22:57 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 19:06:55, 3701 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა 115 ხმით, კონსტიტუციური კანონის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამაღლდეს კონსოლიდაციის ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში, გაიზარდოს პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის ხარისხი და ეს ყველაფერი დაგვაზღვევს ჩვენ რისკებისგან გრძელვადიან პერსპექტივაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა.

კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა, პლენარულ სხდომაზე დღეს მუხლობრივად განიხილეს.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს  პუნქტი ემატება, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე“. ასევე,  შესრულებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მე-16 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას ეხება. ამასთან,  ცვლილებები შედის კონსტიტუციის მე-18 მუხლში რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ეხება.

საუნივერსიტეტო ავტონომიის შესახებ ჩანაწერი ემატება 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, შესაბამისად, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია უზრუნველყოფილია.

ყველაზე პრინციპული ხასიათის ცვლილება, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ე.წ. ბონუსების სისტემას ეხება. ტერმინოლოგიური ცვლილებაა შემოთავაზებული 50-ე მუხლში და ტერმინი „ხმოსანი“ „საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება.

მე-60 მუხლის მე-6 პუნქტზე საუბრისას,  პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ახალი ჩანაწერის მიხედვით, დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში,  თუ ეს ნორმა შესაბამისი არჩევნების თვემდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. როგორც ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად,  მინიმალური ვადა გახანგრძლივდა და საარჩევნო დავასთან დაკავშირებით მსჯელობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს, სულ მცირე, ექვსი თვე ექნება.

კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, განისაზღვრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ოთხი წლის ვადით გამწესებული 14 წევრი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შედიან. ასევე,  დაკონკრეტებულია იუსტიციის საბჭოს მდივნის არჩევის წესი.

კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დატოვებასაც. რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის რეგულაციას, აპრილში დადგინდება ის პირობები, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი აღარ გახდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა დეპუტატების კითხვებსაც. მე-17 მუხლის მეორე პუნქტის ახალ რედაქციაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩანაწერი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას  შეესაბამება. „უკვე შესული იყო პოზიტიური ცვლილებები მე-18 მუხლში და ახლა კიდევ უფრო იზრდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტი, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვამაყობთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს განსაკუთრებით ღია მმართველობის კუთხით,საქართველო თავმჯდომარეობს ღია მმართველობის პროგრამას, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო სტატუსი და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით ვუფრთხილდებით იმ მიღწევებს, რომლებიც გვაქვს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. თუმცა, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სრულად იყოს დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება ჩვენს ქვეყანაში და ეს ჩანაწერი დამატებით შეუწყობს ხელს ამ უფლების დაცვის სათანადო უზრუნველყოფას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თანამომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ,  დეპუტატებს კომიტეტის დასკვნა გააცნო.  „შესაძლებლობა მივეცით  ყველა დაინტერესებულ პირს თავისი მოსაზრება გამოეთქვა იმ პუნქტებთან და საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შემოთავაზებულია მეორე მოსმენის რეჟიმში ახალი ფორმულირებების სახით და კომიტეტმა ამას დაუჭირა სრულად მხარი“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების მიზეზებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამი მოსმენით უკვე დამტკიცებული დოკუმენტი ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.  თუმცა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კომპრომისის მიუხედავად, განხილვას არ ესწრება და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს ოპოზიცია - ეს კი, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის თვითმიზანი კონსესუსის არ მიღწევა იყო.

„ის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით და რომელიც არის უკვე ამოქმედებული, სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, მოგვიწოდა ჩვენ ვენეციის კომისიამ, რომ მეტი კომპრომისისათვის და მეტი კონსესუსისათვის გაგვეზიარებინა რამდენიმე ინიციატივა, რომელიც იყო გაჟღერებული ოპოზიციის მხრიდან. ეს ეხებოდა ბონუსის სისტემას, ეს ეხებოდა ბლოკის ინსტიტუტს, იყო ორი დამატებით ტექნიკური საკითხი, რომელიც არ იყო პოლიტიკური ხასიათის. როგორც ხედავთ, ჩვენ ამაზეც კი წავედით. კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან გამართული და ძალიან სწორი კონსტიტუცია, თავისი ბინუსებით, ხაზგასმით ვიტყვი ამას, ბონუსის სისტემა არის შესაბამისობაში სამართლიანი მანდატების გადანაწილების პრინციპთან და ეს სისტემა მიზნად ისახავდა იმას, რომ ჩვენ დაგვეცვა სტაბილურობის ინტერესი პლურალიზმის ინტერესთან ერთად, უფრო მაღალი ხარისხით, თუმცა წავედით ჩვენ კომპრომისზე, მეტი კონსესუსისათვის და გამოვთქვით თანხმობა, რომ აგვესახა ბონუსის სისტემის გაუქმება კანონპროექტში და დაგვეტოვებინა ერთჯერადად ბლოკის ინსტიტუტი კონსტიტუციაში. ამის მიუხედავად, თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია არ არის დღეს წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში. ისინი არ ესწრებიან ამ განხილვას და ისინი მხარს არ უჭერენ იმ ცვლილებებს, რომლებიც მათი მოთხოვნით, მხოლოდ და მხოლოდ მათი მოთხოვნით არის წარმოდგენილი და რის საფუძველზეც იცვლება კონსტიტუცია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თავისთავად კონსესუსის არ მიღწევა კიდევ ერთხელ იყო თვითმიზანი ოპოზიციისათის. იმ ცვლილებებს არ უჭერენ ისინი მხარს, რომლებიც იდება კონსტიტუციაში მათი მოთხოვნის საფუძველზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს.

„თუმცა, ჩვენ ვვითარდებით და ამ განვითარების საფუძველზე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა მიაღწევს პოლიტიკური კონსოლიდაციის უფრო მაღალ ხარისხს. ჩვენ მივაღწევთ პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის უფრო მაღალ ხარისხს და ზუსტად ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2024 წელს, როდესაც ჩვენ გადავალთ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე, პოლიტიკური კულტურის დეფიციტი აღარ შექმნის პრობლემას პოლიტიკური პროცესების სტაბილური სახით განვითარებისთვის. სწორედ ამ გათვლით და ამ პროგნოზით გადავდივართ ჩვენ სრულად პროპორციულ სისტემაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველამ ვიცით, ეს სახელმძღვანელოებშიც კი წერია, რომ თავის რისკებთან, ბუნებრივია, პროპორციული სისტემაც კი არის დაკავშირებული. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამაღლდეს კონსოლიდაციის ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში, გაიზარდოს პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის ხარისხი და ეს ყველაფერი დაგვაზღვევს ჩვენ რისკებისგან გრძელვადიან პერსპექტივაში. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ  -აქ საუბარია იმ ცვლილებებზე, რომელიც შედის კონსტიტუციაში ოპოზიციის მოთხოვნით და ოპოზიცია არ ესწრება სხდომას, რაც ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკვე დამტკიცებული დოკუმენტი ევროპულ სტანდარტებს სრულად შესაბამება და მისი ყველა საკვანძო ნორმა სრულად შემდეგი მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ ამოქმედდება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის სრულად იქნება ამოქმედებული ამ კონსტიტუციის ყველა საკვანძო რეგულაცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც არის მიღებული ჩვენს მიერ, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და უფრო მეტიც, შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ერთსულოვნებისთვის, თქვენი თანადგომისთვის, რაც იყო უპირობოდ მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, იმისთვის, რომ ჩვენ ასეთი შედეგისთვის მიგვეღწია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა მეორე მოსმენისათვის წარმოდგენილ პროექტს, კენჭისყრის შედეგად, მხარი 115 ხმით დაუჭირეს.

კონსტიტუციური კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics