15:24 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 13:48:56, 1642 ნახვა

კომენტარი
რუსუდან გოცირიძე - „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“ კანონი გამოხატვის თავისუფლებას ბორკილებს დაადებს

„გრძნობების კანონის  ჩარჩოებში მოქცევა სრულიად წარმოუდგენელია. ეს იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც ბორკილს დაადებს გამოხატვის თავისუფლებას“, - ასე აფასებს  ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე კანონპროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

როგორც გოცირიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მსგავსი კანონი მხოლოდ იმ ქვეყნებშია მიღებული, სადაც ადამიანის უფლებები არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს.

„ეს კანონპროექტი თითქმის ყოველ მეორე წელს სხვადასხვა ორგანიზაციების ინიციატივით დგება ხოლმე დღის წესრიგში და ყველა ჯერზე, როგორც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ისე არასამთავრობოები და ასევე პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომელიც თან სდევს მსგავს კანონებს. რომ ნახოთ როგორ ქვეყნებშია ეს კანონი მიღებული გული გაგისკდებათ, რომელი ქვეყნების რიგში უნდა ჩაეწეროს ჩვენი ქვეყანა. ეს არის ქვეყნები სადაც ან ტოტარიტარული რეჟიმია, ან თეოკრატიული სახელმწიფოა. ეს არის ის ქვეყნები სადაც ადამიანების უფლებები საერთოდ არ წარმოადგენს არანაირ ფასეულობას  და ეს არის ქვეყნები სადაც გამოხატვის თავისუფლება არის მკაცრად რეგურილებული. ამ კონის მიღების შემთხვევაში, ყველაზე ფუნდამენტალური, მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების პუნქტები იქნება საფრთხის ქვეშ. როგორც არ უნდა დახვეწონ ეს კანონი, ყველა ჯერზე არის ძალიან ბუნდოვანი ფორმით შემოთავაზებული და ბუნდოვანობა ნიშნავს იმას, რომ  ვისაც როგორ გაუხარდება ისე წაიკითხავს და იმ სიტუაციას მოარგებს. გრძნობების კანონის  ჩარჩოებში მოქცევა არის სრულიად წარმოუდგენელი რამ. ეს იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც ბორკილს დაადებს გამოხატვის თავისუფლებას, ეს იქნება ტვირთვი ხელოვნებისათვის, მედიისათვის და ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოებაში მოღვაწე ადამიანისათვის“, - განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ ეს კანონი რელიგიურ შუღლსაც გააღვივებს:

„საქმე ის არის, რომ ჯერ კანონი არ არსებობს და მსგავს მოტივებზე უკვე არის არაოფიციალური ცენზურა ძალიან ბევრი მიმართულებით. მაგალითად, რატომ არ ისმის ბათუმში მოლას მოძახილი, ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არიან მუსლიმები. იმიტომ რომ სწორედ ამ რელიგიურ გრძნობებს და უმრავლესობას, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაშია, ანგარიშს უწევენ. მსგავსი სიფაქიზით უმცირესობები ყოველთვის გამოირჩევიან ხოლმე, როდესაც რელიგიურ გრძნობებზეა საუბარი.ეს არის კანონი, რომელიც ყველა ქვეყანაში  და ყველა ჯერზე არის ხოლმე ძლიერი იარაღი უმრავლესობისთვის და ძალაუფლების მქონე ინსტიტუციებისთვის“, - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

ამასთან, ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მსგავსი კანონის მიღება სახელმწიფოს მხრიდან რადიკალური ძალების მხარდჭერას ნიშნავს.

„ქართულ რეალობაში ეს არის ისეთი ძალებისათვის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, როგორიც არის მაგალითად „ქართული  მარში“ და აღარ ვლაპარაკობ უკვე ამ პრობლემის რუსულ განზომილებაზე. ეს კანონი არის კალკა რუსული კანონისა, რომელიც რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებით არის მიღებული“, - აღნიშნა გოცირიძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“ კანონპროექტს საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვება.

„ყველას კარგად ესმის რა სერიოზული  საკითხია რელიგია ამ ქვეყანაში და როგორ მარტივად შეიძლება რელიგიის თემით მანიპულირება პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით“, - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანია. იმ მოტივით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასახვეწია, კომიტეტმა კანონპროექტი დღეს კენჭისყრიდან მოხსნა.

კვიციანის ინიციატივის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს 155-ე პრიმა მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე, ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე. ასევე, კანონპროექტის მიხედვით რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics