08:17 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 11:25:31, 2817 ნახვა

საზოგადოება
NDI: პარლამენტის მიმართ მოლოდინები დაბალია; უმრავლესობა მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონების მიღებას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ამომრჩევლებსა და არჩეული თანამდებობის პირებს შორის მზარდი კომუნიკაციის პრობლემაა.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობის უმეტესობა ელის, რომ პარლამენტის წევრი პარტიის (75 პროცენტი) და საკუთარ ინტერესებს (55 პროცენტი) დაიცავს, და არა მოქალაქეებისას (41 პროცენტი). ასეთი განწყობები განსაკუთრებით ჭარბობს თბილისში.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარლამენტისადმი უფრო პოზიტიური მოლოდინებით გამოირჩევიან. მათი 67 პროცენტი ფიქრობს, რომ დეპუტატები მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ. გამოკითხვის შედეგები ასევე აჩვენებს, რომ მოქალაქეების პარლამენტთან კომუნიკაცია ძალიან დაბალია: მოსახლეობის 3 პროცენტზე ნაკლებს მიუმართავს თხოვნით პარლამენტარისთვის ან დასწრებია კომიტეტის სხდომას. თუმცა, მოსახლეობის 10 პროცენტი ამბობს, რომ დასწრებია პარლამენტის ან დეპუტატის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრას. მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტმა შეძლო სწორად დაესახელებინა პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარის ვინაობა, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 30 პროცენტით ნაკლებია.

მოსახლეობის მხოლოდ ერთ მეოთხედს სმენია 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო ინიციატივის - საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ. მათგან მხოლოდ 39 პროცენტი ამბობს, რომ საკმარისი ინფორმაცია აქვს ამ ცვლილებების შესახებ და მხოლოდ 6 პროცენტს მიაჩნია, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის აზრს.

“პარლამენტის წევრებს არაერთი შესაძლებლობა აქვთ, რათა მოსახლეობის მეტი ჩართულობა უზრუნველყონ და უკეთ წარმოაჩინონ თუ როგორ ემსახურებიან ამომრჩევლების ინტერესებს. ასეთი საშუალებებია: საჯარო შეხვედრები, ღია კარის საათები, პარლამენტის უფრო ღია დაწესებულებად ქცევა, სხვადასხვა საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება, კანონშემოქმედების პროცესში მოსახლეობის ჩართვა და სხვა. სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან საარჩევნო სისტემის ცვლილებას მაჟორიტარული ბიუროების გაუქმება მოყვება“,- განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, პოლიტიკოსებისადმი ასეთი დაბალი მოლოდინების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი უჭერს მხარს რომელიმე პარტიას. ეს განსაკუთრებით საინტერესო მიგნებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოკითხვა არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში ჩატარდა და პარტიული მხარდაჭერის მონაცემები თითქმის უცვლელია წინა კვლევებთან შედარებით.

შეკითხვაზე თუ “რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია” 31 პროცენტმა დაასახელა “ქართული ოცნება”, 10 პროცენტმა - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 4 პროცენტმა - “ევროპული საქართველო”, 3 პროცენტმა კი - “პატრიოტთა ალიანსი”. პარტიების მხარდაჭერა კიდევ უფრო დაბალია ახალგაზრდებში. მსგავსი მონაცემებია კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას”: 27 პროცენტი “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 10 პროცენტი - “ნაციონალურ მოძრაობას”, 3 პროცენტი კი - “ევროპულ საქართველოს”.

“როგორც ჩანს, მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლები, ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან. ისინი ელიან თუ როდის შესთავაზებენ პარტიები დამაჯერებელ იდეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განსხვავდებიან სხვა პარტიებისგან და როგორ აპირებენ უკეთესი შედეგების მიღწევას. მანამდე კი, პარტიების მხარდაჭერის მონაცემებში დიდ ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ”, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

მოქალაქეები კვლავ უკმაყოფილონი არიან საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების წინაშე არსებული ბარიერებით. მათ მიაჩნიათ, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია და მხარს უჭერენ გენდერული კვოტის შემოღებას (63 პროცენტი). უმეტესობა ასევე მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა (81 პროცენტი) და ადრეული ქორწინება (72 პროცენტი) დღეს ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობას საკმაოდ ფართოდ ესმის სექსუალური შევიწროების არსი. 80 პროცენტზე მეტი თანხმდება, რომ ადამიანისგან კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ქმედებების მოთხოვნა, სექსუალური შინაარსის კომენტარებით და სხვა ქცევებით სამსახურში არაკომფორტული და უხერხული გარემოს შექმნა და საზოგადოებრივ სივრცეში უცხო ადამიანზე განზრახ შეხება სექსუალური შევიწროებაა. მოქალაქეების უმრავლესობა (77 პროცენტი) მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდგე კანონის შემოღებას.

“მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს ქალების მეტ ჩართულობას პოლიტიკაში, თუმცა პოლიტიკოსები ამ მოთხოვნას ფეხს ვერ უწყობენ. სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვით იზრდება მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი ისეთი პრობლემების გადაჭრის ალბათობა, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ადრეული ქორწინება“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი

პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics