08:43 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 15:21:36, 4941 ნახვა

საზოგადოება
აივ/შიდსი დაავადებაა და არა განაჩენი! – მნიშვნელოვანი ფაქტები ვირუსის შესახებ

1 დეკემბერი აივ/შიდსთან ბძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1988 წლის შემდეგ აღინიშნება. მისი მიზანია ვირუსის შესახებ ცნობიერების ამაღელება. 1 დეკემბერის აღნიშვნაში თითქმის მთელი მსოფლიოა ჩართული. მთავრობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და მედია ამ დღეს  სხვადასხვა აქციისა და ღონისძიების ჩასატარებლად იყენებს.

რა არის აივ?

ეს არის ვირუსი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს. ეპიდემია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980-იან წლებში დაიწყო, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსმა შტატებში აფრიკიდან შეაღწია, როდესაც სამედიცინო მიზნებისთვის, აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აქტიურად ხდებოდა სისხლის იმპორტი და შესაძლოა, მათი ნაწილი სწორედ აივ-ის მატარებელი იყო.

აივ ინფექცია იწვევს ორგანიზმში ე.წ. იმუნიტეტის უჯრედების კვდომას. პროცესი რამდენიმე წელი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ინფიცირებიდან დაახლოებით 5-7 წლის შემდეგ (ეს პერიოდი დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურობაზე), CD4+ უჯრედების რაოდენობა მმ3 სისხლში ჩამოდის 200-ზე დაბლა, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებულია და შესაძლოა, ნებისმიერი დაავადება მარტივად განვითარდეს, მათ შორის სიმსივნეც.

აივ-ით დაინფიცირების საშიშროება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ გადადების რისკი იზრდება გარკვეული ქცევების არსებობის შემთხვევაში. ამიტომ შეამოწმეთ თქვენი აივ სტატუსი, თუ:

  • ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ნარკოტიკი.
  • თქვენი მეუღლე/სქესობრივი პარტნიორი არის ან იყო ნარკოტიკის მომხმარებელი.
  • გქონიათ შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.
  • გაქვთ ან გქონდათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია.
  • გადატანილი გაქვთ ან ამჟამად ავად ხართ B ან C ან D ჰეპატიტის ვირუსით.
  • დაგიდგინდათ ტუბერკულოზი.
  • ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაციებს.
  • გაგიკეთებიათ ტატუირება ან პირსინგი.
  • ხართ სისხლის რეციპიენტი.

თუ ექიმს დროზე მივმართავთ და მკურნალობას დავიწყებთ, ინფექციის გავრცელება შესამჩნევად შენელდება. ანუ, შესაძლებელია ვირუსის გავრცელების მედიკამენტებით შეჩერება და იმის მიღწევა, რომ ვირუსმა ვეღარ დააზიანოს იმუნური სისტემა.

რა არის შიდსი?

შიდსი არის  შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი. აივ ვირუსით დაინფიცირება იმთავითვე არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს შიდსი. შიდსი აღნიშნავს აივ-ით დაინფიცირების შედეგად გამოწვეულ მდგომარეობას, ანუ, აივ ინფექციით გამოწვეული დაავადების ბოლოს სტადიას.

რი  ფაქტორები და ჯგუფები :

შიდსმა თავიდან ჰომოსექსუალ მამაკაცების ჯგუფში დაიწყო გამოვლენა, ამის გამო მას გეი ასოცირებული იმუნო დეფიციტიც კი უწოდეს, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს დაავადება იმ ჯგუფებშიც გავრცელდა, სადაც ამ დაავადებით ინფიცირების არანაირი რისკი არ არსებობდა. დაავადდნენ ქალები, რომელთა მეუღლეები ნარკოტიკებს მოიხმარდნენ, დაინფიცირდნენ ბავშვები, რომლებმაც დედისგან მიიღეს ეს ვირუსი. ასე რომ რისკჯგუფებად დაყოფის სტერეოტიპი დაიმსხვრა. დღეს შეიძლება ყველანი გავხდეთ ამ ვირუსის მატარებლები.

მსოფლიოში ვირუსის გადაცემის 3 გზაა დადასტურებული: სისხლისმიერი, სქესობრივი კონტაქტი და ვერტიკალური, ანუ დედიდან შვილზე გადაცემა. ვირუსი ყველაზე მაღალი კონცენტრაციით შეიმჩნევა სისხლში, შემდეგ სასქესო სეკრეტებში და შემდეგ მოდის თავზურგტვინის სითხესა და დედის რძეში. სწორედ ამ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი არის რისკის შემცველი.

ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს ცრემლში, ოფლში, შარდში, სანაყოფე სითხეში, მაგრამ იმდენად მცირეა კონცენტრაცია, რომ საშიში აღარ არის.  ზოგადად, შიდსი ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის, ხელის ჩამორთმევა, დაცემინება, დახველება, ჩახუტება საშიში არაა. ასევე არ გადადის საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით, ანუ თეთრეული, ჭურჭელი, საერთო აბაზანა და ტუალეტით სარგებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არანაირი საშიშროებას არ წარმოადგენს.

მკურნალობის შესახებ 

დიდი პროგრესია ანტირეტროვირუსული მკურნალობის სფეროში. საკმარისის ითქვას, რომ FDA-ს მიერ ოფიციალურად მოწოდებულია 20-ზე მეტი ანტირეტროვირუსული მედიკამენტი და კიდევ რამდენიმე ათეული კვლევის ფაზაშია. მაშინ, როდესაც სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალო პრეპარატების სპექტრი უკიდურესად შეზღუდულია და მხოლოდ რამდენიმე პრეპარატს მოიცავს. აივ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას და მოვლას გლობალური ფონდი ხელშეწყობით საქართველოში ახორციელებს ,,ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიუკული ცენტრი”. აივ სტატუსის განსაზღვრის შემდეგ პაციენტი ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილებიდან გადადის დისპანსერულ განყოფილებაში, სადაც იგი ხვდება ცენტრის ექიმი ინფექციონისტის მეთვალყურეობის ქვეშ და ტარდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური და ლაბორატორიული შესწავლა, აივ ინფიცირებულებს უტარდებათ ორგანიზმის გამოკვლევის ფართო პანელი, მიმდინარეობს იმუნური სისტემის (CD4, CD4/CD8) და სისხლში ვირუსული დატვირთვის შესწავლა. საბოლოოდ მიღებული შედეგების საფუძველზე ცენტრის ექიმის მიერ ხდება მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა. თუ პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვს მის სტაციონარიზაციას მაშინ ხდება პაციენტის მკურნალობა ამბულატორიულად. ამ შემთხვევაში პაციენტს თავისი მკურნალი ექიმის მიერ ენიშნება არვ თერაპია და იგი ყოველთვიურად მოდის ცენტრში არვ პრეპარატების წასაღებად. ყოველი ვიზიტის დროს პაციენტი იღებს ერთი თვის სამყოფ არვ  პრეპარატებს. ყოველი ვიზიტისას ექიმი არკვევს თუ რამდენად სწორად იცავს პაციენტი არვ თერაპიის რეჟიმს, რა პრობლემები და ჩივილები აქვს მას. ექიმი აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს, რათა სწორად მოხდეს მკურნალობის წარმართვა და გვერდითი ეფექტების არსებობის შემთვევაში ექიმი უნიშნავს გვერდითი ეფექტების საწინააღმდეგო მკურნალობას ან ცვლის პრეპარატს სხვა შედარებით უფრო ადვილად გადასატანი პრეპარატით. საჭიროების შემთხვევაში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ცენტრის სტაციონარულ განყოფილებაში, სადაც თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ პალატებში პაციენტს მორიგე ექიმის მიერ უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო ღონისძიება. შიდსის ცენტრში აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს წელიწადში სამჯერ უტარდებათ გამოკვლევები ხდება იმუნური სისტემის მდგომარეობის და ვირუსული დატვირთვის შესწავლა, მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აუცილებელია მკურნალობის დაწყების მომენტის განსაზღვრისათვის. ასეთი დამოკიდებულების გამო პაციენტი თავს დაცულად გრძნობს, მან იცის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშაა აყვანილი და საჭიროების შემთვევაში შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს თავის მკურნალ ექიმს.

მსოფლიო სტატისტიკა

UNAIDS-ის მონაცემებით, მსოფლიოში 36.7 მილიონი აივ/შიდსით დაავადებული იყო. დაინფიცირდა 1.8 მილიონი და გარდაიცვალა 1 მილიონი ადამიანი. 20.9 მილიონი იმყოფება არვ თერაპიაზე.

ოფიციალური სტატისტიკით, ყოველწლიურად სტაბილურად მცირდება აივ/შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა. ამ მაჩვენებლის პიკი აღინიშნა 2005 წელს, როდესაც გარდაიცვალა 2 მილიონი ადამიანი. 2015 წელს ეს რიცხვი 45 პროცენტით შემცირდა 1,1 მილიონამდე. ეს განაპირობა ანტირეტროვირუსული თერაპიის, მოვლისა და მხარდაჭერის პროგრამების გაფართოებამ, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.

ანტირეტროვირუსული თერაპიის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიწყო შემცირება. აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში სიკვდილიანობის რიცხვი სტაბილურია, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ იზრდება.

შიდსით სიკვდილიანობა, ძირითადად, გამოწვეულია დაგვიანებული დიაგნოსტირებითა და მკურნალობით.

რა მდგომარეობაა საქართველოში?

აღსანისნავია, რომ აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სფეროში საქართველო წარმატებული ქვეყანაა. ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1995 წლიდან დაიწყო შიდსის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება. საქართველოში პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.  საქართველო შიდსის გავრცელების ერთ-ერთი დაბალი პრევალენტობის ქვეყნად ითვლება, მაგრამ ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ეს რიცხვი მაინც ბევრია და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. 2004 წლიდან  საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპაში, უზრუნველყო აივ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა. შედეგად, მკვეთრად გაიზარდა  გადარჩენის მაჩვენებელი.

2017 წლის 1 დეკემბრისთვის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ. ცენტრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაციდა 1698 ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე. შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა და 2017 წლისათვის აივ/შიდსით ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი 12000-ს აღწევს. ბოლო მონაცემებით, შიდსი განუვითარდა 3648 ავადმყოფს და 1339 გარდაიცვალა. 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, გამოვლინდა აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა; არვ (ანტირეტროვირუსულ) მკურნალობას იტარებს 4018 პაციენტი, მათგან 48 – ბავშვია.

აივ/შიდსის ახლად გამოვლენილ შემთხვევებში, ინფექციის გადაცემის გზების განაწილების ყოველწლიური დინამიკა მიუთითებს ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ხვედრითი წილის შემცირებაზე, სქესობრივი გზით ინფიცირების შემთხვევები კი მომატებულია, განსაკუთრებით მსმ  ხარჯზე. 

აივ/შიდსი 1980–1990–იან წლებში მომაკვდინებელ ვირუსად მიიჩნეოდა, მკურნალობა კი ათასობით აშშ დოლარი ღირდა. ბოლო წლებში, ახალი თაობის მედიკამენტების წყალობით, აივ/შიდსთან ბრძოლა მსოფლიოს მასშტაბით გამარტივებულია. აღნიშნული მედიკამენტები ვირუსს ორგანიზმში "ყინავენ" და მას არ აძლევენ საშუალებას, დააზიანოს ორგანიზმი. თუ აივ დადებითი პირი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით მკურნალობს, ის ჩვეულებრივ, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ზუსტად იმდენია, რამდენიც აივ უარყოფითი პირის.

დაახლოებით, 10 წელია აივ ინფექცია მომაკვდინებელ ვირუსად აღარ ითვლება, მას ექიმები განიხილავენ მართვად, ქრონიკულ ვირუსად, რომელიც ადამიანის შრომისუნარიანობასა და სრულფასოვან ცხოვრებას, მკურნალობის შემთხვევაში, საფრთხეს არ უქმნის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აივ ინფექციის მკურნალობა და დიაგნოსტირება, ასევე მედიკამენტები, აბსოლუტურად უფასოა.

 

მაკო ჯაბუა




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics