02:53 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 16:21:10, 2574 ნახვა

მსოფლიო
„მინდა ყველა გოგოს ვუთხრა - ჰორიზონტზე ახალი დღე ჩანს“ - ოპრა უინფრის გამოსვლა Golden Globes-ზე

გუშინ, Golden Globes 2018-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ერთ-ერთი ყველაზე ემოციური გამოსვლა სცენიდან ტელეწამყვან და მსახიობ ოპრა უინფრის ჰქონდა, რომელსაც სესილ ბი დემილის საპატიო ჯილდო გადაეცა.

უინფრის გამოსვლამ დარბაზში მყოფი საზოგადოების დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

"1964 წელს, როდესაც პატარა გოგო ვიყავი, მილუოკიში, დედაჩემის სახლში, ლინოლიუმის იატაკზე ვიჯექი და ოსკარის დაჯილდოებას ვუყურებდი. ამ დროს ანე ბანკროფტმა საუკეთესო მსახიობის ნომინაცია წარადგინა. როდესაც მან კონვერტი გახსნა, ბანკროფტმა 5 სიტყვა წარმოთქვა, რომლებმაც ისტორია შეცვალა: "გამარჯვებული არის სიდნი პოიტიე". სცენაზე ყველაზე ელეგანტური კაცი გამოვიდა, ვინც კი ოდესმე მინახავს. მისი ჰალსტუხი იყო თეთრი, კანი კი, რა თქმა უნდა შავი. მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შავკანიან მამაკაცს შეიძლება ასეთი ოვაციებით შეხვედროდნენ. ბევრჯერ მიცდია, სხვებისთვის ამეხსნა, თუ რას ნიშნავდა ეს მომენტი პატარა გოგოსთვის, ბავშვისთვის, რომელიც დაჯილდოებას ღატაკი ქუჩებიდან უყურებდა. მაშინ, როდესაც დედამისი სხვა ადამიანების სახლების დალაგებისგან გადაღლილი ბრუნდებოდა სახლში. ამ დროს რისი თქმაც შემეძლო იყო: ამინ. ამინ.

1982 წელს სიდნიმ ზუსტად ამ სცენაზე მიიღო სესილ ბი დემილის სახელობის ჯილდო. ახლა, როდესაც ამავე ადგილას ვდგავარ, არ მავიწყდება, რომ ახლა, ამ წუთას უამრავი პატარა გოგო მიყურებს და ხედავენ, რომ ეს ჯილდო პირველად გადაეცა აფროამერიკელ ქალს.

ჩემთვის დიდი პატივია ამ მომენტის თქვენთან ერთად გაზიარება. დარბაზში უამრავი ადამიანია, ვინც შთამაგონა, გამოწვევების გადალახვაში დამეხმარა და უბრალოდ შესაძლებლობა მომცა, იმ სახლიდან ამ სცენამდე მოვსულიყავი. მადლობა დენის სვენსონს, რომელმაც A.M. Chicago-ში როლზე დამამტკიცა, მადლობა ქუინსი ჯონსს, რომელმაც პირველად ამ შოუში მნახა და სტივენ სპილბერგს უთხრა, სწორედ ეს გოგო არის სოფია იისფერში, გეილს, რომელიც მეგობრის განმარტებაა და სტედმენს, რომელიც მუდმივად მიჭერს მხარს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, იმ ადამიანების ვინც უნდა დავასახელო.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას, რადგან ყველამ ვიცით, როგორი წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა დღესდღეობით. ჩვენ ასევე ვიცით, რომ პრესა საკუთარ თავს უძღვნის იმ საქმეს, რომ აბსოლუტური სიმართლე გამოააშკარავოს. ისინი ყოველდღიურად იბრძვიან იმისთვის, რომ აღარასდროს დავხუჭოთ თვალი კორუფციაზე, უსამართლობაზე, საიდუმლოებსა და ტყუილებზე.

მინდა გითხრათ, რომ პრესას ასეთ რთულ მომენტებში ყველაზე მეტად ვაფასებ. რაც დაზუსტებით ვიცი, ეს ისაა, რომ სიმართლე ყველაზე ძლევამოსილი იარაღია, რომელიც ყველას გვაქვს. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ქალებს, რომლებმაც შეძლეს ძლიერები ყოფილიყვნენ და საკუთარი პირადი ისტორიები გვიამბეს.

თითოეული ჩვენგანი ამ დარბაზში იმ ამბების გამო მოხვდა, რომლებიც მოგვიყოლია. დღეს კი თავად ვართ ასეთი ამბები. ეს ისტორია მხოლოდ გასართობ ინდუსტრიას არ ეხება. ეს ის ისტორიაა, რომელიც ყველა წარმომავლობის, სფეროს, გეოგრაფიის, რასის, რელიგიის თუ პოლიტიკური შეხედულებების ქალს აერთიანებს. ამიტომ მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ ქალების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში უძლებდნენ დამცირებასა და ძალადობას, რადგან მათ დედაჩემის მსგავსად, შვილები უნდა გამოკვებონ, ქვითრები უნდა გადაიხადონ და ოცნებები უნდა აისრულონ. ეს ის ქალები არიან, რომელთა სახელებსაც ჩვენ ვერასდროს გავიგებთ.

ისინი მუშაობენ სხვების სახლებში, ფერმებში, ქარხნებში, რესტორნებში, ისინი აკადემიკოსები არიან, მუშაობენ პოლიტიკის, ბიზნესის, ტექნოლოგიების სფეროში. ისინი ათლეტები არიან ოლიმპიურ თამაშებზე და სამხედროები არიან ჯარში.

კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ: რისი ტეილორი. ეს სახელი და გვარი მე კარგად ვიცი და მგონია, რომ თქვენც უნდა იცოდეთ. 1942 წელს რისი ახალგაზრდა ქალი და დედა იყო, რომელიც წირვიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ექვსმა შეიარაღებულმა თეთრკანიანმა გაიტაცა, გააუპატიურა და გზის პირას დატოვა. ის ეკლესიიდან ბრუნდებოდა. ისინი დაემუქრნენ, რომ მოკლავდნენ, თუ ამ ამბავს ვინმეს უამბობდა. თუმცა ეს ამბავი მაინც გამოაშკარავდა და მის შესახებ უფლებათადამცველმა როზა პარკსმა შეიტყო. პარკსი, მისი საქმის მთავარი გამომძიებელი გახდა და ერთად, თავდაუზოგავად იბრძოდნენ სამართლიანობის აღსადგენად. თუმცა, მაშინ, ჯიმ ქროუს კანონების ეპოქაში სამართლიანობა ვარიანტადაც არ განიხილებოდა და ის მამაკაცები არასდროს დასჯილან. რისი ტეილორი 10 დღის წინ 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ძალიან ბევრი წელი იცხოვრა ისეთ კულტურაში, რომლის სადავეებიც მოძალადე კაცებს ჰქონდათ. დიდი ხნის განმავლობაში ქალების ხმა არავის ესმოდა და მათ არავინ უჯერებდათ, როდესაც სიმართლეს ამბობდნენ კაცების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ იმ კაცების დრო უკვე ამოიწურა. იმედი მაქვს, რისი ტეილორი ისე გარდაიცვალა, რომ იცოდა საკუთარი სიმართლე, იმ ქალების სიმართლე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ და ახლაც იტანჯებიან. ეს სიმართლე ყველა იმ ქალის მხარესაა, ვისაც უთქვამს "მეც" და ყველა იმ კაცის მხარეს, ვინც გადაწყვიტა, ჩვენთვის მოესმინა. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, მუდმივად ვცდილობდი, ტელევიზიითა თუ ფილმებით, ადამიანებისთვის ამეხსნა, როგორ იქცევიან კაცები და ქალები სინამდვილეში. როგორ განიცდიან სირცხვილს, სიყვარულს, სიბრაზეს...როგორ ეცემიან, იხევენ უკან, მერე კი ფეხზე დგებიან და ბრძოლას აგრძელებნ. მინდა ყველა იმ გოგოს ვუთხრა, ვინც ახლა მიყურებს: ჰორიზონტზე ახალი დღე ჩანს და როცა ეს დღე, ბოლოს და ბოლოს, გათენდება, ეს იმ არაჩვეულებრივი ქალების დამსახურება იქნება, რომლებიც ახლა აქ სხედან. ასევე იმ ფენომენალური კაცების, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ შექმნან მომავალი, სადაც აღარავინ იტყვის "მეც". დიდი მადლობა", - მიმართა ტელეწამყვანმა საზოგადოებას.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics