23:22 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 11:18:35, 3331 ნახვა

საზოგადოება
NDI: მოსახლეობა არჩევნების პროცესს უმეტესად დადებითად აფასებს; თუმცა აწუხებს გარემოს დაბინძურება და მედიის სანდოობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს.

თუმცა, ქვეყნის მიმართულებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაზრდილია: მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, 39 პროცენტი, მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს გასულ წელს დაფიქსირებული პირველი შემთხვევაა, როდესაც უკმაყოფილოთა რიცხვი აღემატა იმ ადამიანების რიცხვს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება (26 პროცენტი) ან საერთოდ არ იცვლება (32 პროცენტი).

მოქალაქეები რიგ ეკონომიკურ და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოყოფენ. სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, ხოლო გზები და გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად რჩება. გარემოს დაბინძურების საკითხი განსაკუთრებით აწუხებთ თბილისში, სადაც ეს ნომერ პირველ პრობლემად დასახელდა.

“გარემოს დაცვის სამინისტროს, როგორც ცალკე მდგომი ინსტიტუტის, გაუქმების პირობებში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მოქალაქეების მოთხოვნა, რომ არ მოხდეს გარემოს დაცვისთვის საჭირო რესურსებისა და პოლიტიკის უგულვებელყოფა”, - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა.

მოსახლეობის 66 პროცენტმა განაცხადა, რომ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ამავე მონაცემებით, ახალგაზრდა ამომრჩევლების მხოლოდ 51 პროცენტი წავიდა ხმის მისაცემად. მოსახლოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები იყო “უსაფრთხო” (93 პროცენტი), “მოწესრიგებული” (93 პროცენტი) და გარემო არ ყოფილა “შემავიწროვებელი/შემაშინებელი” (92 პროცენტი). უმრავლესობა ფიქრობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ “საშუალოდ” (40 პროცენტი) ან “კარგად” (42 პროცენტი) ჩაატარა არჩევნები. თუმცა, მოსახლეობის მესამედი (30 პროცენტი) არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლის პროცესი სწორად წარიმართა. მოქალაქეების ასევე მესამედს მიაჩნია, რომ კანდიდატების მედია გაშუქება არათანაბარი იყო, ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ დაიხარჯა თანხა და საჯარო მოხელეები კამპანიებში მონაწილეობდნენ. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია თბილისში.

“მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნების პროცესს, მთლიანობაში, დადებითად აფასებს, საყურადღებოა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხმების დათვლის პროცესს არ ენდობიან. კვლევის ეს მიგნება თანხვედრაშია არჩევნების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებთანაც. ხმების დათვლის პროცესისადმი ნდობის ამაღლების მიზნით, საარჩევნო

ადმინისტრაციამ და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ამ პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობები უნდა განიხილონ”, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

NDI-ს ცნობით, ნდობის ნაკლებობის პრობლემა დემოკრატიის სხვა ასპექტებზეც ვრცელდება. მოსახლეობის 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ქართული ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ. 51 პროცენტი ამავე პრობლემას ხედავს ონლაინ მედიაში, 43 პროცენტი კი - ჟურნალ-გაზეთებში.

“ჟურნალისტიკისა და ახალი ამბების წყაროების მიმართ უნდობლობა გლობალური და შემაშფოთებელი ტრენდია. აუცილებელია, ხელი შევუწყოთ ჟურნალიტიკის რეპუტაციისა და სტანდარტების გაუმჯობესებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მონიტორინგის სისტემების დანერგვასა და საქართველოს მოსახლეობისთვის სანდო მედია სივრცის შექმნას“, - განაცხადა თორნტონმა.

მოსახლეობის უმეტესობა, 72 პროცენტი, კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 64 პროცენტი კი მიესალმება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას.

მოქალაქეების 41 პროცენტი ამბობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, 36 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ამერიკა უფრო ძლიერია.

„ეს შედეგები, შესაძლოა, ავხსნათ როგორც საქართველოსთვის ამ ქვეყნების სამხედრო ძალების გავლენისა და აქტუალობის, და არა როგორც სამხედრო შესაძლებლობების შეფასება.

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია დააკავეს
სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გაუშვა და გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო - ვიდეო
მიშელი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics