04:05 - 23 Apr, 2018
2018-01-14 14:06:50, 979 ნახვა
გიორგი მარგველაშვილი: დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ვერ გაგვტეხენ და ჩვენი სული იზეიმებს თავისუფლებას

საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია დღეს გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს, სახელმწიფო ჰიმნი კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა იუნკერებს და საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის, სიძლიერისა და გაუტეხელობის სიმბოლოა.

"ჩემო თანამემამულენო და თანამებრძოლნო, დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფო სიწმინდის, ჩვენი ღირსების, ჩვენი თავმოყვარეობის სიმბოლოს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს. ამ დღეს ჩვენ ავწიეთ დროშა იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთია ჩვენთვის, იმ ადგილას, საიდანაც სულ რამდენიმე კილომეტრში მოხდა ის, რაც თავიდან ბოლომდე აღწერს - რას ნიშნავს ქვეყნისთვის და ერისთვის დროშა.

2008 წელს თქვენი და ჩვენი თანამებრძოლი სულ რამდენიმე კილომეტრში აწამეს იმისთვის, რომ გაეტეხათ მისი სული და ვერ გატეხეს. ვერ გატეხეს გიორგი ანწუხელიძე, ადამიანი, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა სიძლიერე, თავმოყვარეობა და თავისი სამშობლოს სიყვარული.

მაშინ, ოკუპანტმა დაიპყრო ტერიტორია, ნაწილი ჩვენი სამშობლოს გულისა, გაავლო ჩვენს სხეულზე ეს იარა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, ვერ გატეხა ქართველი ჯარისკაცი. მანამდე, 93 წელს, სოხუმში მეორე ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აწამეს იმისთვის, რომ გაეტეხათ მისი სული. და ისიც არ გატყდა და მიუხედავად იმისა, რომ მტერმა აიღო ჩვენი სოფლები და ქალაქები,  ვერ გატეხა ქართველი მებრძოლი.

ჩემთვის ეს ორი ამბავი არის სიმბოლო იმისა, რას ნიშნავს დროშა. დროშა არ არის აბსტრაქტული სიმბოლო, დროშა არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ურთულეს პირობებშიც კი ჩვენი სული იზეიმებს თავისუფლებას, მაშინაც კი, როდესაც მტრებით გარშემორტყმული სიკვდილს უყურებდნენ თვალებში ჩვენი ეროვნული გმირები, ქართული დროშა არ დაწეულა და ქართული დროშა დღეს, იქ იმ ტერიტორიაზე, იმ ნაწილზე ჩვენი სამშობლოსი, რომელზეც დგას მტრის ჯარი, მაინც ფრიალებს, რადგან არ გატყდა სული, არც ანწუხელიძის და არც გაბესკირიასი. მათი გმირობა ისეთივე აღმაფრთოვანებელია დღეს, როგორც ჩვენი წინაპრების გმირობა, რომლებმაც ჩვენი სამშობლო საუკუნეების განმავლობაში დღევანდლამდე მოიყვანეს და სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს გმირობა არის მიზანი, რომ ასე იცხოვრონ, მანამდე ქართული დროშა მუდამ იფრიალებს ძალიან ამაყად და მაღლა.

გილოცავთ ქართული დროშის დღეს!

დღეს - ჩვენი სამშობლოს სიამაყის, თითოეული საქართველოს მოქალაქის სიამაყის და იმ დიდი გამარჯვებების საწინდარის დღეს, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი, როგორც ამ ქვეყნის შვილი, მომავალშიც მივაღწევთ.

გილოცავთ ბატონებო!" - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებსა და იუნკერებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ყველა რეგიონში, დროშის აღმართვის ცერემონიის მონაწილეებს, სახელმწიფო დროშები და დროშის გამოყენებისა და აღმართვის წესები გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს რამდენიმე რეგიონში   გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ზახაროვა:ტატუნაშვილის საქმემ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას ხელი ვერ შეუშალა
48 წლის რეიჩელ ვაისი ორსულადაა
რიჩარდ გირი საიდუმლოდ დაქორწინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics