05:19 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-30 19:49:33, 4816 ნახვა

ეკონომიკა
რეგიონში საუკეთესო ეკონომიკური ზრდის ფონზე, წლის „ანტიგმირის“ სტატუსი, კვლავ ლარს ერგო

ციფრებისა და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელი ქართული ეკონომიკისთვის ნამდვილად წარმატებული იყო. გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობა ვარაუდობდა, რომ 2017 წელს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდებოდა, თუმცა, რელობამ მოლოდინს გადააჭარბა და საბოლოოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4.9% შეადგინა.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი ეკონომიკური გამოწვევები კვლავ დასაძლევი და გადასაჭრელია.

მთლიანობაში ეკონომიკაზე განსაკუთრებულ გავლენას საგარეო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორები ახდენს. სწორედ 2017 წელს მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები, როგორებიცაა "აბრეშუმის გზის ფორუმი", ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება და ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება და სხვა. ამის ფონზე, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის პრივილეგიით საზოგადოების ყველა ფენა ვერ სარგებლობს.

უფრო დეტალური შეფასებისთვის, "ექსპრესნიუსი" ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ, სოსო არჩვაძეს დაუკავშირდა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2016 წელთან შედარებით უფრო მაღალი აღმოჩნდა, თუმცა მისივე შეფასებით, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

"ეკონომიკა თითქმის 5%-ით გაიზარდა. ეს რა თქმა უნდა ხელისუფლების და პირველ რიგში აღმასრულებელი ხელისუფლების დამსახურებაც არის. თუმცა, თუ შევხედავთ სხვა ასპექტებს, არსებობს ბევრი პრობლემა და ცნობილი ნათქვამის პერეფრაზირება ახალ რეალობაში, რომ გამოვიყენოთ, შეიძლება ითქვას, რომ "გასაკეთებელი  ჯერ კიდევ ბევრია". იგულისხმება ის, რომ სოციალურ სიდუხჭირეს საკმაოდ ფართოდ აქვს ფესვები გადგმული და ეკონომიკური ზრდის ნამეტით საზოგადოების ყველა ფენა ვერ სარგებლობს. მიმდინარე წელი ხასიათდებოდა ინფლაციის საკმაოდ მაღალი ტემპით, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრულ გეგმიური ინფლაციის მაჩვენებელს. ამან პირველ რიგში დაარტყა ფიქსირებულ და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას. მხედველობაში მაქვს პირველ რიგში პენსიონერები, რომელთა პენსია მიუხედავად გარკვეული მოლოდინისა არ გაიზარდა. ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის ინფლაცია მეტად მტკივნეულია, რადგან მათ სამომხმარებლო კალათაში ისეთი საქონელი ჭარბობს, როგორიცაა მედიკამენტები და მათზე ფასები გაცილებით სწრაფად იზრდება ინფლაციის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ექსპორტ-იმპორტის გადაფარვისა და უარყოფითი სავაჭრო ბალანსისა. ჩვენ დიდ წილად ვართ დამოკიდებული იმპორტზე. ჩვენი შიდა სამომხმარებლო ბაზრის დიდი ნაწილი გაჯერებულია იმპორტირებული საქონლით და შესაბამისად ვალუტის კურსის რყევაც ამაზე სერიოზულ გავლენას ახდენს", - განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, 2017 წელს ვალუტის კურსის დაცემამ, მოსახლეობის ყველა ფენაზე სერიოზული გავლენა იქონია.

"თუ წლის დასაწყიში ჩვენ საშუალოდ გვქონდა 2.37 კურსი, ახლა 2.50 ლარზე დაბლა ჩამოსვლა მხოლოდ ოცნებად რჩება. იყო წარმატებები, მაგალითად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამუშავება, თუმცა ამ ხაზის დატვირთვა სამომავლო ამოცანას წარმოადგენს, ასევე დადებითად იმოქმედა აბრეშუმის გზის ფორუმმაც. ინვესტიციების მოცულობაც პირველი სამი კვარტლის განმავლობაში სწრაფად გაიზარდა. ეს საკმაოდ სოლიდური ზრდა იყო. მართალია მთლიანობაში დადებითი, პოზიტიური ვექტორი სჭარბობდა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის პრობლემები, რომლებიც დაჰყვება საქართველოს მომავალი წლისთვისაც", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

კიდევ ერთი ექსპერტი, „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე, მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს, ეკონომიკურ წინსვლაზე პოზიტიური გავლენა დიდი სატრანზიტო პროექტების დაწყებამ იქონია.

"ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა მისი ეკონომიკური ზრდით და საშუალო ინფლაციით ფასდება. ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მეტი იქნება - სავარაუდოდ 4.5% - 5% ფარგლებში. კარგია, რომ უფრო მეტია ვიდრე ვგეგმავდით და პროგნოზირებდნენ, მათ შორის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები. რაც შეეხება ინფლაციას, ის იქნება ალბათ 7%-ის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტია ვიდრე სამიზნე მაჩვენებელი. ასევე მნიშვნელოვანი იყო მოგების გადასახადის გაუქმება და ესტონურ მოდელზე გადასვლა. ეს მომავალ წლებში დადებით სტიმულს მისცემს ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე დადებითი იყო დიდი სატრანზიტო, სატრანსპორტო პროექტების დაწყება, როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ანაკლიას პორტის მშენებლობის დაწყება. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის პრიორიტეტული დარგები - ეს ის დარგებია სადაც შემოდის მეტი ინვესტიცია. ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი არის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ასევე პრიორიტეტულია ტურიზმი. ვფიქრობ, რომ წელს ტურიზმიდან შემოსულობები 2 მილიარდ 500 მილიონ დოლარის დონეზე ავა, რაც საქართველოს ისტორიისთვის რეკორდული მაჩვენბელი იქნება", - განაცხადა კეპულაძემ.

მან ასევე ლარის კურსთან არსებულ პრობლემას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ისახებოდეს.

"ეკონომიკურ ზრდას ნეგატიურ ფონად გასდევს ლარის მერყევი კურსი, რომელიც სეზონურად იცვლება და სწრაფად უფასურდება. ეს რა თქმა უნდა განსაკუთრებით აზიანებს დაბალშემოსავლიან ადამიანებს და მათ ვისაც სესხი აქვთ უცხოურ ვალუტაში. ეკონომიკური ზრდა ასევე ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ისახებოდეს და ამაზე ხელისუფლებამ უნდა იმუშავოს. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა. წელს, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა. ვფიქრობ, რომ მთავრობამ საკუთარ უარყოფით გაკვეთილებზე ბევრი ისწავლა, მაგალითად, რომ სავიზო რეგულაციების დაწესება არ უხდება ჩვენს ეკონომიკურ ზრდას და ტურიზმს, ის რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს და ამაში თანხა უნდა ჩაიდოს. ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ეროვნული ბანკის კრიტიკა, ლარის კურსის გამო, რაც მგონია, რომ არასწორია. სებ-ის ფუნქცია არ არის ლარის გამყარება. მისი ფუნქია არის ფინანსური სტაბილურობა და სტაბილური ინფლაცია, რასაც სებ-ი თავს წარმატებით ართმევდა. რა თქმა უნდა მეტ ეკონომიკურ ზრდას ვისურვებდით, თუმცა ის ფაქტი, რომ ზრდა პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, არ შეიძლება ნეგატიურად შეფასდეს", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

მიმდინარე წელს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დევალვაციაა. ლარმა წელსაც "ანტიგმირის" როლი შეასრულა. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება ჯერ კიდევ  2014 წლის ნოემბერში დაიწყო. შედეგად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დიდი წნეხის ქვეშ მოჰყვა. ქართველი ექპერტების ნაწილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს ლარის სტაბილიზებას, ხოლო ნაწილს მიაჩნია, რომ ლარის სტაბილიზება მთავრობის მიერ “ნაწილობრივ შესაძლოა”.

მიმდინარე წელს, პირველი ისტორიული ანტირეკორდი იანვრის თვეში აღინიშნა, როდესაც ლარმა 2.7674 -იან ნიშნულს მიაღწია. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ლარმა გაუფასურება შეწყვიტა და დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარება დაიწყო. ზაფხულის დასაწყისში კურსი 2.4181 -მდეც კი იყო ჩამოსული, რაც ტურისტული სეზონის მოსვლით და დოლარის ხარჯვით იყო განპირობებული. ამის მიუხედავად, სექტემბერში კრიზისის მეორე ფაზა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. არჩევნებამდე, გაუფასურების ტემპის შესამცირებლად  ეროვნულმა  ბანკმა  სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. მაშინ, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3910 შეადგინა. ყველაზე კრიტიკულ პერიოდი კი, ოქტომბერში დაიწყო და ნოემბრის თვეში გამწვავდა. 25 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ფასი 2.5206  ლარი იყო, 10 ნოემბერს კი, ლარის ნიშნულმა 2.6370 -ს მიაღწია. 2017 წლის 29 ნოემბრის მონაცემებით, ლარი 2.7228 ღირდა. დოლართან ერთად, ლარი ევროსთან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა. ევროს ღირებულებამ 3.25 ლარს მიაღწია. ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.69-დან 2.72 ლარამდე მერყეობდა, ხოლო ევრომ 3.32 ლარს მიღწია. ამავე პერიოდში, სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2.70-2.72 ღირდა, ევრო კი, 3.24-3.26 ლარი.

რაც შეეხება საერაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, 2017 წლის განმავლობაში, საქართველომ სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგსა და კვლევაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. აღნიშნულმა შედეგებმა ქვეყანას პირველ რიგში უცხოელი ინვესტორების დაინტერესებაში შეუწყო ხელი. მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის, „ბიზნესის კეთების ინდექსის" (Doing Business - 2018) თანახმად, რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველომ შვიდი ადგილით წაიწია წინ და მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2017 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და წინა წელთან შედარებით, რეიტინგით გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი) და ლატვია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი“ (The Global Competitiveness Index) ერთ-ერთი საერთაშორისო რეიტინგია, სადაც საქართველო მსოფლიო მასშტაბით 137 ქვეყანას შორის 8 ქვეკომპონენტში პირველ ათეულში შედის და 67-ე ადგილს იკავებს. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2017 და 2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0.6, ხოლო 2018 წლისთვის 0.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

პოზიტიური შეფასებებისა და შესაბამისი მაჩვენებლების ფონზე, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარება არა ფორმალურ დოკუმენტზე, არამედ მთავრობის გეგმებზე და ყოველდღიურ საქმიანობაზედამოკიდებული.

 

ბელა არუთინოვი




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics