18:09 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 11:52:01, 2662 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობს

პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე,  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეა. ის დეპუტატებს შენიშვნებს აცნობს და იმ არგუმენტებზე საუბრობს,  რომლითაც პრეზიდენტმა კანონპროექტზე ვეტოს დადებისას იხელმძღვანელა.

პირველი შენიშვნა საარჩევნო სისტემას შეეხება. კერძოდ, პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევის ე.წ. შერეული სისტემა დაუყოვნებლივ შეიცვალოს და პარლამენტის დაკომპლექტება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მოხდეს არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, როგორც ეს 26 სექტემბერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროქტითაა განსაზღვრული, არამედ მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდანვე.

მეორე შენიშვნა გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ე.წ. ბონუსების სისტემას შეეხება. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია გაუნაწილებელი მანდატების განაწილება მოხდეს პროპორციულად და კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს პროპორციულად მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელის მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც“.

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტის თანახმად კი: „თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო“.

მესამე შენიშვნის თანახმად, ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც უნდა მიენიჭოთ და შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული მანდატები გადანაწილდება როგორც პოლიტიკურ პარტიებზე, ასევე საარჩევნო ბლოკებზე.

მეოთხე შენიშვნის თანახმად, მართებულია შენარჩუნდეს საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ფორმა და განისაზღვროს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პირობების - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბებული ორპალატიანი პარლამენტის პირობებში.

პარლამენტის მიერ მე-3 მოსმენით მიღებული და ხელმოსაწერად წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი ფორმით არჩევის დღეს მოქმედი წესი და პრეზიდენტის არჩევა მოხდება 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით, საარჩევნო კოლეგიის მიერ.

მომდევნო შენიშვნა კონსტიტუციური კანონპროექტის მე-16 მუხლს ეხება, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებების საკითხების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმაა.

კანონპროექტის თანახმად: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

პრეზიდენტის შემოთავაზების თანახმად, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და და საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

პრეზიდენტის კიდევ ერთი მოტივირებული შენიშვნა კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტს შეეხება.

კანონპროექტის თანახმად, „დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. გადაწყვეტილებას ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“.

პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - არავის სანქცირება არ გვიხარია - გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა
Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
მედია - რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთი ევროკავშირს ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics