06:13 - 19 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 17:33:05, 2566 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

„ამ წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონი ლარი და აქ საუბარია ჩვენი გადამხდელების ფულზე, არის გაფლანგული ნულოვან სოციალურ გავლენაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონმდებლებმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს. 

ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისა და განხილვების შედეგებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანია, „ათეულობით მილიონი ლარი, პრაქტიკულად,  ნულოვან რეიტინგში არ გაიფანტოს". 

„ცვლილებების მიზანი არის ის, რომ არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი პრაქტიკულად ნულოვან რეიტინგში. რეიტინგიც არ არის აქ მთავარი. მთავარია სოციალური გავლენა. ანუ, ნულოვან სოციალურ გავლენაში არ უნდა გაიფლანგოს ათეულობით მილიონი და ამ წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარი და აქ საუბარია ჩვენი გადამხდელების ფულზე, არის გაფლანგული ნულოვან სოციალურ გავლენაში, რასაც მშვიდად აკვირდებოდნენ, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც დღეს აკრიტიკებენ ამ კანონპროექტს. არავის, სამწუხაროდ, არ ადარდებდა ის,რაც ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. კერძოდ, ის, რომ ასეულობით მილიონი ლარი გაიფლანგა ნულოვან სოციალურ გავლენაში საზოგადოებრივ მაუწყებელში. ამ ვითარებას ესაჭიროება, ბუნებრივია, ცვლილება და ზუსტად ამ ცვლილებას ემსახურება მათ შორის ის ორი ასპექტი კანონპროექტის, რომელიც არის დღეს ვეტოს საგანი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესყიდვებთან დაკავშირებით გამართული დისკუსიის შედეგად, შეთანხმება მიღწეულ იქნა. „შევთანხმდით იმაზე, რომ მანამდე არსებული პროცედურა იყო შესაცვლელი ახალი მოდელით - ზუსტად იმ მოდელით, რომელიც არის ასახული. უფრო მეტიც, ჩვენმა ოპონენტებმა აღნიშნეს, რომ შესყიდვების ეს ახალი წესი უნდა გავრცელდეს სხვა მსგავს სუბიექტებზეც- ანუ, ეს სწორია და უნდა გავრცელდეს სხვა სუბიექტებზეც, როგორიც არის, მაგალითად, შემოქმედებითი გაერთიანებები, მაგალითად, თეტრები. ანუ, ამ დონის შეთანხმება შედგა. რეკომენდაცია გაუწიეს, რომ სხვაზეც გავავრცელოთ ეს „კორუფციული" წესი, რომელიც ამოქმედდა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ანუ, ამ დონის შეთანხმება შედგა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედია ორგანიზაციებთან, შესაბამისად, ჩემთვის, პირადად, ეს საკითხი მოიხსნა იმ განხილვების საფუძველზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, იყო ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, მინიმალური სტანდარტების კანონმდებლობის დონეზე დაკონკრეტებას გულისხმობდა. „მქონდა დამატებითი კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან, და ამაზეც შევჯერდით, რომ ერთად დავსხდებით, განვიხილავთ დამატებით კრიტერიუმებს, რომელიც შეიძლება ჩაიდოს კანონში და თუ ამის საჭიროებას ერთად დავინახავთ, ამ შემთხვევაში, ეს კრიტერიუმები დამატებით აუცილებლად დაკონკრეტდება",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც განმარტა, თუ რა პრობლემას ქმნიდა არსებული შესყიდვების წესი. მისი თქმით, პრობლემა საკმაოდ სერიოზული იყო და კონკრეტულ შედეგებში აისახებოდა.  როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ხარისხიანი პროდუქციის შეძენა შეუძლებელი იყო და ცვლილებები სწორედ ამ პრობლემას გადაწყვეტს.

„კანონის თანახმად, 25 % უნდა დაიხარჯოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ე.წ. აუთსორსინგის ანუ გარეთ გატანის მეშვეობით - პროდუქცია უნდა შეიქმნას გარეთ. იმის გამო, რომ უკიდურესად მოუქნელი იყო პროცედურა, ამ ვალდებულების შესრულებას მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ახერხებდა. მარტივად რომ ვთქვათ, იმ პროცედურით, რომელიც აქამდე იყო ასახული კანონში, შეუძლებელი იყო ხარისხიანი პროდუქციის შეძენა. შესაბამისად, რა ხდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეალურად, ხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად შტატში იყვანდა თანამშრომლებს, შიგნით შემოჰქონდა რესურსი და არ ასრულებდა კანონში ჩადებულ ვალდებულებას. ეს იყო ვითარება და ეს ძალიან ცუდი ვითარება გამოწვეული იყო იმ ხისტი წესით, რომელიც დაკავშირებულია შესყიდვებთან, ამიტომ, ძალიან ხელშესახები იყო პრობლემა და ზუსტად ამ პრობლემის საპირისპიროდ შეიცვალა შესყიდვებთან დაკავშირებული წესი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კორუფციის რისკზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რაც უფრო მარტივდება პროცედურა, მით უფრო მაღალია რისკი, თუმცა, საზოგადოებრივ მაუწყებლის შემთხვევაში რიგი დამცავი მექანიზმები არსებობს.

„ ეს არის სამეურვეო საბჭო, რომელიც აკონტროლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას; პარლამენტი, რომელსაც შეუძლია მეთვალყურეობა გაუწიოს თვითონ სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას; სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ბოლოს თუ გართულდა საქმე, ეს არის პროკურატურა და ეს არის საზოგადოება, რომელსაც აქვს ხელმისაწვდომობა ნებისმიერ ინფორმაციაზე გამომდინარე იქიდან, რომ სამეურვეო საბჭო ძალიან ფართო წარმომადგენლობით არის დაკომპლექტებული. კორუფციის პრევენციის მექანიზმები არის ძალიან ფართოდ წარმოდგენილი ამ შემთხვევაში, შესაბამისად, ეს აზღვევს იმ რისკს, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული კორუფციასთან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ხარისხიანი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას ვერც ორეტაპიანი ტენდერი მისცემდა.

რაც შეეხება რეკლამას - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არგუმენტების ლოგიკური ჯაჭვი არსებობს ამასთან დაკავშირებითაც.

„დაისვა კითხვა, რისთვის სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებითი სარეკლამო კომპონენტი. რეკლამა აქამდეც ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინა ხელისუფლების პირობებში იყო ეს ცვლილება მიღებული, და რაც ყველაზე საინტერესოა, მაშინ რეკლამა დაუკავშირდა ისეთ პროდუქციას, რომელსაც შექმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან არ სჭირდება. ეს არის სპორტული გადაცემები. სპორტულ გადაცემას, ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატს ყიდულობ ისე, რომ პროდუქციას, როგორც ასეთი, არ ქმნი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, რომ მას უფრო ხარისხიანი პროდუქციის შემქნის სტიმულირებისთვის ესაჭიროება სარეკლამო კომპონენტი. ანუ, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზანი აქვს კომერციული რეკლამის კომპონენტის დამატებას, ვიდრე თავის დროზე ჰქონდა, როდესაც სპორტულ კომპონენტს დაემატა რეკლამა. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, რამდენჯერმე იყო მოყვანილი საერთაშორისო მონაცემები, რაც მე გამიკვირდა, იმიტომ, რომ საერთაშორისო პრაქტიკა ამ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტების წინააღმდეგ მეტყველებს. და რატომ? იმიტომ, რომ რომ ავიღოთ სახელმწიფო დაფინანსება და რომ ავიღოთ რეკლამის კომპონენტი, ორივე შემთხვევაში,  საქართველო არის აუტსაიდერი. ბევრად მეტი სახელმწიფო დაფინანსება აქვს სხვა ქვეყნებს, ევროპის მასშტაბით, საქართველოსთან შედარებით, აქ საუბარი არ მაქვს აბსოლუტურ ციფრებზე, საუბარი მაქვს მშპ-სთან მიმართებაზე და ბევრად მეტია მათი წილი კომერციული რეკლამის თვალსაზრისით. ანუ, საერთაშორისო პრაქტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ბევრად ნაკლები სახელმწიფო დაფინანსება, ვიდრე  ევროპულ მაუწყებლებს და ასევე, ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრად ნაკლები აქვს სარეკლამო წილი, ვიდრე  ევროპულ მაუწყებლებს. ანუ, საერთაშორისო პრაქტიკა თავიდან ბოლომდე ამყარებს იმ არგუმენტებს, რომლებიც ჩვენი მხრიდან იყო წარმოდგენილი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ევროპულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრად მაღალი ბიუჯეტი და კომერციული შემოსავლები რჩება, ვიდრე ეს საქართველოში ხდება. ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„აქ საერთაშორისო პრაქტიკის მოყვანა ოპონენტების მხრიდან იყო აბსოლუტურად უადგილო. მაშინ, როდესაც აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ცვლილება გამოიწვევს რყევებს მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით, რაც ბუნებრივია, აბსურდია. ერთ და ორ პროცენტს მედიაბაზარში არ შეუძლია რაიმე რყევების გამოწვევა. ეს არის შეუძლებელი. თან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში, ამ ოთხი წლის განმავლობაში არის რადიკალურად გაზრდილი სატელევიზიო ბაზარი, სარეკლამო ბაზარი. 25 მილიონით, 40 %-ით არის გაზრდილი სარეკლამო ბაზარი 2012 დან 2016 წლამდე. იმდენად მაღალია როგორც ჩანს მოგების მარჟა. რომ ხშირად, მაუწყებლები უარს ამბობენ მილიონობით ლარის შემოსავალზე, გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად, როდესაც შარშან საარჩევნო კამპანია წარიმართებოდა, ერთ-ერთმა კერძო მაუწყებელმა უარი თქვა რამდენიმე მილიონიან შემოსავალზე იმის საფუძველზე, რომ 90 %-იანი დისკაუნტი დააწესა პოლიტიკურ რეკლამაზე. ეს არის იმ მიღწევების შედეგი, რომელიც ჩვენ გვაქვს მედია პლურალიზმის თვალსაზრისით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ბაზრის განვითარებაზე დაკვირვება იგეგმება  და იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ცვლილებები სარეკლამო ბაზარზე უარყოფით შედგებს გამოიწვევს, მაშინ კანონი გადაიხედება. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანი არის პოზიტიური და ის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განვითარების საშუალების მიცემას გულისხმობს.

„შევთანხმდით, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპონენტებთან, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებით ბაზრის განვითარებას და თუ ერთად დავინახავთ, რომ რაიმე უარყოფითი შედეგი გამოიწვია ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა სარეკლამო ბაზარზე, ამ შემთხვევაში ერთად გადავხედავთ იმ კანონს, რომელიც იქნება ჩვენს მიერ მიღებული. ეს არის საერთო სურათი, საერთაშორისო პრაქტიკა, ანალიზი, რას წაიღებს, ვისგან წაიღებს, რამდენს წაიღებს, ყველაფერი მეტყველებს სულ მცირე, იმაზე, რომ არაფერი არ ფუჭდება. მიზანი არის პოზიტიური. მიზანი არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცეს განვითარების საშუალება, ანუ ნულოვანი სოციალური გავლენიდან ამოსვლა პოზიტიურ შედეგზე. ეს არის ჩვენი მიზანი. არაერთხელ ითქვა, როდესაც დებატები წარიმართებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ტელევიზიებში, საზოგადოებაში რომ კრიზისია თურმე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ეს კრიზისი დადგა წელს. მაშინ როდესაც მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ნულოვან სოციალურ გავლენაში , ჯამში ასეულობით მილიონი ლარი. რა კრიზისზეა საუბარი ეს თუ წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადება არ არის. ჩვენ მშვიდად ვერ ვუყურებთ ათეულობით მილიონი ლარის ფლანგვას, საუბარია, ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილ საგადასახადო ფულზე. ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი ათეულობით მილიონის ფლანგვას ყოველწლიურად ჩვენ მშვიდად ვერ ვუყურებთ, რასაც მშვიდად უყურებდნენ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის ჩვენი ოპონენტები, რაც ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის. ჩვენ ეს არ შეგვიძლია. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი  იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პირველად საქართველოს ოსტორიაში შეიძინოს მინიმალური სოციალური გავლენა, რაც მას უნდა ჰქონდეს. ეს არის საერთო სურათი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - კანონპროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას და მის მიერ სოციალური გავლენის შეძენას. ეს კანონპროექტი არ იწვევს პრაქტიკულად არავითარ ცვლილებას კერძო მაუწყებლების მიმართ, შემოსავლების კუთხით, მედია ბაზრის კუთხით. ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ დავაზუსტოთ გარკვეული რეგულაციები და ამაზე დაიწყება აუცილებლად მუშაობა და კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედია ორგანიზაციებთან.მომდევნო 1-1,5 წლის განმავლობაში დავაკვირდებით მედიაბაზარს    და თუ მოხდება რაიმე პრობლემის იდენტიფიცირება   მედიაბაზარზე კერძო მაუწყებლებისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ჩავერევით საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე.და ბოლოს ვიტყვი, რომ მედიაპლურალიზმი არის ის, რაც 2012 წლამდე არ იყო საქართველოში, იყო სრული მონოპოლია მედიის  სფეროში და მედია პლურალიზმი არის ის მიღწევა, რომელიც დადგა საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ამ ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით, და ამ მიღწევას ჩვენ კვლავაც განსაკუთრებულად გავუფრთხილდებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტზე" საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა გააცნო.  შენიშვნების გაცნობის შემდეგ, ანა ნაცვლიშვილმა შეკითხვებს უპასუხა და პარლამენტის წევრთა მოსაზრებები მოისმინა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 83 ხმით დაძლია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს
მდინარაძე აშშ-თან პარტნიორობაზე - თუკი სტრატეგიული პარტნიორი არც სავაჭრო ურთიერთობაში მოგყვება, არც ფრენებს გიხსნის და არც ვიზებს გაძლევს შენ მოქალაქეებზე, აქ თამამად უნდა დასვა ეს საკითხები
პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს „ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის“ ათი წლისთავი მიულოცა
მდინარაძე - ე.წ. ვეტინგის საკითხი, შეგვიძლია, დახურულად გამოვაცხადოთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics