13:58 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 18:39:56, 9932 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი–პალესტინის დაუსრულებელი კონფლიქტი – დასაწყისიდან დღემდე

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი უკვე წლებია მიმდინარეობს და ის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დაპირისპირებაა. კონფლიქტს, რომლის მთავარი მიზეზი საზღვრების გაფართოებასა და იერუსალიმის მართვას უკავშირდებოდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კონფლიქტის მიზეზი

დღევანდელი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიაზე ძვ.წ.-ის პირველ ათასწლეულში არსებობდა ებრაული სახელმწიფოები. ებრაელების განდევნა იერუსალიმიდან ახ.წ. 70 წელს, რომის იმპერიის მიერ განხორციელდა. იმპერატორ ადრიანეს დროს ებრაელებს იერუსალიმში დაბრუნების ნება დართეს. მათი მორიგი აჯანყების შემდეგ კი,135 წელს, რომაელებმა ქალაქი დაანგრიეს და ებრაელებს იქ ცხოვრება  აუკრძალეს.   მოგვიანებით მათმა უმეტესობამ პალესტინის ტერიტორიებიც მიატოვა, ამჯერად ნებაყოფლობით და სხვა ქვეყნებში მიგრირდნენ.

1881 წელი გარკვეული ათვლის წერტილია პალესტინაში ევროპელი ებრაელების იმიგრაციისა და ერთდროულად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დაწყებისთვისაც. ამ წლის 1 მარტს რადიკალური ორგანიზაცია „ნაროდნაია ვოლიას“ ტერორისტული აქტის შედეგად მოკლულ იქნა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე. იმ საბაბით, რომ „ნაროდნაია ვოლიას“ წევრებს შორის ებრაელებიც იყვნენ, რუსეთში ებრაელთა რბევა დაიწყო, რამაც  ბევრ ებრაელს უბიძგა დასავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ, აშშ–სკენ და ასევე იერუსალიმისკენ აეღოთ გეზი.

1897 წელს, სიონიზმის, როგორც ებრაელთა ეროვნული მოძრაობის დაფუძნება მოხდა ქალაქ ბაზელში ჩატარებულ პირველ სიონისტურ კონგრესზე, რომლის მოწვევის ინიციატორი იყო თეოდორ ჰერცლი. ებრაელთა ეროვნული მოძრაობის დაფუძნებას, პალესტინაში ებრაელთა მასობრივი იმიგრაცია მოჰყვა, რასაც ესაჭიროებოდა ეკონომიკური და იურიდიული ბაზა, რომელიც მალევე შეიქმნა. ბევრი მდიდარი ებრაელი დათანხმდა გაეღო თანხა. 1901 წელს შექმნილმა მიწის ფონდმა პალესტინაში  96 000 ჰექტარი მიწა შეიძინა, რაც ებრაელი ხალხის განუყოფელ ქონებად ითვლება.

აღმოსავლეთის კონფლიქტის სათავედ შეიძლება  1948 წლის 14 მაისს ისრაელის სახელმწიფოს შექმნა ჩაითვალოს. ეს გადაწყვეტილება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს.  თავიდან, სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება იყო.  ერთი მხარე ფიქრობდა, რომ ჩამოეყალიბებინათ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მეორე ფიქრობდა ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. იყო ისეთი მოსაზრებაც, რომ ცალკ–ცალკე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნილიყო.

გაეროს რეზოლუციის თანახმად, ებრაულ სახელმწიფოს რჩებოდა სამანდატო პალესტინის ტერიტორიის (იერუსალიმის გარეშე) 56,47 პროცენტი, სადაც ცხოვრობდა 498 ათასი ებრაელი და 325 ათასი არაბი. არაბულ სახელმწიფოს უნდა დარჩენოდა სამანდატო პალესტინის ტერიტორიის(იერუსალიმის გარეშე) 43,53 პროცენტი, სადაც ცხოვრობდა 807 ათასი არაბი და ათი ათასი ებრაელი. რაც შეეხება იერუსალიმის რეგიონს, ეს ტერიტორია საერთაშორისო კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა. ებრაელებმა პალესტნის გაყოფის გეგმა მიიღეს. არაბებმა კი, დაიწუნეს.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი 

იმ ფაქტმა, რომ არაბები მოსახლეობის რაოდენობით ებრაელებს აღემატებოდნენ და ნაკლებ ტერიტორიას ფლობდნენ, უსამართლობის გრძნობა გააღვივა ხალხში. ორივე მხარემ გამალებით დაიწყო შეიარაღება. იქმნებოდა გამაგრებული ადგილები. ინტერსეთა კონფლიქტი საომარ მოქმედებებში გადაზარდა და უკვე 1948 წლის დასაწყისიდან დაიწყო თემთაშორისი შეტაკებები,რომელსაც დიდი მსხვერპლიც მოყვა.

უკვე აღვნიშნეთ, ომი  1948 წლის 14 მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობას პალესტინის გარდა, კიდევ 5 არაბული სახელმწიფო იღებდა. ესენია: ეგვიპტე, იორდანია, სირია, ლიბანი და ერაყი. საომარი ქმედებები პალესტინისთვის არცთუ სახარბიელოდ დამთავრდა. გამარჯვება ისრაელს ხვდა წილად და როდოსის ზავის თანახმად, მეტი ტერიტორია მიიღო.  პალესტინა-ისრაელის 1948 წლის ომის შედეგებით, ამ უკანასკნელის გავლენა გავრცელდა იერუსალიმის დასავლეთ ნაწილზეც, აღმოსავლეთი იერუსალიმი კი იორდანიას დაექვემდებარა. ღაზას სექტორი ეგვიპტის გამგებლობაში აღმოჩნდა. 1950 წელს კი, ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გადავიდა და იგი დედაქალაქად გამოაცხადა.

1967 წელს ისრაელმა გამოიარა ექვსდღიანი ომი. ეს ომი ეგვიპტემ წამოიწყო,შემდეგ სირია და ლიბანიც ჩაერთო,თუმცა ექვსდღიან ომში გამარჯვება ისრაელს ხვდა წილად. ამ ომის შედეგად, იერუსალიმის საზღვრები აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით გაფართოვდა 70,2 კილომეტრ კვადრატით. ამ ფართობზე ისრაელის ხელთ არსებულ და დასავლეთ იერუსალიმთან ერთად ’’ერთიანი იერუსალიმი’’ შეიქმნა.

ისრაელმა გამოიარა იომ-ქიფურის ომიც, რომელიც ისევ ეგვიპტის არმიის მიერ დაიწყო. ისრაელმა დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. ყველაზე საინტერესო ფაქტი ის გახლავთ,რომ ორივე მხარე ამ ომში თავს გამარჯვებულად თვლიდა. ეგვიპტელებისთვის და ზოგადად არაბებისთვის, ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი იყო,რომ მათ პირველად დაინახეს გაქცეული ისრაელელი ჯარისკაცები.

1978 წლის სექტემბერში აშშ–ს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის შუამავლობით კემპ-დევიდში ჩატარდა მოლაპარაკება, ხოლო 1979 წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად,ისრაელმა რამდენიმე ეტაპად გაათავისუფლა სინას ნახევარკუნძული. აღდგა ეგვიპტესთან 1948 წლამდე არსებული საზღვარი. სინას ნახევარკუნძული დემილიტარიზებულ იქნა,იქ გაეროს ცისფერ ჩაფხუტიანთა კონტიგენტი ჩააყენეს.

ეგვიპტემ, არაბული ქვეყნებიდან პირველმა ცნო ისრაელის სახელმწიფო და სრული დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა მასთან. ეგვიპტესა და ისრაელს შორის მშვიდობის დამყარებამ პრაქტიკულად შექმნა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პრეცედენტი ფორმულით - „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1993 წლის სექტემბრის შეთანხმება, რომელიც დაიდო ისრაელსა და პალესტინას შორის, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. ამ შეთანხმების თანახმად, უნდა შექმნილიყო პალესტინური ავტონომია ღაზას სექტორსა და იერიქონში, ჩამოყალიბებულიყო პალესტინის პოლიცია და ადმინისტრაცია. ოსლოში დაწყებული მოლაპარაკებების დასკვნითი აკორდი, ვაშინგტონში გაფორმდა ბილ კლინტონის მონაწილეობით, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იცხაკ რაბინმა და პალესტინის წარმომადგენელმა იასირ არაფატმა თავიანთი ხელმოწერით დაადასტურეს მშვიდობის დამყარების სურვილი. ეს კი ოსლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას გულისხმობდა. 

კონფლიქტი 2000–წლიდან დღემდე

2000 წლის აგვისტოში პრეზიდენტ კლინტონის შუამავლობით ქემპ დევიდში ჩატარდა მოლაპარაკება. შეხვედრაზე მხარეები ვერ მივიდნენ ტერიტორიულ კომპრომისამდე.ეს მოლაპარაკებაც ჩაიშალა,მის ჩაშლას კი მოჰყვა 2000 წლის სექტემბერში დაწყებული პალესტინური აჯანყება,რომელიც ძალადობასა და სასტიკ ტერორიზმში გადაიზარდა. ამას მოსდევდა ისრაელის არმიის მხრიდან მკაცრი საპასუხო ზომების გატარება.

ისრაელისა და პალესტინელების ტერიტორიული კონფლიქტის მოწესრიგების კიდევ ერთ ცდას წარმოადგენდა ე.წ ’’ კვარტეტის’’ (აშშ,რუსეთი,ევროკავშირი,გაერო)მიერ შემუშავებული გეგმა, რომელსაც ’’საგზაო რუკა’’ეწოდა. ეს გეგმა ოფიციალურად 2003 წლის 29 აპრილს იქნა წარმოდგენილი. ის გულისხმობდა 2005 წლამდე პალესტინის არაბული სახელმწიფოს შექმნას,ზოგიერთი წინასწარი პირობის დაცვით: პალესტინის მხარეს მოეთხოვებოდა ტერორიზმის აღმოფხვრა, თავისუფალი არჩევნებისა და პოლიტიკური რეფორმების ჩატარება,კონსტიტუციის შემქნა. ისრაელის მხარეს კი: სამხედრო ნაწილების გაყვანა პალესტინის ტერიტორიიდან,უკანონოდ დაარსებული ფორპოსტების მოშლა და საახალშენო საქმიანობის შეწყვეტა.

პალესტინის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შენიშვნების გარეშე ღებულობს ’’საგზაო რუკას’’ მაგრამ რადიკალურმა პალესტინურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ისრაელის არსებობის უფლებასაც კი არ ცნობენ,უპირველესად კი ჰამასმა, ეს გეგმა უარყვეს, როგორც დათმობა ისრაელისათვის. თავისი ტერორისტული საქმიანობის გაგრძელებით კი ისინი მშვიდობიანი კომპრომისის მიღწევის ამ ცდასაც ძირს უთხრიდნენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა,რომელიც ადრე არც მალავდა, რომ რალესტინის სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგია, ამჯობინა ’’საგზაო რუკისთვის’’ მხარი დაეჭირა.

2006 წლის პალესტინის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჰამასს ერგო, რამაც შეშფოთება გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში  და პალესტინას ეკონომიკური სანქციებით დაემუქრნენ. ამ გარემოებამ მეორე წამყვან პოლიტიკურ ძალას პალესტინაში – „ფათჰის“ საშუალება მისცა ჰამასთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩართულიყო. საერთაშორისო საზოგადოებამ მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ფათჰის ხელმძღვანელობას აღიარებდა პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციაც (PLO). შედეგად, 2007 წლის ივნისში ჰამასი ღაზას სექტორში გადავიდა და საკუთარი მმართველობა იქ გამოაცხადა. ფათჰის მმართველობამ ღაზას სექტორი მისი ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში სცნო, მაგრამ ჰამასი მას სამართლებრივად არ აღიარებდა.

2008 წელს  ურთიერთობა ისრაელსა და პალესტინას შორის განსაკუთრებით დაიძაბა და ისრაელის მიერ წამოწყებული კოფლიქტს სერიოზული სახე მიეცა. ინტერვენცია ტერორისტული აქტებით, შეიარაღებული არმიით და სხვა სახით მიმდინარეობდა. დაპირისპირებას არამარტო მამაკაცები, არამედ უამრავი ქალი და ბავშვი შეეწირა. 2008 წლის იანვარში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, „ცახალმა“ ღაზა სექტორში რამდენიმე ადგილი ააფეთქა. დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი იძულებული გახდა ეგვიპტეში გადასულიყო თავშესაფრისა და საკვების მოსაპოვებლად.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორს ყუმბარები დაუშინა და ცეცხლი წაუკიდა. პალესტინელებმა კი, ისრაელის რაკეტები ააფეთქეს. 2008 წლის თებერვალში კონფლიქტი ისევ გაღვივდა. სამხედრო ოპერაციები მომდევნო თვეების განმავლობაშიც გრძელდებოდა. 

2009 წელს აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვალა. ახალმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კაიროში სიტყვით გამოსვლისას, მუსლიმი სამყაროს ინტერესების დაცვასა და რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე დასვა აქცენტები. მალევე, იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ობამას მხრიდან ორი-სახელმწიფოს იდეის ხაზგასმაზე, ნეთანიაჰუ სამომავლოდ, პალესტინური სახელმწიფოს აღიარებას გარკვეული პირობებით დათანხმდა. პირობები მოიცავდა პალესტინის მხრიდან ისრაელის, როგორც ებრაული სახელმწიფოს აღიარებას, პალესტინის სამომავლო დემილიტარიზაციას, უსაფრთხოების გარანტიების მიღებას, იერუსალიმის ისრაელის ადმინისტრირების ქვეშ გადასვლას და აქ პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების მოთხოვნაზე უარის თქმას. ამასთანავე, ისრაელს უნდა დარჩენოდა უკანონო დასახლებების მშენებლობის უფლებაც. პალესტინურმა მხარემ მსგავსი მოთხოვნების შესრულება მაშინათვე უარყო.

ობამას ადმინისტრაციამ სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენა 2010 წლის შემოდგომაზე სცადა.  სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მხარეების პირისპირ შეხვედრას გეგმავდა, რათა საბოლოოდ შეთანხმებულიყვნენ ორი-სახელმწიფოს კონცეფციაზე და მისი აღსრულება დაეწყოთ. მაგრამ ჰამასისა და ლიბანური ჰეზბოლას მუქარებმა, რომ ისინი ძალადობრივ პოლიტიკას გააქტიურებდნენ, თუკი მხარეებს შორის რაიმე ტიპის შეთანხმება მიიღწეოდა, მოლაპარაკებები დაწყება სათავეშივე ჩაახშო.

2011 წელს ეგვიპტე შეეცადა პალესტინის პოლიტიკურ ძალებს შორის მოდერაცია გაეწია და მათ შერიგებას მიეღწია. 2012 წელს ჰამასი-ფათჰის დოჰას შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ღაზას სექტორში შუალედური არჩევნები უნდა გამართულიყო და რეგიონი დამოუკიდებელ ტექნოკრატებს ემართა.

სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი 2013 წელს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ინიცირებით განახლდა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ისრაელის მხარეს იუსტიციის მინისტრი ციპი ლივნი, ხოლო პალესტინურ მხარეს საებ ერეკათი წარმოადგენდა. მხარეებს შეთანხმების მიღწევამდე ვადა ჰქონდათ მიცემული, მაგრამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა მარტინ ინდიკმა, პროცესის ჩაშლაში ბრალი ისრაელის მხარეს დასდო. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ეფექტური წარმართვისთვის არცერთი მხარე პოზიტიურ ნაბიჯებს არ დგამდა.

მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება 2014 წელს შედგა და საერთო მმართველობისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ შეთანხმებამ მხოლოდ 2016 წლამდე გასტანა. ჰამასმა ღაზაში მისი პოლიტიკური გავლენების გაზრდა დაიწყო და კვლავ ალტერნატიული ხელისუფლება ჩამოაყალიბა.

2017 წლის აგვისტოს ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის, ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით ვიზიტით რამალაში იმყოფებოდა. ამერიკული დელეგაციის წევრებმა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ აშშ-ს 3-4 თვე სჭირდება პალესტინის-ისრაელის დასახლების გეგმაზე სამუშაოდ.

 

ომი დღეს

6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ტრამპის გადაწყვეტილებას, პალესტინაში მასობრივი გაფიცვა მოჰყვა. პალესტინის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით დაიხურა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე  მაღაზიები. პროტესტის ნიშნად ჩამქრალია საშობაო ნაძვის ხეები.

შეტაკებები ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შეტაკებების დროს 295 პალესტინელი დაშავდა და ერთი დაიღუპა.

ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ კონფლიქტს ჯერ-ჯერობით ბოლო არ უჩანს. მიუხედავად ძალისხმევისა, რომელსაც არ იშურებს საერთაშორისო საზოგადოება, ეს ქვეყნები რაიმე დათმობაზე წასასვლელად მზად არ არიან. ისრაელს  უნდა, რომ მისი სახელმწიფოს არსებობის  უფლება სცნონ თავის ისტორიულ მიწა-წყალზე, რომლის გამოც ჯერ კიდევ  რომის იმპერიას ებრძოდა, ასევე შეწყვიტონ მის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება და ტერაქტების  მოწყობა. პალესტინას კი,  საუკუნების განმავლობაში დასახლებულ -კონტროლირებადი ისტორიული ადგილების დაბრუნება სურს.

 

მაკო ჯაბუა




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გომელაური - იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდა
გომელაური - შსს ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას
გომელაური ელისაშვილზე - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა - დაველოდოთ გამოძიებას
გომელაური - სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics