03:57 - 23 Apr, 2018
2018-01-09 15:01:42, 1213 ნახვა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი გახდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა.

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა დღეს გამოსცა და მედიას ნაცვლიშვილი თავად წარუდგინა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ანა ნაცვლიშვილის, როგორც იურისტის, ადამიანის უფლებათა დამცველის საქმიანობას და ასევე, სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში ერთერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს.

"სწორედ, მისი ხედვიდან, მისი პრინციპების მიმართ ერთგულებიდან და აგრეთვე მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მე შევთავაზე მას ერთერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა და მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საპარლამენტო ორგანოსთან საქართველოს პარლამენტთან და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ანა ნაცვლიშვილს წარმატება და ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტიანი მუშაობა უსურვა.

თავის მხრივ ანა ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ნდობისათვის და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოხატული მაღალი ნდობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, იგი გააგრძელებს მუშაობას და წვლილის შეტანას იმ უდიდეს საქმეში, რასაც საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შემქნა, სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჰქვია.

 "მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ამ პროცესში ჩართულ, ყველა სახელმწიფო უწყებასთან, დაფუძნებული იქნება პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი",- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

 ანა ნაცვლიშვილის ბიოგრაფია

ანა ნაცვლიშვილი დაიბადა 1984 წლის 31 დეკემბერს. სწავლობდა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის გიმნაზიაში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 2007 წელს მიენიჭა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (უნგრეთი) სამართლის მაგისტრის წოდება, ხოლო 2013 წელს ესექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის წოდება.

2007-2008 წლებში სტაჟირება გაირა დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მე-19 მუხლში" და სამხრეთ აფრიკაში, კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში.

2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოში, უფლებადაცვით ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში" და საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის" სამხრეთ კავკასიის ოფისში.

2012 წელს მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტთან არსებულ გარდამავალი მართლმსაჯულების ქსელში, ხოლო 2013 წელს - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში.

2014-2017 წლებში სამჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.

ამავე პერიოდში  ხელმძღვანელობდა ოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარ კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის.

 ანა ნაცვლიშვილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2017 წ.), ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის (2016-2017 წწ.) და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი კომისიის წევრი (2016).

ანა ნაცვლიშვილი არის საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების თაობაზე არაერთი კვლევის და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.

სხვადასხვა დროს ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორებიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ევროსაბჭო, და სხვ.

 მიღებული აქვს რამდენიმე პროფესიული სტიპენდია და სიგელი. 2017 წელს მას მიენიჭა საქართველოს 7 უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაწესებული ჯილდო "წლის უფლებადამცველი".



სოციალური ქსელები
კომენტარები



ზახაროვა:ტატუნაშვილის საქმემ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას ხელი ვერ შეუშალა
48 წლის რეიჩელ ვაისი ორსულადაა
რიჩარდ გირი საიდუმლოდ დაქორწინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics