოვითხოვ, გონს მოეგონ და ყველაფერი გააკეთონ  იმისათვის, რომ არაფორმალური მმართველობა დამთავრდეს. ამას პირველ  რიგში ხელისუფლებას მივმართავ და ყვითელი ბარათიც დღეს ვუჩვენე ხელისუფლებას.  თუ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში არ დამთავრდება არაფორმალური მმართველობა, პირადად მე, ემზარ ქვარიანი, პირობას ვდებ, რომ სხვადასხვა საპროტესტო აქციებს და სხვადასხვა  ღონისძიებებს მივმართავ  იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს ყველაფერი.  ვაფრთხილებ მათ, გონს მოეგონ. იფიქრონ ვეტერანებზე და გულგრილ მიდგომას დაანებონ თავი. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის არაფორმალურ მმართველად მე ვასახელებ კობა კობალაძეს, რომელსაც ვაფრთხილებ,  ხელი აიღოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურიდან, არაფორმალურ მმართველობას თავი დაანებოს“,-აღნიშნავს ემზარ ქვარიანი.

უფრო მეტიც, ქვარიანი ამბობს, რომ პარლამენტის წევრი კობა კობალაძე დღესაც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდება:

„დააბრუნოს  ვეტერანთა სამსახურის ტრანსპორტი, რომლითაც თვითონ დადის და ვეტერანთა სამსხურის საწვავს იყენებს. ეს ყველაფერი დამთავრდება  ძალიან ცუდად. მისცეს საშუალება ახალ ხელმძღვანელობას, დამოუკიდებლად იმოქმედოს და აიღოს პასუხისმგებლობა ვეტერანებზე“,-განუცხადა ემზარ ქვარიანმა „ექსპრესნიუსს“.

ქვარიანი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს უუნარობაში ადანაშაულებს.  მისი ინფორმაციით,  სამსახურის არც ერთი წარმომადგენელი ვეტერანებს  არ შეხვედრია და არ დაინტერესებულა, რამდენად კანონიერი და კეთილსინდისიერი იყო მათი თავდაცვის სამინისტროდან და სხვა უწყებებიდან  გათავისუფლება:

„ვეტერანები გამოყარეს თავდაცვის სამინისტროდან,  სხვადასხვა უწყებებიდან და  ვეტერანთა სამსახურიდან ერთი წარმომადგენელი არ დალაპარაკებია ამ ბიჭებს,  რამდენად კანონიერად,  კეთილსინდისიერად მოხდა მათი სამსახურებიდან გამოშვება. რა გააკეთეს ამ ადამიანების უფლებების დასაცავად? ამას ვთვლი ძალიან გულგრილ მიდგომად. ისინი პასუხისმგებლები არიან ვეტერანების წინაშე და არა მარტო ხელისუფლების წინაშე“,-ამბობს ემზარ ქვარიანი.

ბუნებრივია, ჩვენ დავუკავშირდით ვეტერანთა სახელწმიფო სამსახურის ხელმძღვანელს ვლადიმერ  იმნაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ თავის უწყებას სამსახურიდან დათხოვნილი  ვეტერანების დასაქმებასთან  დაკავშირებით,  სხვადასხვა  უწყებაში შუამდგომლობები უკვე გაგზავნილი აქვს და რამდენიმე ვეტერანი ამ შუამდგომლობების საფუძველზე სამსახურში აღადგინეს კიდეც:

„ვეტერანთა სამსახური, მათ,  რომლებიც გათავისუფლდნენ თავდაცვის სამინისტროს მიერ, ხვდება  იქ, სადაც ის უნდა შეხვდეს ვეტერანებს- ვეტერანთა სამსახურში. აქ მოგვმართა არაერთმა ვეტერანმა, რომლებზეც შუამდგომლობები გავუშვით არა მარტო თავდაცვის სამინისტროში,  სხვადასხვა სამსახურებში და მათ შორის თავდაცვის სამინისტრომ დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა და რამდენიმე  აღდგა.  ეს არის ვეტერანთა სამსახური, ეს ცალკე სამსახურია, ის თავდაცვის სამინისტროა, ჩვენ აბსოლუტურად  ყველა სამინისტროს მივწერეთ,  რომ ამ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით,  განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ვეტერანების მიმართ.  ამაზე ზარებიც კი იყო ჩვენთან თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა  სამინისტროებიდან.

იმას ვგულისხმობ, რომ რომ დამეწერა ვეტარანი დატოვეთ და დანარჩენი გამოაგდეთ, ეს დისკრიმინაციული მოთხოვნაა, მაგრამ  ვეტრანს რომ უნდა მიაქციონ ყურადღება, ამაზე ნამდვილად მქონდა საუბარი და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ შს  მინისტრმა  დიდი თანადგომა გამოუცხადა ვეტერანებს“,-განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ვეტერანთა სამსახურს მართავენ   დირექტორი, პრემიერი და თავად ვეტერანები, ხოლო არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება.

„მოდით, ბრალდება არ დავარქვათ, ეს ძალიან ცუდი სიტყვაა. ასე ვთქვათ, რომ მას თავისი მოსაზრება აქვს.  მე გპასუხობთ, რომ ვეტერანთა სამსახურს არავინ მართავს დირექტორის და პრემიერ-მინისტრის გარდა და  თვითონ ვეტერანების გარდა. რაც შეეხება კობა კობალაძის საკითხს, თქვენ იცით, რომ ის პარლამენტის წევრია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილე და ის კურირებს  ვეტერანებს. თვითონაც ვეტერანია. თუ ეს ვინმეს  თვალებში ეცა, არვიცი. არავინ არ მართავს. მე ვაგებ  პასუხს ყველაფერზე“ ,-აღნიშნა ვლადიმერ იმნაძემ.

ვლადიმერ  იმნაძე არც კობა კობალაძის მიერ ვეტერანთა სახელწმიფო სამსახურის კუთვნილი ავტომობილით შესაძლო სარგებლობას ადასტურებს.

„ვის რა მოეჩვენა, ავტომობილი აქ არის, დავდივარ იმით სახლში, მივდივარ სამსახურში. მანქანა აქ არის  პრაქტიკულად და ყოველთვის. კი, დასაწყისში, როდესაც ბატონი კობალაძის მაგივრად დავინიშნე მე და ის გადავიდა, რაღაც ნივთების გადასატანად ვათხოვე ნამდვილად მანქანა. ეს იყო დასაწყისში. ბოლო პერიოდში მე დავდიოდი. რა სურათები გააჩნია ქვარიანს მე არვიცი, ვერ გეტყვით. არ გამოვრიცხავ, ჩვენთან ერთად გადაადგილდებოდა, ჩვენ ვმეგობრობთ და ხშირად  ერთად ვართ. ერთად გადავაადგილდებით“,-განმარტა ვლადიმერ იმნაძემ.

„ექსპრესნიუსი“ თავად დეპუტატ კობა კობალაძესაც ესაუბრა, რომელმაც ემზარ ქვარიანის ბრალდებებს „ბოდიალი“ უწოდა.

„ვინ რას ბოდიალობს და რა სიტუტუცეებს ლაქლაქებს, იმაზე პასუხი რა გაგცეთ?! რას ქვია არაფორმალური მმართველი ვარ, მე ვერ ვიგებ ამას. რა სისულელეა, დავდივარ ვეტერანთა სამსახურში, ვინ შეუზღუდა ნებისმიერ ვეტერანს იქ სიარული გამარკვიეთ?! არ დავდივარ მე ვეტერანთა სამსახურის მანქანით, მე დავდივარ ჩემი მანქანით. ფოტო მასალა შეიძლება ბევრი რამის ჰქონდეთ. როდის, რა მანქანით გადავაადგილდები რავიცი, ემზარ ქვარიანთან ხომ არ  შევათანხმებ? არ ვიყენებ არავითარ რესურსს, დავდივარ ჩემი რესურით“,-განაცხადა  კობა კობალაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.

ზოგადად, მიზანშეწონილია თუ არა, სარგებლობდეს დეპუტატი სხვა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებით - „ექსპრესნიუსი“ საია-ს იურისტს სულხან სალაძეს გაესაუბრა. მისი თქმით, პარლამენტარებისთვის ავტოსატრანსპორტო ხარჯები გათვალისწინებულია და წესით, რომელიმე სამსახური ხარჯებს არ უნდა ანაზღაურებდეს.

კობა კობალაძე 5 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტიდან მონაწილეობდა და  დეპუტატად  არჩევის შემდეგ, ამ  თანამდებობაზე ვლადიმერ იმნაძე, რომელიც უწყებაში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი იყო,  სწორედ კობალაძის პრემიერთან  პროტექტორობის შედეგად  დაინიშნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების მცდელობა“ - პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
კუპატაძე - ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებს, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული
კობიაშვილი - ფეხბურთელებზე წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა და თავდასხმა ხორციელდება
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics