13:18 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 14:41:34, 1895 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა. თამარ ჟვანიამ მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნები შეაჯამა.

„მოგესალმებით და პირველ რიგში გილოცავთ 2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებში გამარჯვებას და თბილისის საკრებულოში არჩევას. თქვენ წინ მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე სამუშაო წლები გელით. ყველა თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ თქვენი საქმიანობის განხორციელებაში! 

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მოიწვია საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მე, როგორც ცესკოს თავმჯდომარეს, მაქვს პატივი გავხსნა დედაქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა.

დღევანდელი დღე შედეგია იმ თავდაუზოგავი შრომის, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ გაწია ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. ადმინისტრაციამ შეძლო ყველა პირობის შექმნა იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეძლებოდა მშვიდობიან გარემოში საკუთარი არჩევანის თავისუფლად განხორციელება. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა უკვე შეაფასეს, როგორც მნიშვნელოვანი საარჩევნო პროგრესი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით. 

21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით არჩეულია 64 საკრებულოს 2058 წევრი  და პირდაპირი წესით პირველ ტურში 64-დან არჩეულია 58 მერი. უახლოეს დღეებში ასევე, ოფიციალურად გამოვაცხადებთ არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ 1 თვითმმართველი ქალაქისა და 5 თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგებს და არჩეულ მერებს.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს შემადგენლობას, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან 25 წევრი არჩეულია მაჟორიტარული სისტემით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან, ხოლო პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების 25 მანდატი შემდეგი პროპორციით გადანაწილდა 4 საარჩევნო სუბიექტზე: 15 მანდატი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, 5 მანდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3 მანდატი - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ და 2 მანდატი - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

ახლადარჩეულ თბილისის საკრებულოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დედაქალაქის განვითარების თვალსაზრისით და ამასთან, გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი ხმის დელეგირებით ანდო არჩეულ პირებს მართვა და თვითმმართველობის ორგანოების მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელება.  მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, ვინაიდან სწორედ მათი მაღალი პასუხისმგებლობისა და შრომის შედეგად შედგა 2017 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები.

აქვე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო არჩევნებში ჩართული ყველა მხარის მიმართ, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს საარჩევნო პროცესში. აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლების, მედიის და სხვა მხარეების ჩართულობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად. 

დასასრულს აღვნიშნავ, რომ თბილისის საკრებულოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გადაეცა საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ხოლო რეგისტრირებულ თბილისის საკრებულოს არჩეულ პირებს შესაბამისი მოწმობები. 

ამდენად, დღევანდელი დღე, 2017 წლის 14 ნოემბრის საკრებულოს პირველი სხდომა, ისტორიაში დარჩება როგორც ახლადარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების დაწყების დღე და ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, საკრებულოს მთელ შემადგენლობას გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას!“, - განაცხადა საკრებულოს პირველ სხდომაზე თამარ ჟვანიამ. 

ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ შესაბამისი დოკუმენტაცია საკრებულოს უხუცეს წევრს, ფრიდონ ინჯიას გადასცა. 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ამ აქციებმა და აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება
ელისაშვილი - გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე ლაპარაკი არც ღირს
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
„კანონპროექტი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება“ - 3 ევროპარლამენტარის განცხადება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics