18:27 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 14:36:53, 1525 ნახვა

საზოგადოება
IDFI: ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო „სეტ ტოპ ბოქსების“ ფასები 54-დან 95 ლარამდე მერყეობს

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ქართულ ბაზარზე არსებული ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო „სეტ ტოპ ბოქსებთან“ დაკავშირებით მონიტორინგი ჩაატარა.

არასამთავრო ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა ბაზარზე, სად იყიდება „სეტ ტოპ ბოქსები“, რა რაოდენობის აპარატურაა შემოტანილი საცალო ვაჭრობის ქსელში და როგორია მათი ფასები.

IDFI-ის ინფორმაციით, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში „სეტ ტოპ ბოქსების“ ფასები 54 ლარიდან 95 ლარამდე მერყეობს. ასევე, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ზოგიერთ ქსელში აღნიშნული მოწყობილობა ჯერჯერობით საერთოდ არ აქვთ, ხოლო რიგ მაღაზიებში უკვე ყველა „სეტ ტოპ ბოქსი“ გაიყიდა.

„2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით საცალო ვაჭრობის ბაზარზე უმეტესად ორი ტიპის „სეტ ტოპ ბოქსია“ შემოტანილი - Eurostar-ი და TV Star-ი. მისი ფასი 55-65 ლარამდე მერყეობს. Eurostar-ის წარმოებული სხვა მოდელები დაახლოებით 70-80 ლარი ღირს. ბაზარზე ასევე წარმოდგენილია Sven-ის ფირმის 95 ლარის ღირებულების „სეტ ტოპ ბოქსები“. ეს უკანასკნელი „არაი თუმოროუს“ მაღაზიათა ქსელში იყიდება. „ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“ სოციალურად დაუცველი პირებისთვის Konka-ს ფირმის რისივერები შეიძინა. IDFI-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში Konka ამ მოწყობილობის შემოტანას საცალო ბაზარზეც გეგმავს.

ტექნიკის დიდ მაღაზიებში, როგორიცაა „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეგატექნიკა“, „ზუმერი“, „ბეკო“ მხოლოდ TV Star-ის “სეტ ტოპ ბოქსები” იყიდება. ამ მაღაზიების კონსულტანტების თქმით, აღნიშნულ ტექნიკას დღის განმავლობაში ოცამდე მომხმარებელი კითხულობს. მაღაზიებში რამდენიმე ცალი აქვთ წარმოდგენილი, მისი ამოწურვის რისკები არ არსებობს, რადგან, მათივე თქმით, შემდეგ საწყობიდან შეუძლიათ რამდენიმე ასეული „სეტ ტოპბოქსის“ დამატება. ამავე მაღაზიებში შესაძლებელია განვადების სერვისითაც სარგებლობა.

ტექნიკის დიდი ნაწილი სავაჭრო ცენტრ „კიდობანშია“ წარმოდგენილი, სადაც იყიდება როგორც TV Star-ის, ისე Eurostar-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის „სეტ ტოპ ბოქსები“.

2 ივნისის მონაცემებით, ბაზარზე ძირითადად წარმოდგენილია TV Star-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსების ორი მოდელი - TV STAR DVB-T2 516 და TV STAR DVB-T2 525. პირველ მათგანს, რომელიც შედარებით იაფი, 55 - 60 ლარი ღირს, არ აქვს RCA კაბელის შესაერთებელი. RCA იგივე სამფერიანი კაბელია, რომელსაც მოსახლეობა „ტულპანებს“ ეძახის. სწორედ ამგვარი კაბელი სჭირდება ძველ ტელევიზორებს „სეტ ტოპ ბოქსის“ მისაერთებლად (დაახლოებით 1-2 ლარად მომხმარებელმა შესაძლოა შეიძინოს SCART-ის სამფერა კაბელზე გადამყვანი მოწყობილობა). აღნიშნულ მოწყობილობას აქვს ასევე HDMI გამოსასვლელი ახალი ტელევიზორებისთვის ამგვარი კაბელით მისაერთებლად. TV Star-ის „სეტ ტოპ ბოქსებს“ მართალია HDMI კაბელის შესაერთებელი აქვს, თუმცა ეს კაბელი არ მოჰყვება და მისი შეძენა მომხმარებელს ცალკე მოუწევს.

შედარებით ძვირი - 60-ლარი ღირს მეორე მოდელი TV STAR DVB-T2 525, რომელსაც TV Scart-ის შეერთების შესაძლებლობაც აქვს, სამფერიანი (RCA) კაბელი არც მას უერთდება პირდაპირ, ამისთვის მომხმარებელს დამატებითი გადამყვანი დასჭირდება. გადამყვანის ფასი დაახლოებით ერთი ლარია.

TV Star-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსების დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია accdistribution-ია. მათ მიერ IDFI-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოტანილი აქვთ ოთხი ტიპის რესივერი - TV Star DVB-T2 517; TV Star DVB-T2 516; TV Star DVB-T2 525; TV Star DVB-T2 525+Dolby.

სამ მოდელს გააჩნია ქართული მენიუ და ინსტრუქცია. კომპანიის მიერ მოწოდებული მონაცემებით დღემდე ბაზარზე შემოტანილი აქვს 62 340 ცალი სეტ ტოპ ბოქსი. 17 ივნისამდე კი დამატებით 133 368 ცალის შემოტანას გეგმავს. საგარანტიო ვადა პროდუქტზე არის 12 თვე, სერვის ცენტრში მიღებიდან 24 საათში ნივთი იცვლება ან შეკეთდება.

საცალო ბაზარზე განთავსდება ასევე ქართულ - აზერბაიჯანული კომპანია „AG მიკროელექტრონიქსი“-ს მიერ საქართველოში დამზადებული სეთ-ტოპ-ბოქსები. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით 23 ათასი ცალი რესივერს უახლოეს პერიოდში გამოუშვებენ საცალო ვაჭრობის ქსელში.

„კიდობანში“ 65 ლარი ღირს Eurostar-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსები, რომელსაც უერთდება RCA კაბელი, აქვე იყიდება უფრო ძვირადღირებული „სეტ ტოპ ბოქსები“, რომელთა ფასი 70-80 ლარია.

„კიდობანში“ განთავსებული მაღაზიების თქმით, გეგმავენ უახლოეს დღეებში შემოიტანონ Eurostar-ის მიერ წარმოებული უფრო იაფიანი რესივერები, რომელსაც ქართულ ენაზე ინსტრუქცია და RCA კაბელის გადამყვანის გარეშე მიერთების საშუალებაც ექნება.

„კიდობანის“ მსგავსად ეწ „ლილოს ბაზრობაზეც“ ძირითადად Eurostar-ის სეტ ტოპ ბოქსები იყიდება. მისი ღირებულება უფრო იაფი, 65 ლარია. როგორც დისტრიბუტორები აღნიშნავენ, მოქალაქეები ინტერესდებიან აღნიშნული ტექნიკით, რამდენიმე მაღაზიის წარმომადგენელის თქმით, ბოლო ორ კვირაში დაახლოებით 70 ცალი გაყიდეს. საბითუმო მიმწოდებლის თქმით, ამჟამად საწყობში 200 ცალი „სეტ ტობ ბოქსია“ განთავსებული, რომელიც შემდეგ „ლილო მოლის“ საცალო მოვაჭრეებთან რიგდება. მომავალ კვირას კი ელოდებიან ახალი პარტიის შემოტანას დუბაიდან.

ზემოთ აღნიშნული TV Star-ის ფირმის „სეტ ტოპ ბოქსები“ იყიდება ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტექნიკის მაღაზიებში - „ახალი ელექტრონიქსი“ და „ახალი ტექნიკა“. რესივერის ფასი აქ 60 ლარია.

ყველაზე ძვირადღირებული Sven-ის ფირმის „სეტ ტოპ ბოქსებს“ (ხელმისაწვდომია „არაი თუმოროუს“ მაღაზიებში), რომლის ფასი 95 ლარია, მოჰყვება როგორც სამფერიანი (RCA) ასევე HDMI მისაერთებელი. თუმცა მაღაზიის წარმომადგენელთა განცხადებით, მარაგი ამ ეტაპზე ამოწურულია.

2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით, „სეტ ტოპ ბოქსები“ არ იყიდებოდა ტექნიკის ისეთ მსხვილ დისტრიბუტორებთან როგორიცაა „ტექნობუმი“, „სმაილი“, „ალტა“, „ოქეი“, „გალაქსი“.

ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობების კონცენტრაციის საკითხი რეგიონებშიც გამოიკითხა. მაღაზიათა ქსელის „ბეკოს“ განცხადებით, 12 ივნისისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება მათ ქსელში „სეტ ტოპ ბოქსები“.

TV star-ის მიერ წარმოებული „სეტ ტოპ ბოქსების“ რეალიზაცია ზუგდიდში ადგილობრივმა ტელეკომპანია „ოდიშმა“ დაიწყო და მისი შეძენა ამ მაუწყებელთან არის შესაძლებელი. მათი ცნობით, დღეში 30-50 ცალი იყიდება.

ბათუმში მაღაზია „KTM ელექტრონიქსში“ არის შესაძლებელი „სეტ ტოპ ბოქსის“ ყიდვა. მისი ფასი 55 ლარია. ოზურგეთში სამ მაღაზიაში იყიდება აღნიშნული მოწყობილობა. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 150 ცალია. რესივერს არ მოჰყვება ტელევიზორთან მისაერთებელი კაბელები. TV Star-ის მიერ წარმოებული „სეტ ტოპ ბოქსები“ იყიდება გურჯაანშიც. მისი შეძენა „ელიტ ელექტრონიქსისა“ და „ბეკოს“ მაღაზიებში არის შესაძლებელი.

ადგილობრივების ცნობით, „სეტ ტოპ ბოქსები“ არსად იყიდება ფოთში, ზესტაფონში, ჩხოროწყუში, ჭიათურასა და ახალციხეში. სხვა გეოგრაფიულ წერტილებში ჩვენი ორგანიზაციის მიერ მონიტორინგი არ განხორციელებულა.

ნებისმიერი ტიპის „სეტ ტოპ ბოქსის“ შეძენისას აუცილებელია მომხმარებელმა მოითხოვოს:

-  „სეტ ტოპ ბოქსის“ შემოწმება ადგილზე - მოწყობილობა უნდა იჭერდეს ქართულ არხებს და უნდა ჰქონდეს მეტრულ და დეციმეტრულ დიაპაზონებში სიგნალის მიღების შესაძლებლობა;

- დამატებითი კაბელების მიერთება და მისი შემოწმება - „სეტ ტოპ ბოქსს“ არჩევისას მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ სწორად შეარჩია ის კაბელი, რაც მის ტელევიზორს „სეტ ტოპ ბოქსთან“ დააკავშირებს. ასეთი სულ სამი ტიპის კაბელია - RCA (სამფერიანი, მოძველებული ტელევიზორებისთვის), HDMI (თანამედროვე ტელევიზორებისთვის) და Scart გადამყვანი. ადგილზევე უნდა მოხდეს გადამყვანი მოწყობილობების შეძენა და გატესტვა.

დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1480“, - აღნიშნულია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს
ხაბეიშვილი - არავის სანქცირება არ გვიხარია - გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა
Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics