06:18 - 19 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 13:28:45, 3514 ნახვა

სხვადასხვა
ტატალაშვილის „დაბრუნება“ - ექსკლუზიური ინტერვიუ სპორტსმენთან

მიმდინარე წლის 10-11 თებერვალს, სპორტის ქომაგთა ყურადღება პარიზში, ძიუდოს დიდ სლემზე იყო მიმართული, სადაც 71 ქვეყნის 403 წარმომადგენელთან ერთად, ქართველი ძიუდოისტებიც ასპარეზობდნენ.

ტურნირი ქართველმა ათლეტებმა 4 მედლით (2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) დაასრულეს. მონაწილეთა შორის იყო გორელი ძიუდოისტი, 81 - კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო შეჯიბრის მსვლელობისას, ხოლო მისი მოპოვებული ბრინჯაოს მედალი გულშემატკივრებმა ოქროსაც კი გაუთანაბრეს.  ბაჩომ (ასე ეძახიან ნუგზარს მეგობრები)  შარშან წონა შეიცვალა და 73 კგ-დან 81 კგ. წონით კატეგორიაში ავიდა. ამის შემდეგ მან გამოიარა საკმაოდ რთული ფეხის ტრავმა, შემდეგ ოპერაცია და შესაბამისად აქტიურ სპორტულ ასპარეზს ფეხი დროულად ვერ აუწყო. თუმცა, როგორც მისი მწვრთნელები და თანაგუნდელები გვიყვებიან, ვარჯიში არცერთი დღე არ შეუწყვიტავს. “ძალიან მშრომელი ბიჭია, თამამად შეიძლება ითქვას, სამაგალითო. ფეხზე ოპერაცია რომ გაიკეთა, ყავარჯნებით ძლივს მოდიოდა დარბაზში, მანქანიდან ძლივს გადმოდიოდა. იდგა და ხელებით ვარჯიშობდა. ვეუბნებოდით წადი სახლში, მოირჩინე ფეხი და მერეც მოასწრებ ვარჯიშსო, მაგრამ არ გვიჯერებდა. ისიც მეყოფა რომ ფეხებს ვერ ვტვირთავ და ხელები რისთვის დავასვენო, ისედაც დრო არ ითმენსო. აი ასეთი კაცია ბაჩო. თავს არ ზოგავს და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი, დაუფასდება ისე, როგორც იმსახურებს.” - გვიყვება მისი თანაგუნდელი.   მშრომელი, თავდაუზოგავი და მებრძოლი ადამიანი - ეს ის ეპითეტებია, რომელსაც გულშემატკივრები სოციალურ ქსელში მისთვის არ იშურებენ.  ჩვენ დავუკავშირდით ბაჩოს პარიზში, რომელსაც ექსკლუზიური ინტერვიუ ვთხოვეთ:

 

  • ბაჩო, პირველ რიგში გილოცავთ პარიზის დიდ სლემზე მიღწეულ წარმატებას.
  • მოგესალმებით. პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით დაინტერესებისთვის და გვერდში დგომისთვის.  ასევე გულშემატკივრებს, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს თითოეულ გამარჯვებაში. 
  • ბაჩო, ჩვენ ვნახეთ საკმაოდ დაძაბული ფინალი, და ამ ფინალის შემდეგ თქვენი ემოციები, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებდა. გვითხარით, რას გრძნობთ ახლა.
  • რაც შეეხება ჩემს გრძნობებსა და ემოციებს, ნამდვილად რთულია გადმოვცე განცდები.  ერთი ის ვიცი, რომ ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ.  პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამდენი ადამიანის იმედი გავამართლე და შემდეგ, საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ამდენი სირთულისა და ტრავმის შემდეგაც კი შემიძლია მყარად ფეხზე დადგომა.  ტატამზე წარმატებით ასპარეზობა და კვარცხლბეკზე მედლით საპრიზო ადგილის დაკავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მოტივაციისთვის.
  • ბაჩო, ცოტა ხნის წინ თქვენ შეიცვალეთ წონა. ამის შემდეგ იყო საკმაოდ რთული ოპერაცია. მოგვიყევით მკითხველისთვის რა უცნობი გზა გამოიარეთ.
  • დიახ, ცოტა ხნის წინ შევიცვალე წონა. იყო რამდენიმე მიზეზი, რამაც ეს განაპირობა. ბუნებრივია, ყველა სპორტსმენისთვის ურთულესია წონის შეცვლის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა.  პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან ბევრის დაკლება მიწევდა, რასაც ორგანიზმი ვერ უძლებდა და ძალიან ხშირად ვიღებდი ტრავმებს. ერთ-ერთი ასეთი იყო მუხლის პრობლემა, რაზეც ოპერაციის გაკეთებაც დამჭირდა. შემდეგ გავიარე რეაბილიტაცია და დავიწყე ვარჯიში. ფაქტობრივად ნულიდან დავიწყე ისევ ყველაფერი. ახალი წონითი კატეგორია, სადაც დიდი კონკურენციაა და ბუნებრივია შრომაც გაათმაგებული მიწევს. თუმცა, არცერთი წამით არ მაბრკოლებს ეს ყველაფერი, პირიქით, დიდი კონკურენცია უფრო ძალასა და შემართებას მმატებს. მზად ვარ ვიბრძოლო ბოლომდე.
  • სოციალურ ქსელებში, ძიუდოს გვერდებს თუ გადავხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს თქვენზე. ზოგიერთებმა თქვენს ასპარეზობას “დიდი დაბრუნებაც” კი უწოდეს. რას გვეტყვით თქვენ, რამდენად გრძნობთ გულშემატკივართა გვერდში დგომას და რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის? დარწმუნებული ვარ, გექნებათ მათთვის სათქმელი.
  • სწორად აღნიშნეთ, რომ სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს მათთვის. მერწმუნეთ, სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ თუ რა გრძნობაა, როდესაც ადამიანების გვერდში დგომასა და მხარდაჭერას გრძნობ. ამიტომ ჩემი საქმით გავცემ მათ უფრო ღირსეულ პასუხს, ვიდრე ბანალური მადლობით. მაქსიმალურად დავიხარჯები მათთვის, ვისაც ჩემი სჯერა და ჩემი წარმატება ახარებს. თავს არ დავზოგავ არცერთი წამით, რადგან გულშემატკივართა გვერდში დგომა და სიყვარული არის შეუფასებელი ჯილდო, რომელიც მარტივად არ მოიპოვება. ეს არის ჩემთვის მთავარი სტიმული, რომ ვირწმუნო ჩემი შესაძლებლობების და შემდეგ ბოლომდე მოვახდინო რეალიზება. ეს არის სტიმული იმისა, რომ ჩემს უკან დგანან ადამიანები, რომელთა იმედის გაცრუების არანაირი უფლება არ გამაჩნია.
  • სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
  • გეგმები არის ისევ ისეთი, როგორიც იყო აქამდე. არცერთი დღე შესვენება. ბევრი ვარჯიში და უფრო და უფრო მეტი შრომა. კონკურენცია ჩემს წონაში არის საკმაოდ დიდი, თითოეული კონკურენტი არის ღირსეული და ანგარიშგასაწევი, შესაბამისად მოდუნების უფლება არ მაქვს.
  • ბაჩო, თქვენი თითოეული შეხვედრა გამოიყურებოდა ძალიან საინტერესოდ და სანახაობრივად.  აქვე გავიხსენებ ბულგარელ მეტოქესთან შეხვედრას, სადაც გდება გაუშვით, მაგრამ სულ რამდენიმე წამში გაათანაბრეთ ანგარიში. საინტერესოა თქვენი შეფასება ამ ყველაფერზე.
  • თითოეულ შეხვედრაზე გავდიოდი განსაკუთრებული განწყობითა და შემართებით. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ არც დაღლით დავიღლებოდი და გამძლეობაც საკმარისად კარგი მექნებოდა, ჩემი მომზადებიდან გამომდინარე. ბულგარელ მეტოქეს რაც შეეხება, იგი არის საკმაოდ ძლიერი და ტიტულოვანი სპორტსმენი. დიახ, გდება გავუშვი, თუმცა არ დავიბენი. უფრო მონდომებით გადავედი შეტევაზე და ამან შესაბამისი შედეგიც გამოიღო. შეხვედრა ჩემს სასარგებლოდ დასრულდა.
  • ბაჩო, თქვენი სიხარულის ცრემლები, ალბათ ჩემს კითხვას წინასწარვე პასუხობს. მაგრამ მაინც გკითხავთ. რას ნიშნავს ეს მედალი თქვენთვის? იმას, რომ თქვენ მართლად დაბრუნდით? თუ იმას, რომ ახალ წონაში თქვენი სათქმელი თქვით. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა რამდენად გქონდათ და რა შეცვალა ამ მედალმა თქვენში. ერთი სიტყვით, როგორი იყო ბაჩო ტატალაშვილი ტურნირამდე და როგორია ახლა, ტურნირის შემდეგ?
  • გრძნობა და სიხარული, რამაც ტატამზე სრული ამ სიტყვის მნიშნელობით ამატირა, გადმოსაცემად შეუძლებელია. თქვენ თვითონ ნახეთ როგორი ემოციური გავხდი უცებ. ზოგისთვის ეს უბრალო მედალია. ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია და ძვირად ფასობს. დიახ, ბრინჯაო არის, მაგრამ ჩემთვის ოქროა. საკუთარი თავისთვის, რწმენისთვის, რომ შრომა არ იკარგება. ბუნებრივია განვიცდი უკმარისობის გრძნობას, მეტი მინდოდა, მაგრამ ეს პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი იყო და სწორედ ამიტომ ფასობს ასე ძვირად ჩემთვის. სწორედ ამიტომ ვუთანაბრებ ოქროს. ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უნდა გვჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების. საკუთარი თავის. ჩვენ თუ შეგვეპარება ჩვენს თავში ეჭვი, სხვას როგორღა დავუმტკიცებთ რა შეგვიძლია?! ასე, რომ რწმენა უმთავრესია. რწმენა საკუთარი თავის, ღმერთის და იმ ადამიანების, რომლებიც იმედიანი თვალით გვიყურებენ.
  • დიდი მადლობა ბაჩო ასეთი საინტერესო საუბრისთვის.  დიდ წარმატებებს გისურვებთ და გვიგულეთ თქვენს გვერდით ყოველთვის.
  • მადლობა თქვენ, თქვენს მკითხველსა და თითოეულ გულშემატკივარს!

 

ნიკა გურინი 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს
მდინარაძე აშშ-თან პარტნიორობაზე - თუკი სტრატეგიული პარტნიორი არც სავაჭრო ურთიერთობაში მოგყვება, არც ფრენებს გიხსნის და არც ვიზებს გაძლევს შენ მოქალაქეებზე, აქ თამამად უნდა დასვა ეს საკითხები
პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს „ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის“ ათი წლისთავი მიულოცა
მდინარაძე - ე.წ. ვეტინგის საკითხი, შეგვიძლია, დახურულად გამოვაცხადოთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics