23:02 - 23 Apr, 2018
2018-04-14 16:28:18, 782 ნახვა
ვინ არის ბაშარ ასადი და როგორ დაიწყო კონფლიქტი სირიაში

მსოფლიო მასშტაბით სირია ბოლო 7 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. სირიის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ათობით ადამიანი ტერორისტული დაჯგუფებისა თუ ხელისუფლების ქმედებების გამო იღუპება. 

2011 წელს, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით დაწყებული გამოსვლები მასობრივ მკვლელობებში გადაიზარდა. საბრძოლო მოქმედებებში გარე ძალების ჩარევის მიუხედავად, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი პოსტს კვლავ ინარჩუნებს და დასავლეთის ქვეყნებს ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

"ექსპრესნიუსი" სირიის ომის ქრონოლოგიას გთავაზობთ, რომელიც 21-საუკუნის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენებს აღწერს.

ყველაფერი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში, რამდენიმე თინეიჯერის დაპატიმრებისა და წამების შემდეგ, პრო-დემოკრატიული პროტესტი გაღვივდა. რამდენიმე მოსწავლემ სკოლის კედლებზე დემოკრატიული ცვლილებების მოძრაობა "არაბული გაზაფხული"-ს მხარდამჭერი სლოგანები დაწერა. დასავლური მედიის ცნობით, სირიის ხელისუფლებამ არასრულწლოვნები დააპატიმრა და აწამა. ერთ-ერთი მათგანი 13 წლის ჰამზაალს ჰათები წამებისგან გარდაიცვალა. პასუხად ადგილობრივებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს. ქუჩაში გასულ მოსახლეობას მთავრობამ ცეცხლით უპასუხა და სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო.

სირიის არმიიდან წასული ადამიანებისგან ფორმირებულ ამბოხებულთა ჯგუფებმა ქვეყნის ქალაქებში სამთავრობო არმიის წინააღმდეგ ბრძოლები დაიწყეს. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, დედაქალაქ დამასკოსა და სტრატეგიულ ქალაქ ალეპოს 2012 წელს მიაღწია. კონფლიქტი მალევე გასცდა ამბოხებულთა ჯგუფებისა და მთავრობის დაპირისპირებას. შიიტურ ალავიტების წარმომადგენელ პრეზიდენტ ბაშარ ასადს სირიის სუნიტური უმრავლესობა დაუპირისპირდა.

"თავისუფლების ნაკლებობა და ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სტრესი ის მიზეზებია, რამაც მოსახლეობის საყოველთაო ბრაზი გამოიწვია სირიის მთავრობის მიმართ. ტუნისისა და ეგვიპტის წარმატებულმა აჯანყებებმა სირიულ პრო-დემოკრატიულ აქტივისტებს იმედი ჩაუსახა. გარდა ამისა, ბევრი ისლამისტური დაჯგუფება იყო ოპოზიციურად განწყობილი ასადის მთავრობის მიმართ", - წერს Al Jazeera.

შემდეგ კონფლიქტში რეგიონისა და მსოფლიო ძალები ჩაერთნენ. ხელისუფლებას მხარდაჭერა ირანმა, ერაყმა და ლიბანურმა დაჯგუფება "ჰესბოლამ" გამოუცხადეს. ოპოზიციას კი თურქეთმა, ყატარმა და საუდის არაბეთმა დაუჭირა მხარი. 2013 წელს სირიაში საერთო სურათს "ისლამური სახელმწიფოს" არსებობაც დაემატა.

ასადის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებმაც გამოხატეს. ამერიკის შეერთებულ შტატებს კონფლიქტში ღრმად ჩარევა არ სურდა, თუმცა 2013 წელს სირიის ხელისუფლების მიერ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებამ ინტერვენციის საფრთხე შექმნა, რის გამოც დამასკო ქვეყნიდან ქიმიური იარაღის არსენალის გატანას დათანხმდა. ოპერაცია 2014 წელს დასრულდა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ იმავე წელს განაცხადეს. სირიის სამოქალაქო ომში მნიშვნელოვანი როლი სწორედ უცხოურმა ძალებმა და ინტერვენციამ ითამაშეს. აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ რადიკალი ჯიჰადისტების დაბომბვა 2014 წლიდან დაიწყო, 2015 წლიდან კი ბაშარ ასადის თხოვნით სირიის საჰაერო სივრცეში რუსული სამხედრო თვითმფრინავებიც გამოჩნდა, რომელთა სამიზნე "ისლამური სახელმწიფოს" გარდა, დასავლეთის ქვეყნებისგან მხარდაჭერილი ოპოზიციური ჯგუფებიც გახდნენ. ასადის დასაცავად რუსეთმა სამხედრო მრჩევლებიც გაგზავნა. 2015 წელს ამერიკამ სირიელი ამბოხებულების წვრთნის სადავო პროგრამა შეაჩერა. დასავლური მედიის ინფორმაციით, გაირკვა, რომ აშშ-მა ამბოხებულთა წვრთნის პროგრამისთვის 500 მილიონი დოლარი დახარჯა, რეალურად კი 60 მებრძოლი გაიწვრთნა. სირიის სახელისუფლო არმიამ ომში ყველაზე მასშტაბურ წარმატებას 2016-ში მიაღწია. ასადის ძალებმა რუსეთის ავიაციის დახმარებით ქალაქი ალეპო აიღეს. ამჟამად სირიის არმია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს, დედაქალაქს, ლიბანის სასაზღვრო ზონას და ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო ზოლს. დანარჩენ ტერიტორიას  ამბოხებულები, ისლამისტები და ქურთები ფლობენ. ალეპოს დაკავების პარალელურად 2016 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სირიაში თურქეთის მიერ ოპერაცია „ევფრატის ფარის" დაწყება, რომელიც ოფიციალური ანკარის პირველი სახმელეთო ინტერვენცია გახდა. ოპერაცია, რომელიც ისლამისტებისა და ქურთების წინააღმდეგ იყო მიმართული, მიმდინარე 2017 წლის მარტში დასრულდა.

პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, რომელიც უკვე მეჩვიდმეტე წელია ქვეყანაში ძალაუფლებას ფლობს, 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სირიის ტერიტორიის მხოლოდ 22.5% აკონტროლებს, დანარჩენს კი ომის სხვა მოთამაშეები, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო", ოპოზიცია, იგივე სირიის დემოკრატიული ძალები და სხვა მეამბოხე დაჯგუფებები.

ვინ არის ასადი ? - 2000 წლის ივლისში, რეფერენდუმის შედეგად, 97-პროცენტიანი მხარდაჭერით, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ჰაზეფ ალ ასადის მეორე ვაჟი ბაშარ ალ ასადი სირიის პრეზიდენტი გახდა. ინაუგურაციის შემდეგ, ასადის დაპირებების შესრულების მცდელობა, რომ იგი სირიაში მოდერნიზებულ ეკონომიკას ჩამოაყალიბებდა, კორუფციას შეებრძოლებოდა და საკუთარ დემოკრატიულ გამოცდილებას შექმნიდა, ჩაიშალა. როგორც BBC წერს, "დამასკოს გაზაფხული" ცოტა ხნით გაგრძელდა. 2001 წელს რამდენიმე ოპოზიციონერი დააპატიმრეს და პრესის თავისუფლება ისევ იმ ნიშნულს დაუბრუნდა, როგორც ეს მის პრეზიდენტობამდე იყო. მომდევნო ათი წლის განმავლობაში მან გააგრძელა განსხვავებული აზრის მქონე პირების, ისლამისტი და ქურთი აქტივისტების დაპატიმრება. ყოველგვარი ეკონომიკური სარგებელი, სრული მოსახლეობის ნაცვლად, მხოლოდ მმართველ ელიტასა და მის მოკავშირეებს ჰქონდათ. 2007 წელს ასადმა მეორე რეფერენდუმიც მოიგო, ასევე 97-პროცენტიანი მხარდაჭერით და კიდევ 7 წლით გაიხანგრძლივა მმართველობა.

ასადმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არაერთხელ გამოიყენა. გარდა ამისა, რუსეთის ავიაციის დახმარებით განუწყვეტლივ ბომბავს ამბოხებულთა ტერიტორიებს, რის გამოც ყოველდღიურად ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები იღუპებიან. აღსანიშნავია, რომ დასავლელი ჟურნალისტები ტერიტორიაზე  უსაფრთხოების მინიმალური გარანტიების არარსებობის გამო ვერ შედიან, ამიტომ ხშირად გაურკვეველია, თუ რა სიტუაციაა შექმნილი რეგიონში.

ქიმიური თავდასხმის კიდევ ერთი ფაქტი 2017 წლის 5 აპრილს დაფიქსირდა. სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა გამთენიისას მოხდა, როცა მოსახლეობის უმრავლესობას ჯერ კიდევ ეძინა. ავიადარტყმების შემდეგ, ადამიანებს ქიმიური მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ. ავიადარტყმები განხორციელდა იმ საავადმყოფოებზეც, სადაც დაზარალებულებს მკურნალობდნენ. სირიელი უფლებადამცველების ცნობით, ავიადარტყმები სირიულმა ან რუსულმა ავიაციამ განახორციელა. თუმცა, როგორც სირიელი სამხედროები, ასევე, რუსული მხარეც, ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარში აჯანყებულებს ადანაშაულებს. თუ სირიაში დადასტურდება ქიმიური იარაღის გამოყენება, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, მსგავსი დანაშაული, რომელიც ბოლო წლებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს.

ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის ავიაბაზაზე სამხედრო იერიშის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. დაიბომბა სწორედ ის ბაზა, რომლიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასეს და მხარი დაუჭირეს. ბაშარ ასადმა კი ამერიკის ქმედებებს "სულელური და უპასუხისმგებლო" უწოდა.

2018 წლის 28 მარტს მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აღმოსავლეთ ღუთაში, სასმელი წყალი მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერ მოსახლეობას დაურიგეს. სირიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. "დღეგრძელობა ბაშარ ასადს",- სწორედ ეს ფრაზა უნდა წარმოეთქვათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სასმელი წყლის მიღება სურდათ. პარლამენტარები ასევე შეკრებილებს ეკითხებოდნენ თუ ვინ იყო მათი პრეზიდენტი - მოქალაქეები კი, ადასტურებდნენ, რომ ეს ასადია. გარდა ამისა, ვიდეოში კიდევ ერთი სამხედრო ჩანს, რომელიც აცხადებს, რომ ყველამ ბაშარ ასადისთვის, თუ ამის საჭიროება დადგა, სიცოცხლე უნდა გაიღოს.

ასადის დიქტატორულმა რეჟიმმა სახე 8 აპრილსაც იჩინა. სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუთაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, საავადმყოფოებს მოწამვლის სიმპტომებით დაახლოებით 500-მა ადამიანმა მიმართა. ამერიკამ  მომხდარზე პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმს და მის მოკავშირე რუსეთს დააკისრა. ოფიციალურმა მოსკოვმა კი ბრალდებები უარყო. საერთაშორისო კოალიციაში შემავალი ქვეყნები სირიას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სარაკეტო დარტყმებით ემუქრებოდნენ.

ავიადარტყმამდე 3 დღით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა. მან აღნიშნა, რომ სირიის მიმართულებით „ჭკვიან რაკეტებს“ გაუშვებდა. "რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, რადგან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი (საუბარია ბაშარ ასადზე), რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს", - დაწერა ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

მოგვიანებით, სირიაზე შესაძლო ავიადარტყმის განხორციელებაზე საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთიც ალაპარაკდნენ. რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ საერთაშორისო კოალიციამ 14 აპრილს სირიის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. კოალიციის ეს ქმედება ცივილიზებულმა სამყარომ დადებითად შეაფასა. განსხვავებული პოზიცია ასადის რეჟიმის მოკავშირე რუსეთსა და ირანს აქვს. ორივე ქვეყნის ლიდერმა იერიში დაგმო და ის აგრესიად შეაფასა. გარდა ამისა, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მომხდარის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

სირიის ომის უმძიმესი შედეგები 7 წლის განმავლობაში - 480 ათასი დაღუპული, მათ შორის 19 ათასი ბავშვი, 11 მილიონი ლტოლვილი და 6 მილიონი იძულებით გადაადგილებული.

სამშვიდობო მოლაპარაკებების მრავალი რაუნდის ჩაშლის ფონზე სირია შემდეგი შეტევის მოლოდინშია.

 

ბელა არუთინოვი



სოციალური ქსელები
კომენტარები



ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ
სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა
კვირიკაშვილი: არ ვართ ილუზიაში, კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics