22:43 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 19:41:44, 3295 ნახვა

საზოგადოება
„თამბაქოს და ელექტრო სიგარეტის გაიგივება არასწორია“, - ელ-სიგარეტების რეალიზატორები დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებენ

 „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის“ თანახმად,  ფართოვდება ტერმინი ,,თამბაქოს ნაწარმი‘‘ და მას ემატება “ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები” და ა.შ. რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შემზღუდველი  ნორმები ხსენებულ მოწყობილობებზეც გავრცელდება ზუსტად ისე, როგორც თამბაქოს შემთხვევაში.

„ექსპრესნიუსი“  მსგავსი პროფილის მაღაზიებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რამდენად დადებითად აფასებენ ისინი დაგეგმილ ცვლილებებს.

ინდმეწარმე გიორგი ბედნარსკი, რომელიც ელექტრონული სიგარეტების რეალიზაციას ეწევა, აცხადებს, რომ ცვლილებები მისი ბიზნესისთვის წამგებიანი იქნება:

„დიდად წამგებიანი იქნება იმიტომ, რომ მოგეხსენებათ  ნიკოტინი  გარშემომყოფთ საფრთხეს არ უქმნის, უბრალოდ ნიკოტინი იწვევს ელექტროსიგარეტისადმი დამოკიდებულებას, მაგრამ არსებობს ელექტრონული სიგარეტის სითხეები, ძირითადად მომხმარებლის 80% იყენებს ამ უნიკოტინო  სითხეებს, რომელსაც  ნიკოტინი საერთოდ არ გააჩნია. ვინ გააკონტროლებს, ადამიანი უნიკოტინოს ეწევა იმ დროისთვის, თუ ნიკოტინიანს? წამგებიანია ბიზნესისთვის არ უნდა იყოს ასე. არ მივესალმები ამ ცვლილებებს არანაირად, შემცირდება კლიენტები. ეს არის  ალტერნატივა, რომ ადამიანმა დააღწიოს სიგარეტს თავი, ამ შემთხვევაში რეგულაციაში თუ შევა და აიკრძალება ელექტროსიგარეტი იმ განხრით, რა განხრითაც კრძალავენ, უკვე ის აღარ იქნება  სიგარეტის ალტერნატივა, ბევრი ადამიანისთვის იქნება უკვე იგივე სიგარეტი, რომელიც  არის მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ის სიგარეტს გამოიყენებს თუ  ელექტროსიგარეტს, სულ ერთი იქნება და ელექტროსიგარტეს აღარ შეიძენს“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“  გიორგი ბედნარკიმ.

ბედნარკის თქმით,  შესაძლებელია, ელექტრონულ სიგარეტებთან დაკავშირებით ცალკე რეგულაციები დაწესდეს, მაგრამ არა ის, რაც თამბაქოზე ვრცელდება:

„პირობითად ვიძახი, შეიძლება  იყოს რეგულაცია, უშუალოდ მაღაზია დავალდებული იყოს, რომ  ინფორმაციის დონეზე მომხმარებელს გააცნოს, რომ რომ მაგალითად თუ შეიძენს ნიკოტიანიან სითხეს, ეს ნიკოტინი შეიძლება  ჯანმრთელობისთვის იყოს სახიფათო იმ თვალსაზირისით, რომ  ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას. ეს დასკვნა ვინ დადო, რომ ჯანმრთელობისთვის არის მავნებელი. ისე, ჩვენთან მაღაზიაში რომ მოდის მომხმარებელი, ვუხსნით მას,  რა განსხვავებაა ამა და ამ სითხეს შორის, რადგან ყველა მომხმარებელი კითხულობს. შემდეგ ის წყვეტს, რომელი შეიძინოს.  მომხარებელი შეცდომაში არ შეგვყავს“,-აღნიშნა გიორგი ბედნარკიმ.

 „ღრუბელის“ დირექტორის გიორგი იმედაშვილის შეფასებით, ელექტრონული სიგარეტის, თუნდაც  ნიკოტინის შემცველის, თამბაქოს ნაწარმთან გაიგივება არასწორია:

„თუ თამბაქოსგან არ არის წარმოებული რაღაც, თამბაქოს ნაწარმი ვერ იქნება. თამბაქოსთან მიმართებაში ამ კანონპროექტის დამტკიცებას მივესალმებით, ელექტრონულ სიგარეტთან მიმართებაში არ მივესალმებით იმიტომ, რომ ეს არ არის თამბაქო. თამბაქოს  და ელექტროსიგარეტის გაიგივება არ შეიძლება. ეს არის ორი სხვადასხვა პროდუქტი, რომელთან დაკავშირებით  ერთნაირი მიდგომა არ შეიძლება არც ჯანმრთელობის მხრივ, არც დაბეგვრის მხრივ და არც სხვა ნებისმიერი კუთხით.  რა თქმა უნდა დაარტყამს ეს ამ  ბიზნესს, ვიდრე თამბაქოს, რადგან თამბაქოს  ცნობადობა მაღალია, ელექტრონული სიგარეტის ცნობადობა დაბალია. არსებობს  უამრავი საერთაშორისო კვლევა, რომლითაც მტკიცდება, რომ  ელექტრონული  სიგარეტი სტანდარტულ თამბაქოსთან შედარებით 95%-ით ნაკლებად მავნეა.

ნიკოტინსაც რომ შეიცავდეს, თამბაქო და ელექტროსიგარეტი  მაინც სხვადასხვა პროდუქტია. ელექტრონულ სიგარეტზე არ მიმდინარეობს წვა, არ მიმდინარეობს აორთქლება, თამბაქოში მიმდინარეობს წვა, ეს ქიმიურადაც კი სხვადასხვა პროცესია.  ელექტრონულ სიგარეტს შეიძლება ჰქონდეს თავისი რეგულაცია, რომელიც თუ კარგად იქნება დაწერილი, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გიორგი იმედაშვილმა.

ნიკოტინის შემცველი ელექტროსიგარეტის თამბაქოს ნაწარმთან გაიგივებას არ ემხრობიან სხვა  ელექტრონული სიგარეტის მაღაზიების წარმომადგენლებიც. უფრო მეტიც, ნაწილი ფიქრობს, რომ ცვლილებების ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში, მსგავსი პროფილის მაღაზიებს დახურვის საფრთხე დაემუქრებათ.

 -ბიზნესის თვალსაზრისით არა მხოლოდ წამგებიანი იქნება, არამედ  მსგავსი პროფილის მაღაზიები, შესაძლოა, დაიხურონ კიდეც“,-ამბობს ელექტროსიგარეტების მაღაზია esmoke-ის დირექტორი.

-ცვლილებები ნაწილობრივ უარყოფითად იმოქმედებს ბიზნესის თვალსაზრისით. არ ვემხრობი, რომ თამბაქოს ნაწარმთან იყოს გაიგივებული ელექტროსიგარეტი იმიტომ, რომ თამბაქოში ბევრად  უფრო მავნე ნივთიერებებია და აქ მხოლოდ ნიკოტინი შეიძლება ჩაითვალოს მავნე ნივთიერებად.  მაგრამ, თუ ზოგადად ნიკოტინთან დაკავშირებითაა საუბარი, ნიკოტინს შეიცავს, მაგრამ სიგარეტი როგორი მავნეცაა, იმდენ მავნე ნივთირებას არ შეიცავს. სიგარეტი უფრო ასაკრძალია, მაგრამ თუ ზოგადად ნიკოტინს რაც შეიცავს  იმას ეხება რეგულაცია, ჩვენი პროდუქციაც რაღაც რაოდენობით ნიკოტინს შეიცავს,-აღნიშნავს თბილისში  არსებული ერთ-ერთი  ელექტრონული სიგარეტის მაღაზიის წარმომადგენელი.

საპირისპირო შეხედულება აქვთ  "თამბაქოს კონტროლის ალიანსში". კანონპროექტის თანაავტორის, კახა ღვინიანიძის განცხადებით, ელექტრონული სიგარეტი არ არის უვნებელი პროდუქტი  და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისი მოწევა უნდა აიკრძალოს. მისივე თქმით,  არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ელექტროსიგარეტი  ნაკლებ მავნეა, მაგრამ ეს კვლევები არ ამბობენ, რომ ის  უვნებელია. ამასთან, ღვინიანიძის განმარტებით,  ევროკავშირის თამბაქოს დირექტივით  ეს პროდუქტი მთელ რიგ რეგულირებას ექვემდებარება:

„ელექტრონული სიგარეტები ეს არის ახალი გამოგონება თამბაქოს სფეროში, მისი მთავარი  სუბსტრატი არის ნიკოტინი და ქვეყნები სხვადასხვა მიდგომას ირჩევენ.ზოგიერთი ქვეყანა მას აკუთვნებს პირდაპირ თამაბაქოს პროდუქტს, როგორც ეს ჩვენს საკანონმდებლო პროექტშია, არის ქვეყნები, რომლებიც მას უწოდებენ თამბაქოსთან დაკავშირებულ პროდუქტს, თამბაქოს  იმიტაციას; არის ქვეყნები ისეთი კანონმდებლობით, როგორიც ჩვენი შემოთავაზებაა, არის ქვეყნები რომლებიც ცალკე არეგულირებენ მას, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი  ისაა, თუ ამგვარი რეგულაციით შედეგი რა იქნება. შედეგი კი ისაა, რომ ამ პროდუქტის რეკლამირება უნდა აიკრძალოს, მისი მიყიდვ ა 18 წლამდე პირებისთვის უნდა შეიზღუდოს და ზოგადად მის რეალიზაციაზე უნდა დაწესდეს რეგულირება იმიტომ, რომ ეს არ არის უვნებელი პროდუქტი, არ არის წამალი და შესაბამისად, აგრეთვე უნდა აიკძრალოს მისი მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ის ნაკლებ მავნეა,  ეს კვლევები არ ამბობენ, რომ ის არის უვნებელი. გარდა ამისა, ევროკავშირის თამბაქოს დირექტივით  ეს პროდუქტი ექვემდებარება მთელ რიგ რეგულირებას. შესაბამისად, ჩვენთანაც ასეთი მიდგომაა აუცილებელი, რადგან რეალობაში ვხედავთ, რომ  ბავშვებში ელექტრონული სიგარეტების მოხმარება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. უკვე ოფიციალური კვლევებით, რასაც ამჟღავნებენ ბავშვები და ამის იქით,  ალბათ, კიდევაა გარკვეული რაოდენობა, 20% დამამთავრებელი კლასის ბავშვებისა, უკვე მოიხმარს ამ პროდუქტს. ეს კატასტროფის მანიშნებელია. ეს არ არის პროდუქტი, რომელიც  გამოიყენება სამკურნალოდ მათ მიერ. ისინი მათ იყენებენ თამბაქოს მოხმარების დასაწყებად. ეს იმ ქვეყანაში, როგორიცაა ინგლისი, რომელიცაა ერთადერთი მაგალითი, რომელიც ატარებს ექსპერიმენტს, რომ გამოიყენოს ეს სიგარეტები,  როგორც ზიანის შემცირების საშუალება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინგლისთან აქვს მუდმივი დისკუსია და კონფლიქტური ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ ქვეყანაში დაფიქსირდა, რომ  ამ პროდუქტის გაყიდვების დიდი ნაწილი მოდის ახალგაზრდებზე.  ის არ გამოიყენება, როგორც ზიანის შემცირების საშუალება, ის გამოიყენება, როგორც მოწევის დაწყების საშუალება.ზუსტად ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ცალკეულ ექსპერიმენტებს ავყვებთ. ეს არის  პროდუქტი, რომლის შესახებაც კვლევები გრძელდება და არსებობს საყოველთაო  შეთანხმება ამ დარგის სპეციალისტებს  შორის, რომ ეს პროდუქტი არ არის უვნებელი და კვლევები უნდა გაგრძელდეს და როცა ეს კვლევები დასრულდება და გვეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე, უკვე შემდეგ თუ დადგება იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ უნდა შევამსუბუქოთ რეჟიმი, მაშინ  ალბათ ასე უნდა დადგეს, მაგრამ თავიდანვე ჩვენ თუ მივუშვით, მაშინ ეს გადაგვექცევა უდიდეს პრობლემად. ზუსტად ამიტომ, მთელი მსოფლიო არეგულირებს ამ პროდუქტს“,-ამბობს  კახა ღვინიანიძე.

შეიძლება თუ არა იყოს ცალკე რეგულაციები ელექტრონულ სიგარეტებზე?  „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენელი მიიჩნევს,  რომ ელექტრონული სიგარეტი, ესაა თამბაქოს ინდუსტრიის ახალი ინოვაციური გამოგენება, რომლითაც ისინი ცდილობენ, გვერდი აუარონ კონტროლის კანონმდებლობას:

„ძალიან კარგად მახსოვს,  ასეთივე რიტორიკა იყო,  როცა შემოვიდა მსუბუქი სიგარეტები. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც  ასეთი რიტორიკაა, ელექტრონულ სიგარეტად მოიაზრება მაგალითად,   ე.წ.  აიქოსი, რომელიც არის ფილიპ მორისის ბრენდი, რომელიც უშვებს მალბოროს და სხვა ჩვეულებრივ სიგარეტებს და ეს პროდუქტიც ვისაც უნახავს თვალით, არის ანალოგი და უკვე სხვა თამბაქოს კომპანიებმაც შეიძინეს და აწარმოებენ ამ პროდუქტს. ჩვენ არ ვკრძალავთ ამ პროდუქტის მოხმარებას, ჩვენ უბრალოდ  ვაქცევთ მათ თამბაქოს რეგულაციის ქვეშ ისევე,  როგორც ევროდირექტივა მოგვიწოდებს და ვაქცევთ ამ რეგულაციის ქვეშ, რადგან ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ  ელექტრონული  სიგარეტების მოხმარების ეპიდემია იწყება. ჩვენ ფაქტობრივად გამოგვივა, რომ ელექტრონული სიგარეტები, თამბაქოს სხვა პროდუქტების ეპიდემიას გვიფართოვებს და ეს არის ერთი პრობლემის ორი სხვადასხვა ნაწილი. ასე რომ, აქ არაფერია არალოგიკური. ესაა ჩვეულბივი მიდგომა ახალი პროდუქტის მიმართ, ჩვენ არ განვიხილავთ მას, როგორც სამკურნალო საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ  ეს ინდუსტრია კადრულობს და ამბობს, რომ ეს არის  სამკურნალო საშუალება. თუ ისინი ამბობენ, რომ  არის წამალი, წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტი, რომ არის მედიკამენტი, ან სამკურნალო საშუალება, თუ  ეს არის უვნებელი, წარმოადგინონ დოკუმენტი, რომ ეს აბსოლუტურად უვნებელია.თუ ეს არის მსოფლიოში აღიარებული ზიანის შემცირების პროდუქტი, წარმოადგინონ დოკუმენტი. ჯერჯერობით,  ერთადერთი ექსპერიმენტი ტარდება ინგლისში და არვიცით, როგორ დამთავრდება. ყველა არგუმენტია იმისთვის, რომ ეს პროდუქტი დავარეგულიროთ შესაბამისად. ელექტრონული სიგარეტი-ეს არის, ჩვენი აზრით, თამბაქოს ინდუსტრიის ახალი ინოვაციური გამოგენება, რომლითაც ისინი ცდილობენ, გვერდი აუარონ კონტროლის კანონმდებლობას“,-განუცხადა „ქსპრესნიუსს“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელმა კახა  ღვინიანიძემ.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე  დაამტკიცა.

კანონპროექტი თამბაქოს წარმოებისა და მისი მოხმარების მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან აცილებისკენ მიმართულ კონკრეტულ შემზღუდველ ნორმებს ითვალისწინებს.

კანონპროექტით შემოთავაზებული ძირითადი ცვლილებებია: 2018 წლის 1 იანვრიდან თამბქოს მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევის აკრძალვა ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვა; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანა; ელექტრონული სიგარეტების რეგულირება; საცალო გაყიდვის აკრძალვა ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვა.

ფართოვდება ტერმინი ,,თამბაქოს ნაწარმი‘‘ და მას ემატება “ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები”

ცვლილებების თანახმად, თამბაქოს კონტროლის განმახორცილებელ დაწესებულებებს თამბაქოს მოხმარების კონტროლის მოტივით შესვლა შეეძლებათ ნებისმიერ დაწესებულებაში, ამასთან, მოსამართლის სპეციალური ნებართვის - ბრძანების გარეშე;

თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა თამბაქოს ნაწარმის გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, უნდა დაადასტურონ გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყოველი წლის 31 მაისამდე წარუდგინონ სრული დოკუმენტაცია და უზრუნველყონ თამბაქოს ნაწარმის შესაბამისობა ამ დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებთან;

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია: თამბაქოთი გამოწვეული დაავადებიანობის და სიკვდილიანობის შემცირება; თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება.

შემოთავაზებული კანონპროექტის ამოცანებია: თამბაქოს მოხმარების გავრცელების ზრდის შეჩერება და თანდათანობითი შემცირება; მოწევის დაწყების მაჩვენებლის შემცირება; საზოგადოებრივ ადგილებში არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლისგან; მოწევის შეწყვეტის მსურველთა ხელშეწყობა, თავი დაანებონ მოწევას და მწეველების ხელშეწყობა, გაუჩნდეთ ძლიერი მოტივაცია, თავი დაანებონ მოწევას.

 

 

თეონა ნოზაძე




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics