15:06 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 14:53:33, 1875 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები

„რუსეთს კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნებოდა.

პრეზიდენტმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა:

"რუსეთი ცდილობს ჩვენს მორალურად გატეხვას მათ მიერ დანახული რეალობით. ჩვენ ვეუბნებით, რომ ბევრად რთული პერიოდები გაგვივლია, ბევრად ნაკლები მეგობრები გვყოლია, დღეს ჩვენ მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ევროპა და ამერიკა. გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი საზოგადოება და აბა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ ამ გამარჯვებების ისტორია გვაქვს. ჩვენ ხომ რეალურად ერთმანეთს ვეჯიბრებით არა ბირთვული რაკეტების რაოდენობაში, არამედ მორალში - ვინ გატყდება პირველი და ვის პირველს შეეშინდება. ამაზე მიდის დარტყმა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებაში ჩამოაყალიბა, სწორია.

„ჩვენ ვამბობთ, ჩვენ გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს. რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი? რაციონალური დიალოგი ნიშნავს - მოდით, თქვენ თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით - რა შეიძლება სარგებელი ვნახოთ ერთმანეთისგან და ჩვენ მოვალთ, დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ. არა იქედან გამომდინარე, რომ შენ ძლიერი ხარ ჩემზე, არამედ უბრალოდ, ინტერესებიდან გამომდინარე ვისაუბროთ. მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში, მოსკოვსა, თუ პეტერბურგში და თუ მე, აი, აქედან გამომდინარე დამელაპარაკება რუსი ლიდერი - ჩვენ დავლაგდებით. ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა, იმიტომ რომ ესე მელაპარაკება მე მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი. ის მეუბნება, რომ პოლონეთის მოქალაქეთა ინტერესები არის ეს და რანაირად შეგვიძლია ჩვენ ქართველი ხალხის და პოლონეთის ხალხის ინტერესები დავამთხვიოთ. ასე მელაპარაკება, გერმანიის კანცლერი, ან საფრანგეთის პრეზიდენტი, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახდენს:

„დღეს რუსეთთან მიმართებაში ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს-„ძერჟავას" ინტერესებიდან გამომდინარე. ეს „ ძერჟავას" ინტერესები არ ითარგმნება ოჯახის ინტერესებამდე, არ მიდის „ ძერჟავას„ გაძლიერება მაცივრის ავსებამდე, ან უკეთეს ჯანდაცვამდე - ეს ხომ ფაქტია. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს - მოდით, ვნახოთ რა შეიძლება რუსეთს ინტერესი ჰქონდეს, რანაირად შეიძლება ეს ინტერესი აისახოს უკეთესად რუსეთის მოქალაქეებზე. და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. და სულ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ, ეს ოკუპაცია ხომ საერთოდ ისტორიული აბსურდია. ანუ, რაში სჭირდებოდა რუსეთის სახელმწიფოს ოკუპაცია. რატომ იწყებს ერთი სახელმწიფო, მეორე სახელმწიფოსთან ომს?- რაღაცა რესურსების გამო. რა იპოვნეს ცხინვალში? ნავთობის საბადო და ბრილიანტის შახტა? თუ ტერიტორიები აკლიათ და მოსახლეობას ვეღარ ატევენ რუსეთის ტერიტორიაზე? და როგორც ტრადიციულად ხდებოდა ხოლმე, გამრავლებული, გაზრდილი დემოგრაფია მიდიოდა და იპყრობდა სხვა ქვეყნებს, რა უნდოდათ? არავითარ ინტერესში ეს არ გადაითარგმნა. ასე რომ, იმ მომენტამდე, სანამ არ შეგვეძლება საუბარი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებზე და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე, მანამდე, ჩვენ უნდა ვიყოთ უბრალოდ მდგრადი და უნდა გვჯეროდეს, რომ მოგვიგია ასეთი ომები და ბევრად უფრო რთულ ვითარებაში და ბევრად უფრო ძლიერ მტრებთან და მოვიგებთ ახლაც“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ქართული საზოგადოება რუსეთთან მიმართებაში ორად არის გაყოფილი:

„არამგონია, რომ ქართული საზოგადოება ორად არის გაყოფილი რუსეთთან მიმართებაში. რასაც მე ვხედავ, დავუშვათ გამოკითხვებს, უკვე ბევრი წლის განმავლობაში დომინანტურია, რომ რუსეთთან ურთიერთობის დასტაბილურებას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. შესაბამისად, ქართული საზოგადოება მზად არის რუსეთთან სასაუბროდ, მეც მზად ვარ ბუნებრივია, მაგრამ საუბარია კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. ეს კონკრეტული ქმედებები ვერ განხორციელდება თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება მთავარ თემაზე, რომ რუსეთმა რატომღაც 2008 წელს გადაწყვიტა, რომ აქვს საკმარისი საბაბი ტანკებით და ავტომატებით შეცვალოს საქართველოს რუკა და მერე კიდევ 6 წელიწადში გაუჩნდა საკმარისი საბაბი, რომ შეცვალოს უკრაინის რუკა. საქმე ის არის, რომ სახელმწიფო საზღვრების შეცვლა სამხედრო მექანიზმებით ეს არის აბსოლუტურად წინა საუკუნის შუა წლების ტენდენცია. ორი მსოფლიო ომი ამის გამო მოხდა კაცობრიობის ისტორიაში. როგორ იყო მანამდე? იყო სახელმწიფო, რაღაც მომენტში უცბად გაძლიერდებოდა ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და ეგრევე შევარდებოდა გვერდით სახელმწიფოში, მერე კიდევ გვერდითა სახელმწიფოში შევარდებოდნენ და ასე, არ ამთავრებდნენ, არ ეზარებოდათ, კლავდნენ ერთმანეთს და ბოლოს მსოფლიო ომები მოახერხეს ორი. ეს გადატანილია უკვე, კაცობრიობამ ამაზე უარი თქვა და იმიტომ, რომ შენ გგონია, რომ შენ გაქვს საკმარისი საბაბი, რომ შენ შეხვიდე საქართველოში და შეცვალო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომლის დამოუკიდებლობაც სხვათაშორის, შენ თვითონვე აღიარე 20 წლის წინ და მერე თქვი, რომ არ მოგწონს ეს საზღვრები და უნდა შეცვალო. ამის აბსოლუტური მიუღებლობა უნდა იყოს ჩვენში და მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრიც მზად არის, რომ სხვა თემებზე ესაუბროს რუსებს ოღონდ ამ ისტორიული აბსურდის და უსამართლობის მიღმა.

აქ წითელი ხაზი გადის. აქ გადიოდა წითელი ხაზი, როდესაც ჩვენ ვესაუბრებოდით შაჰ აბასს, აღა-მაჰმად-ხანს, ბათო-ყაენს, ჩინგიზ-ხანს. ყველას ერთი და იგივეს ვეუბნებოდით და იმათ არ ესმოდათ, ბოლოს გავაგებინეთ იმათ, ახლა გავაგებინებთ რუსეთს, რომ აქ არის წითელი ხაზი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics