01:37 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 13:57:22, 1338 ნახვა

საზოგადოება
საქართველო რაგბში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

მსოფლიო რაგბის წარმომადგენელი ინგლისელი სპეციალისტები 2-დღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოსვლის მთავარი მიზანი 2017 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისის და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული პროცესის გაცნობაა.

„საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტით ვიმყოფებით, მოვინახულეთ ქუთაისის სარაგბო ბაზა და შევამოწმეთ თუ როგორ მიმდინარეობს მოედნების კეთილმოწყობის სამზადისი. რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან ერთად გვქონდა შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, სადაც ძირითადად საუბარი იყო სარაგბო ინფრასტრუქტურაზე, მოედნების რაოდენობაზე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე უმაღლესი კლასის ნაკრებებისათის. საქართველოს რაგბის კავშირი მართლაც განსაკუთრებული მონდომებით მუშაობს და ბრწყინვალედ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს. რა თქმა უნდა, სამინისტროს მხარდაჭერა იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩემპიონატი ძალზე წარმატებული იქნება და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის, დასახულ მიზნებს გეგმაზომიერად მივყვებით და გვჯერა, რომ საუკეთესო ჩემპიონატი გველის, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება“, - განაცხადა  მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკურმა დირექტორმა საიმონ ქიბლიმ.

როგორც სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიოს რაგბის ტურნირების ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას აღნიშნა, სპორტისა და რაგბის მოყვარულებს დიდი ზეიმი ელით.

„მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ. სპორტისა და რაგბის მოყვარულებს მართლად დიდი ზეიმი ელით. ჩვენ, საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ზეიმი შედგეს და საქართველო კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩინდეს მთელი მსოფლიოს თვალწინ“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ცნობისთვის, 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება მსოფლიოს 12 უძლიერესი ნაკრების მონაწილეობით. ახალგაზრდა ქართველ ბორჯღალოსნებს C ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა, A ჯგუფში ითამაშებენ ავსტრალია, ინგლისი, სამოა და უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და შოტლანდია.

ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია,  საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და დირექტორთა საბჭოს წევრი ლაშა ხურციძე ესწრებოდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics