14:55 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 16:38:07, 3178 ნახვა

მსოფლიო
როგორ განვითარდა მოვლენები სომხეთში და ვინ არის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერი

ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთში თითქმის არც ერთ არჩევნებს მიტინგისა და პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია. იშვიათი გამონაკლისი 1991 წლის საპრეზიდენტო და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები გახდა. სომხეთის ისტორიაში განსაკუთრებული როლი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მასობრივმა არეულობებმა დაიკავა, რომელსაც აქციის 9 მონაწილე ემსხვერპლა, ხოლო 230-მდე მოქალაქე დაშავდა.

აღნიშნული მოვლენების შემდეგ 2018 წლის 23 აპრილს ქვეყნის ისტორიას ახალი ფურცელი შეემატა. "სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე" - 3 კვირიანი ბრძოლის შემდეგ, დემოკრატიასა და თავისუფლებას მოწყურებულმა სომხეთის მოსახლეობამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნულს ქვეყანაში მრავალი ანტისამთავრობო აქცია და ასობით ადამიანის დაკავება უძღოდა წინ.

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე სერჟ სარგსიანმა კონსტიტუციური ცვლილებები განახორციელა და რესპუბლიკა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადაიყვანა. ამ ცვლილებებით სომხეთში ძალაუფლებამ პარლამენტისა და მთავრობის ხელში გადაინაცვლა, სერჟ სარგსიანმა კი, თავისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა "შეინახა".

ყველაფერი 31 მარტს დაიწყო, როდესაც პარტია „სამოქალაქო თანხმობამსომხეთის ქალაქებში მსვლელობები გამართა. პროტესტის პირველი ტალღა 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ქვეყნის ოპოზიცია გრძელვადიან აქციებს აანონსებდა და სერჟ სარგსიანის პრემიერად არჩევას აპროტესტებდა. ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ამ დრომდე ერევნის საავადმყოფოებში მკურნალობს.

აღნიშნულმა პროტესტმა აჩვენა, რომ სომეხი ხალხი ნების წართმევას არ შეეგუება. მათ სახელმწიფო შენობების და ცენტრალური ქუჩების ბლოკირება დაიწყეს, მსოფლიო კი, 2008 წლის მსგავსად, მასობრივი არეულობების დაწყებას ელოდებოდა. მოსახლეობა გაჩერებას არ აპირებდა, მაშინაც კი, როდესაც 22 აპრილს სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორები და ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს.

პროტესტის ძირითადი მიზეზი ერთპიროვნული მმართველობა და კორუფციასთან დაკავშირებული შიდა პრობლემები გახდა. დემოკრატიულ ფასეულობებისადმი ლტოლვამ შედეგი გამოიღო და 23 აპრილს სარგსიანმა, რომელიც ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში მართავდა, თანამდებობა დატოვა. განვითარებული პროცესები ბევრმა ერის გამოღვიძებად და განვითარებად შეაფასა, თუმცა ექსპერტთა ნაწილს, მიიჩნია, რომ ამით ქვეყანაში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება.

რას უნდა ველოდოთ მომავალში: მმართველ, "რესპუბლიკურ პარტიას" პარლამენტში 58 მანდატი აქვს. საბოლოო ჯამში მმართველი გუნდი აირჩევს პრემიერს, რომელიც ოპოზიციას და მოსახლეობას ნაკლებად გააღიზიანებს, თუმცა ამ პარტიის პოლიტიკა დარჩება უცვლელი, ხოლო თვითონ სარგსიანი სავარაუდოდ არაფორმალური მმართველის სტატუსს მოირგებს. პრემიერის მოვალეობებს ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეასრულებს, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო. კარაპეტიანმა პოსტი მიმდინარე წლის აპრილში დატოვა, რათა თანამდებობა არჩევნების შემდეგ სერჟ სარგსიანს დაეკავებინა.

სომხეთში დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სარგსიანის გადადგომა მედლის მხოლოდ ერთი მხარეა და მან რეალურად ძალაუფლება არ დათმო. სხვადასხვა გამოკითხვების შედეგად დგინდება, რომ სომხეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის კორუფცია და ეკონომიკური პოლიტიკა გააპროტესტოს და არა ევროინტეგრაციის პროცესის გაჭიანურება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სომხებისთვის შორეული ევროკავშირი ნაკლები უსაფრთხოების მაჩვენებელია, ვიდრე ახლოს მდებარე რუსეთი. სომხეთი ტრადიციულად რუსეთის მეგობარი ქვეყანაა. ამის ნათელი მაგალითებია: სარგსიანის მეთაურობით სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რომელსაც რუსეთი მართავს; ქვეყანამ უარი თქვა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე; ერევანსა და გიუმრიში რუსეთის 102-ე გარნიზონებია განლაგებული; სომხეთი ამ დრომდე რჩება დსთ-ის წევრ ქვეყნად. სომხურ-რუსულ ურთიერთობებს მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობაც აახლოებს. მოსახლეობას მიაჩნია, რომ თუ რუსეთთან არსებული მდგომარეობები დაიძაბება, ქვეყანა უარს იტყვის სადაო ტერიტორიაზე და აზერბაიჯანის წინაშე ხელშიშველი დარჩება. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ სომხეთში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესები არ იყო მართული და ამ პროცესებს უკან არ იდგა არც რუსეთი და არც დასავლეთი - იქ იდგა მხოლოდ მოსახლეობა. ამასთან, პროტესტის ძირითადი იდეა სწორედ დასავლეთის მიერ გაზიარებულ ღირებულებებს ეყრდნობოდა.

ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი? - ბოლო დღეები სომხეთში ეს იყო პიროვნული ბრძოლა "რესპუბლიკელ" სარგსიანსა და ლიბერალ ფაშინიანს შორის. "ხავერდოვანი რევოლუციის" ლიდერი, 42 წლის ფაშინიანი ყოფილი ჟურნალისტია, რომელმაც ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ის ლიბერალური პარტია "სამოქალაქო თანხმობის" ლიდერია. თავდაპირველად, ფაშინიანი სომხეთის რამდენიმე გამოცემაში კორესპონდენტად მუშაობდა, შემდგომში კი, საკუთარი გაზეთი "ორაგირი" დააარსა. 2008 წელს ფაშინიანი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევონ ტერ-პეტროსიანის საარჩევნო შტაბის წევრი იყო და სერჟ სარგსიანის კანდიდატურას უკვე მაშინ აპროტესტებდა. ამავე წელს ის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, რა დროსაც ფაშინიანი ძებნაში გამოაცხადეს. 2009 წელს ის სამართალდამცველებს ჩაბარდა, ხოლო 2010 წლის იანვარში მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოგვიანებით მას ამნისტია შეეხო და 2011 წლის მაისში მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. 2012 წლიდან ნიკოლ ფაშინიანი სახალხო დეპუტატი გახდა. ჟურნალისტურ სფეროში ყოფნის დროს ფაშინიანის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათ შორის ცილისწამების მუხლით, როდესაც მან ერთ-ერთი დეპუტატის მეუღლეზე სტატია დაწერა. დეპუტატის პარტია ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უჭერს მხარს და უკმაყოფილოა რუსეთის მონაწილეობით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში პატარა სუვერენული სახელმწიფოს ლიდერმა ხალხის ენერგია სწორი მიმართულებით განავითარა და მოსახლეობას  ცვლილებების რწმენა მისცა. ფაშინიანი იყო ინიციატორი და მთავარი სულისჩამდგმელი იმ აქციების, რომლებმაც საბოლოო ჯამში სარგსიანის გადადგომა გამოიწვია.

მთავარი გამოწვევები სომხეთს ჯერ კიდევ წინ აქვს: მათ უნდა ისწავლონ არა მხოლოდ მიღწევა, არამედ საკუთარი მოთხოვნების დაცვაც, თუმცა ერთი მიღწევა მათ უკვე აქვთ -  24 აპრილი ქვეყნის ისტორიაში არ იქნება ჩაწერილი მხოლოდ გენოციდის დაწყების დღედ და ეს შეძლო უბრალო ხალხმა, რომელიც გამარჯვებას ზეიმობს. 

 

ბელა არუთინოვი




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშაძე გომელაურს - ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე - ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics