02:41 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 13:48:14, 1906 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
მესამე სექტორი საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე ალტერნატიულ წინადადებას დააყენებს

საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე ალტერნატიულ წინადადებას დააყენებენ, - ამის შესახებ არასამტავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს, ისინი პრობლემულ საკითხებთან ერთად, იმ პუნქტებზეც მიუთითებენ, რომელთან დაკავშირებითაც ხელისუფლებამ რეკომენდაციები გაითვალისწინა. 

"გვინდა, აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონი, უნდა ეფუძნებოდეს ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს, რაც გამორიცხავს იმას, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ იქნეს გათვალისწინებული კომისიის წევრთა და საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა მკაფიოდ ნეგატიური ერთიანი პოზიციები.

მიუხედავად რიგი დადებითი ცვლილებებისა, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი ასევე აერთიანებს არაერთ უაღრესად ნეგატიურ ინიციტივას. მათ შორის აღსანიშნავია:

•    პარლამენტის არჩევის კვლავაც არასამართლიანი წესი, კერძოდ: 

მანდატების განაწილების წესი - კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით შემოთავაზებულია გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიისთვის მინიჭება. იმ პირობებში, როდესაც შეიძლება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა 10%-ს ან მეტს შეადგენდეს, ამ მანდატების მთლიანად ერთი პარტიისთვის მინიჭება არსებითად გაზრდის პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციას. აღნიშნული მიდგომა კი დიდწილად დააკნინებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მიზანს და ეჭვ ქვეშ დააყენებს მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპს. მიგვაჩნია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, გაუნაწილებელი მანდატები პარტიებს შორის უნდა გადანაწილდეს მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. 

ბლოკების გაუქმება - მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, რის არგუმენტადაც მოყვანილია პარტიების განვითარების და გაძლიერების აუცილებლობა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს  რადიკალურ ზომას და არ არის გამართლებული ლეგიტიმური ინტერესით. 

აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით უარყოფითია იმ პირობებში თუ 5%-იანი ბარიები შენარჩუნდება. 

•    პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება - შემოთავაზებული ვერსიით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და ის არაპირდაპირ, პარლამენტის მიერ აირჩევა. საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხის და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება არ წარმოადგენს საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე აუცილებლობას. 

•    ადამიანის უფლებათა სფეროში რიგი უკან გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩანაწერი ქორწინების უფლებაზე - შემოთავაზებული ვერსიის თანახმად, ქორწინება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით. იმ პირობებში, როდესაც ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება კანონმდებლობით არ არის დაშვებული, ხოლო ლგბტ ჯგუფების მხრიდან ქორწინების თანასწორობის მოთხოვნა არასოდეს დამდგარა, მსგავსი ინიციატივა შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ პოპულისტური დატვირთვის მატარებლად, რომელიც ამ თემის ხელოვნურად გააქტიურებით პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს მიზნად. 

•    სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის რისკების მნიშვნელოვნად გაზრდა, კერძოდ:

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის ცვლილება - შემოთავაზებული ვერსიის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. საბჭოს მიერ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების შერჩევის მრავალწლიანი მანკიერი პრაქტიკის, საბჭოს დაკომპლექტების ხარვეზიანი წესის და სხვა არაერთი პრობლემის გათვალისწინებით, რაც ამ ინსტიტუციას ახასიათებს, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე მოცემული უფლებამოსილების საბჭოსთვის გადაცემა სასამართლო კორპუსის დაკომპლექტებაზე სრულ ძალაუფლებას მიანიჭებს ამ ორგანოს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და სისტემის გათავისუფლებას ძლიერი ჯგუფების გავლენებისაგან. 

მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა - კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის თანახმად, შენარჩუნებულია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის. 

ზემოთ დასახელებული საკითხების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები საჭიროებს გადამუშავებას და სამომავლო დახვეწას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საერთაშორისო სტანდარტებსა და დემოკრატიის პრინციპებთან თანხვედრაში მყოფი კონსტიტუციის მიღება. 

ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე ჩვენ დავაყენებთ ალტერნატიულ წინადადებებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე და საპარლამენტო განხილვებისას შეიცვლება ზემოაღნიშნული მანკიერი დებულებები და შენარჩუნებული იქნება ყველა გაუმჯობესება, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან", - ნათქვამია განცხადებაში. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics