05:17 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 16:59:04, 1582 ნახვა

საზოგადოება
„არ დავთმობთ!“ – ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები უკან დახევას გამორიცხავენ

ელიავას ბაზრობა თბილისელებისა და მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის ნაცნობი, საჭიროა, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი იყრის თავს ყოველდღე, მიუხედავად სეზონისა და ამინდისა. აქ მოდის როგორც ავტომობილის მფლობელი, ისე მშენებლობითა თუ რემონტით დაკავებული ადამიანი. აქ ყველაფერია – და მალე აქ შეიძლება არაფერი აღარ იყოს.

90–იანი წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ელიავას ბაზრობა დაარსდა, თბილისის მერებს არაერთხელ უცდიათ ამ ბაზრობის ქალაქგარეთ გატანა. გვახსოვს მრავალათასიანი მიტინგიც თავისუფლების მოედანზე, როდესაც ელიავას მოვაჭრეებმა სააკაშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ბაზრობის ქალაქიდან გატანის შესახებ, ერთხმად გააპროტესტეს და მიზანსაც მიაღწიეს. ბაზრობა ელიავას ქუჩაზე დარჩა.

ჩვენ, ელიავას ბაზრობის მომხმარებლებს ძალიან კარგად გვახსოვს ის პირობებიც, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე სუფევდა წლების წინ. ოდნავ წვიმაში მუხლამდე ტალახში უნდა გევლო სასურველ დახლამდე თუ ჯიხურამდე მისასვლელად. ზაფხულში კი ნიავის წამოქროლებისას ისეთი მტვერი დგებოდა, სუნთქვაც კი შეუძლებელი ხდებოდა.

მიუხედავად პრობლემებისა, წლების განმავლობაში, ელიავას ბაზრობა ისეთ სახემდე მივიდა, როგორიც ის დღესაა. მთლიანობაში 30 000 კვადრატული მეტრი ფართობის კაპიტალური სავაჭრო პავილიონები აშენდა.

აქ 15 000 ადამიანი ვაჭრობს, იხდის ქირას, რომელიც შემდეგ იბეგრება და სახელმწიფო ბიუჯეტი სოლიდური თანხით ივსება. რა თქმა უნდა, გადასახადებისა და ქირის გადახდის მიღმა სწორედ ამ 15 000 ადამიანის მოგება რჩება, რომელიც მათი ოჯახების წევრებს და ახლობლებს ხმარდება. ასეთი ფულის შემადგენელი თოთიეული თეთრის დახარჯვა პურში, საპონსა, თუ სამარშრუტო ტაქსში, ნიშნავს ინვესტიციას რეალურ ეკონომიკაში. თუ საშუალო ოჯახების შემადგენლობის სტატისტიკას გავითალისწინებთ, თითოეული ეს მოვაჭრე 3 ადამიანს არჩენს თავისი შემოსავლით. ჯამში, სულ მცირე, 45 000 ადამიანზეა საუბარი, მათ შორის ბავშვებზე, რომლებსაც სჭირდებათ კვება და განათლება, დიასახლისებზე, რომელთაც ძალიან უჭირთ შრომის არსებულ ბაზარზე დასაქმება და უმწეო მოხუცებზე, რომელთა პენსია საარსებო მინიმუმს ჯერ კიდევ სოლიდურად ჩამორჩება.

„მე 6 ადამიანი მყავს ოჯახში სარჩენი. 3 შვილი მყავს, აქედან 2 სკოლაში დადის. სულ პატარა ჯერ სახლშია, დედამისი არ მუშაობს, ან რაზე უნდა ვამუშაო, მაღაზიაში ხომ არ დავაყენებ დღეში 5 ლარად?! ამიტომ ის პატარას უვლის. დედაჩემი კიდევ ძალიან მოხუცდა და მაგისი პენსია მარტო წამლებს არ ყოფნის. მეც ხომ მინდა სიგარეტის და ერთი ხაჭაპურის ფული დღეში?! რამდენად უნდა გავიხლიჩო?! ეხლა ლაპარაკობენ აქ ბიჭები, დახურვა უნდათო ამ ბაზრობის – თავსაც მოვიკლავ! ვინ არჩენს მერე ჩემს ოჯახს?! არ დავთმობთ! ჩვენ ერთ მუშტად ვდგავართ!“, – ამბობს ელიავას ბაზრობის ერთ–ერთი მოვაჭრე გაიოზ ხვედელიძე, რომელიც მეორადი ავტონაწილებით ვაჭრობს.

გარდა ამისა, ეს 15 000 მოვაჭრე თავის არასაოჯახო ფინანსურ ვალდებულებებსაც ართმევს თავს. მოვაჭრეთა უმრავლესობამ თავისი ბიზნესი ელიავას ბაზრობაზე ბანკებიდან აღებული კრედიტებით დაიწყეს, ან გააფართოვეს. სავაჭრო ფართის იჯარის და ბანკის ვალის გასტუმრების შემდეგ დარჩენილ მოგებას კი, ძირითადად, ბიზნესშივე აბრუნებენ. მხოლოდ ამ თანხების გამოკლების შემდეგ დარჩენილი ფული ხმარდება მათ ოჯახებს.

„18 წელია უკვე ელიავას ბაზრობაზე ვმუშაობ. ვიცი, რომ აქ ყველას ბანკის ვალი აქვს. ყოველ თვეში 440 დოლარს ვიხდი ბანკში. არავის არ აწყობს ამ ბაზრობის გადატანა. ჩვენ ყველა ერთად დავდგებით და აქციებსაც გავმართავთ. ასე არ გავჩერდებით. ბიუჯეტში შეგვაქვს თანხები, თვეში დაახლოებით 500 ლარი და ასეა ყველა“, - ამბობს ელიავას ბაზრობაზე მოვაჭრე ალექსანდრე აჯიევი.

თუ ისევ ეკონომიკას დავუბრუნდებით, ბანკებთან ამ 15 000 მოვაჭრის ურთიერთობაც სასარგებლო პროცესია ქვეყნის საფინანსო ბაზრისთვის. ფულის ბრუნვის აჩქარებაში, რაც ეკონომიკას განვითარებისგენ უბიძგებს, ელიავას ბაზრობას თავისი მოკრძალებული წვლილიც შეაქვს.

„ერთ მანქანაზე ვმუშაობდი. დავშლიდი და სანამ არ გაიყიდებოდა, მეორეს ვერ ვყიდულობდი. აბა, ერთი მანქანით შემოსული ფულით ქირის გადახდაც პრობლემა იყო. მერე მივბაძე აქაურ ბიჭებს და მეც ავიღე ბანკიდან სესხი. ეხლა 4 მანქანა მაქვს დაშლილი და ვაჭრობაც კარგად წავიდა. მე კი არ მრჩება ბევრად მეტი, მაგრამ აღარც ფართის ქირის გადახდა მიჭირს და ბანკსაც ისე პატიოსნად ვუხდი კრედიტს, რომ ჩემი კრედიტოფიცერი აქეთ მეხვეწება, დაგიმატებ სესხსო. ჩემთვის მთავარია ეს ტემპი შევინარჩუნო და ბანკიც მოვიშორო. მერე ცოტას გავიმართები წელში. აქ კლიენტებიც მყავს, ისეთები, მარტო ჩემთან რომ მოდიან. მენდობიან, ფასებიც კარგი მიდევს. ეხლა რომ ამბობენ, უნდა დავშალოთ აქაურობა და სხვაგან წაგიყვანოთო, სად მეძებონ მერე კლიენტებმა?! ეგრე ვეღარც ქირას გადავიხდი და ვეღარც ბანკის ვალს. ჩემი უფროსი ბიჭიც წელს აბარებს, სწავლის გადასახადი უნდა, ჩაცმა–დახურვა უნდა. ჯიბის ფულიც ხომ უნდა მივცე ბიჭს?!“, – ამბობს დაშლილი მანქანებით მოვაჭრე გიორგი მუხიგულაშვილი.

ელიავას ბაზრობის დაკრედიტებულ და ვალდებულებებით დატვირთულ მოვაჭრეებს თავისი ბიზნესის სტაბილურობის გარანტიას „მიჩვეული კლიენტები“ აძლევენ. თითოეული ჩვენთაგანი კარგად ვიცნობთ ელიავას ბაზრობის რიგებს, ვიცით, სად რა იყიდება და ვისთან შეიძლება შევაჭრება და ვისთან – არა. ამიტომაც ყოველ მისვლაზე მიზანმიმართულად მივადგებით იმ დახლსა თუ ჯიხურს, სადაც ჩვენი ნაცნობი მოვაჭრე გვეგულება. ელიავას ბაზრობის წინააღმდეგ აგორებულ ტალღაში მხოლოდ ეკოლოგიური თუ ბიზნესინტერესები არ არის. ზოგიერთი აქ დასაქმებული სხვა საფუძვლებსაც ხედავს და შიშობს, რომ პროცესები პოლიტიკურ ჯრიში გადაიზრდება.

ინდმეწარმე გიორგი ხორბალაძე ელიავას ბაზრობის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟში პოლიტიკურ ინტერესებსაც ხედავს იმ პარტიების მხრიდან, ვისაც უკმაყოფილო ხალხის შემოკრება სურს. ის ამბობს: – „1998 წლიდან ვმუშაობ აქ. დიდი ხანია მიმდინარეობს საუბრები, რომ შესაძლოა, ბაზრობა გადაიტანონ. ჩვენ აქ შევქმენით სამუშაო ადგილები. ბიუჯეტში შეგვაქვს თანხა. ყოველ წელს შეიძლება საუბარი, რომ ახლა სადღაც სხვაგან უნდა გადაგიყვანოთო, ეს არიოს საკუთრების დაცვა? „ნაციონალურ მოძრაობასაც“ უნდოდა ჩვენი სხვაგან გადაყვანა, მაგრამ შემდეგ შეცვალეს ეს გადაწყვეტილება. რატომღაც მოვაჭრეებს გვეძახიან, როცა თვითონ სჭირდებათ მაშინ ინდმეწარმეები ვართ. რატომ რეკრეაციული ზონა? იმიტომ რომ მოსახლეობასთან დაპირისპირება მოხდეს. აქ ათასი რამე კეთდება. მე პირადად 8 ოჯახი მყავს დასაქმებული. იყო შემთხვევები როცა ადამიანი კვდებოდა და ჩვენ დავეხმარეთ. გავედით უცხოელებზე, დავალაგეთ ურთიერთობა და ახლა ამბობენ, რომ ეს უნდა გაუქმდეს. თუ ხის დარგვა უნდათ მე-19 საუკუნეშია ჩარჩენილი მუშტაიდის ბაღი, დარგონ იქ. ეს ყველაფერი ძალიან დიდი სოციალურ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ვიცი აზრი ამ ადამიანების და ვიცი რამხელა ვალები აქვთ მათ. მემგონი, სახელმწიფოს უღირს დაფიქრდეს, რომელი უფრო წონადია მისთვის. ახლა ათასი პარტია ცდილობს მოვიდეს და გამოიყენოს ეს ყველაფერი, ეძებენ უკმაყოფილო ხალხს და ვის სჭირდება და რაში სჭირდება ეს ყველაფერი, გასარკვევია!“.

კლიენტების მოზიდვაზე მნიშვნელოვანი რომ არსებული კლიენტების შენარჩუნებაა, ამას მარკეტინგის ანბანიც გვასწავლის. ამდენად, ამ 15 000 მოვაჭრისათვის ისეთი მასშტაბური გარდატეხა, როგორიცაა მთლიანი ბაზრობის აღება და სადღაც სხვაგან, მათთვისა და მათი კლიენტებისათვის უცხო გარემოსა თუ განლაგებაში გადატანა კატასტროფას მოუტანს ამ ადამიანებს, რომელთა ბიზნესი ზემოხსენებული ვალდებულებების ფონზე, ისედაც ბეწვის ხიდზე გადის. საინტერესოა, ბოლომდე გაივლის თუ არა ბეწვის ხიდზე თბილისის მერიის გადაწყვეტილება ელიავას ბაზრობის ამ ადგილიდან გადატანის შესახებ...

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics