16:52 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-30 20:18:53, 4099 ნახვა

მსოფლიო
საქართველო და მსოფლიო 2017 წელს

არჩევნები ევროპის ქვეყნებში, ტერორიზმთან ბრძოლა და სექს სკანდალები - მსოფლიოსთვის 2017 წელი ძალიან დაძაბული და სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. წლის მოვლენების ეპიცენტრში, მასშტაბური ხანძრებით და ანტიტერორისტული სპეცოპერაციით, საქართველოც მოხვდა.

"ექსპრესნიუსი" გთავაზობთ მსოფლიოში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესების მოკლე მიმოხილვას, რათა გავიხსენოთ, რა მოვლენებით შევა 2017  წელი ისტორიაში.

#მეტიევროპასაქართველოში - #მეტისაქართველოევროპაში (ვიზალიბერალიზაცია)

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ერთ-ერთმა პირველმა უვიზო მიმოსვლით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისარგებლა, რომელიც ათენში სტუდენტებთან ერთად გაემგზავრა. ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა 553-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი 66 აღმოჩნდა, ხოლო თავი 28 დეპუტატმა შეიკავა. საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2012 წლიდან დაიწყო. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. 2016 წლის ბოლოს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომაც შეაფასეს დადებითად.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები

23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენო არჩევნები ჩატარდა, თუმცა იმის გამო, რომ ამომრჩეველთა ხმების 50% პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა მიიღო, ქვეყანაში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო.  7 მაისს საფრანგეთის მოსახლეობამ პრეზიდენტად ლიბერალი ემანუელ მაკრონი აირჩია. მაკრონის კანდიდატურას, ამომრჩეველთა 65.5 %-მა დაუჭირა მხარი. მაკრონის მთავარი ოპონენტი ნაციონალისტი მარინ ლე პენი იყო, რომელმაც ხმების 34.5 % მიიღო. 39 წლის ემანუელ მაკრონი არ იყო პარლამენტის წევრი და მას, აქამდე, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ცენტრისტ მაკრონის რეიტინგი უცვლელად მაღალი რჩებოდა, თუმცა ინაუგურაციის შემდეგ მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე ლიბერალი პრეზიდენტის მხარდამჭერთა რიცხვი შეიძლება ითქვას, რომ შემცირდა.

"ისლამურმა სახელმწიფომ" ტერიტორიების 95% დაკარგა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიასა და ერაყში კონტროლირებადი ტერიტორიის 95% დაკარგა. 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც აშშ-ის კოალიცია ჩამოყალიბდა, 7.5 მილიონი ადამიანი დაჯგუფებისგან გათავისუფლდა, ხოლო 2.6 მილიონმა ერაყელმა სახლში დაბრუნება მოახერხა. ISIS-მ ერაყის რეგიონები 2014 წელს დაიპყრო, მათ შორის ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი მოსული. ერაყის სამხედრო ძალებმა მოსულის გათავისუფლება მიმდინარე წლის 29 ივნისს შეძლეს. შემდეგ საომარი მოქმედებები ტერორისტების მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონებშიც გაგრძელდა. გარდა ამისა, 5 ოქტომბერს ერაყის არმიამ კირკუკის პროვინციაში მდებარე ქალაქ ჰავიჯაზე კონტროლი დაამყარა, რომელიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო საყრდენი იყო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. 9 დეკემბერს ერაყის პრემიერ-მინისტრმა  ჰაიდერ ალ-აბადიმ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომი დასრულებულად გამოაცხადა. ამავე წელს, ტერორიზმთან წარმატებული ბრძოლის შესახებ სირიამაც განაცხადა. სირიის ჯარმა ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებადი ქალაქი აიღო.  ქალაქი დეირ ალ-ზორი სირიაში ტერორისტების ბოლო დასაყრდენი იყო.

მასშტაბური ხანძარი საქართველოში

საქართველოში 2017 წელს 24 მასშტაბური ხანძარი მოხდა, რის გამოც დიდი მატერიალური და ეკოლოგიური ზიანი მიადგა ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ ხანძრებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ზაფხულში საქართველო ტყის ხანძრების სერიამ მოიცვა. აქედან განსაკუთრებით მასშტაბური 20 აგვისტოს ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი იყო, რომლის დროსაც, ბოლო ინფორმაციით, 100-მდე ჰექტარი დაიწვა. ხანძარი დაფიქსირდა შემდეგ ტერიტორიებზე: 1. ბორჯომის ხეობა; 2. ატენის ხეობა; 3. წაღვერი; 4. ლაგოდეხი; 5. გორი; 6. ახალციხე; 7. ნაძალადევი (სავაჭრო ცენტრი ''ბავშვთა სამყარო''); 8. დიდი დიღომი; 9. ისნის ბაზრობა; 10. გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორია; 11. სენაკის ბაზრობა; 2. ფოთის ბაზრობა; 13. ელიავას ბაზრობა; 14. თბილისი-რუსთავის გზატკეცილი; 15. ვარკეთილის ავტოსადგომი; 16. თიანეთი; 17. მთაწმინდა; 18. ზესტაფონის ბაზრობა;19. დუშეთის ტყე; 20. სიღნაღი; 21. ბათუმი; 22. მესტია; 23. წეროვანი; 24. ფშავ-ხევსურეთი.

გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები

24 სექტემბერს გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები გაიმართა. გერმანიის მოსახლეობა ასევე, ქვეყნის კანცლერს ირჩევდა. მმართველი გუნდის, „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ კანცლერობის კანდიდატი ისევ ანგელა მერკელი იყო. მერკელის მთავარი კონკურენტი კი, სოციალ-დემოკრატი მარტინ შულცი, რომელიც მანამდე ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა 32.5% მიიღო, რის საფუძველზეც „გერმანიის დედიკომ“ კანცლერის პოსტი უკვე მე-4 ვადით დაიკავა.

კატალონიის ე.წ. რეფერენდუმი

კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალურმა მადრიდმა ისივე, როგორც ევროკავშირმა კატალონიელების პლებისციტი არ აღიარა. ამის შემდეგ კატალონია საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა მოსახლეობამ, ცენტრალური ქუჩები გადაკეტა და მასშტაბური აქციები დაიწყო. ამას მოჰყვა, მადრიდის მიერ კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევა და ადგილობრივი მთავრობის დათხოვნა. ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის და მინისტრთა კაბინეტის ექს-წევრების დაკავების ორდერი გასცა და რეგიონში ვადამდელი არჩევნები დანიშნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არჩევნები კვლავ "დამოუკიდებლობისთვსი მებრძოლმა" პოლიტიკოსებმა გაიმარჯვეს. როგორც განვითარდება მოვლენები კატალონიაში, ამას უკვე 2018 წელს გავიგებთ.

სექს-სკანდალები

ყველაფერი ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის ირგვლივ აგორებული კამპანიით დაიწყო. რამდენიმე ამერიკულმა მედიამ ჟურნალისტური გამოძიებო ჩაატარა, რა დროსაც დადგინდა, რომ " ვაინშტაინი წლების განმავლობაში თავის მდგომარეობას  ბოროტად იყენებდა და ახალგაზრდა მსახიობ ქალებს სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა. პირველი ქალი, რომელმაც ვაინშტეინი დაადანაშაულა, მსახიობი რომოლა გარაია, მას კი ათობით სხვა მსახიობი მიჰყვა. საერთო ჯამში პროდიურეს სექსუალურ შევისწროებაში 100-მდე ქალი ადანაშაულებს. 11 ოქტომბერს, ბრიტანეთის კინოს და ტელევიზიის აკადემიამ (BAFTA) ჰარვი ვაინშტეინს წევრობა შეუჩერა. "ჰარვის" სკანდალის შემდეგ მსგავსი ბრალდებები გაისმა ამერიკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების, ჯორჯ ბუშ-უფროსისა და დონალდ ტრამპის მისამართით. სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს ასევე, მსახიობი ბენ აფლეკი, ჯონ ტრავოლტა, კევინ სპეისი და სხვა. შეუსაბამო სექსუალური ქცევის ბრალდებებმა ასევე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მაიკლ ფელონის თანამდებობიდან გადადგომაც გამოიწვია. სექს-სკანდალს 2017 წელს მსხვერპლიც მოჰყვა. უელსის მთავრობის მინისტრი კარლ სარჯენტის მიმართ რამდენიმე ქალი ბრალდებებით გამოვიდა, რის შემდეგაც მინისტრი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

თვითმკვლელობა ჰააგის ტრიბუნალზე

29 ნოემბერს ჰააგის სასამართლოში პირველად, თვითმკვლელობა მოხდა. ხორვატიის არმიის გენერალმა სლობოდან პრალიაკმა, რომელსაც ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში დასდეს ბრალი, ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, საწამლავი დალია. პრალიაკი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით დადგინდა, მას ციანიდის კალიუმი ჰქონდა მიღებული. თვითმკვლელობის შემდეგ ნიდერლანდების პოლიციამ სასამართლოს დარბაზი დანაშაულის ადგილად გამოაცხადა.

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში

2017 წლის ნოემბერში საქართველოს ტერორისტული საფრთხე პირველად დაემუქრა. 21 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ქართულმა ძალოვანმა უწყებებმა ერთობლივი სპეცოპერაცია დაიწყეს. მიმდებარე ტერიტორიაზე 22 საათის განმავლობაში სროლისა და აფეთქებების ხმა პერიოდულად ისმოდა. კონტრტერორისტულ ოპერაციის დროს სულ 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთ-ერთი სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაციის დროს მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი ტერორისტის, ISIS-ის რუსულენოვანი ქვედანაყოფის "იარმუკის ბატალიონის" უფროსის და აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევის ლიკვიდირება მოხდა. თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ტრამპის გადაწყვეტილებას, პალესტინაში მასობრივი გაფიცვა მოჰყვა. პალესტინის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით დაიხურა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე  მაღაზიები. პროტესტის ნიშნად პალესტინაში საშობაო ნაძვის ხეები ჩააქრეს. ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის პერმანენტული შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაშავდა. კონფლიქტი უკვე წლებია მიმდინარეობს და ის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დაპირისპირებაა. კონფლიქტს, რომლის მთავარი მიზეზი საზღვრების გაფართოებასა და იერუსალიმის მართვას უკავშირდებოდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ მან წინასაარჩევნო დაპირება თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით შეეასრულა და მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, მის ნაბიჯებს მიჰყვნენ. 21 დეკემბერს გაეროს საგანგებო სხდომაზე, 128 ხმით 9-ის წინააღმდეგ, მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ტრამპის გადაწყვეტილებას „უკანონო და იურიდიულად გაუმართლებელი უწოდეს“. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის კენჭისყრაში საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო.

 

ბელა არუთინოვი




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics