08:42 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 12:31:59, 2038 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალარჩეული გენერალური აუდიტორი წარუდგინა

"პარლამენტი აუცილებლად იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების და დამოუკიდებლობის გარანტი და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განაცხადა, სადაც თანამშრომლებს ახალარჩეული გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი წარუდგინა.

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანი მუშაობისა და კორუფციის პრევენციის მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის აუდიტის სამსახურსა და მის დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აუდიტის სამსახურის ეფექტიან მუშაობას და მის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო ხელისუფლების ეფექტიანი მუშაობა, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი კორუფციის პრევენცია. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ამ სფეროში მომავალი წლების განმავლობაშიც",- განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი შეფასებით,

გასული წლების მანძილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა ნამდვილად დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ ჩამოყალიბდა, რაშიც, ირაკლი კობახიძის თქმით, სამსახურის თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ლაშა თორდიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიან და დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით, და მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ლაშა თორდიას, რომელიც გასული ხუთი წლის განმავლობაში ასრულებდა აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის, გენერალური აუდიტორის ფუნქციას და მან გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ კიდევ ერთხელ, აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა ნამდვილად ეფექტიან და დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს მათი ახალი ხელმძღვანელის სამუშაო გამოცდილება გააცნო. მისი თქმით, ირაკლი მექვაბიშვილს აქვს მდიდარი გამოცდილება სწორედ იმ სფეროში, რომელიც გენერალური აუდიტორის ფუნქციების განხორციელებისთვისაა მნიშვნელოვანი. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა სამი მთავარი ნიშნის - მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩა.

„ვფიქრობ, რომ გენერალურ აუდიტორს უნდა ახასიათებდეს რამდენიმე ძირითადი თვისება საკუთარი ფუნქციების ჯეროვნად განხორციელებისთვის, ესენია: მიუკერძოებლობა, პატიოსნება და მაღალი კვალიფიკაცია.ზუსტად ამ სამი ნიშნის მიხედვით შეირჩა გენერალური აუდიტორის კანდიდატურა და სწორედ ამ სამი ნიშნის მიხედვით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ბატონი ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის პოსტზე",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა, თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობის გარანტი იქნება.

გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი მექვაბიშვილმა ყურადღება იმ ოთხ ძირითად პრინციპზე გაამახვილა, რომელთა საფუძველზეც გენერალური აუდიტორი აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებაზე იზრუნებს.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს ნდობისთვის და მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვით, რომ გენერალური აუდიტორის პოზიცია არის ძალიან საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი საქმიანობა დაფუძნებული იქნება იმ ოთხ ძირითად ღირებულებაზე, რომელიც კანონით არის გამყარებული. ეს არის ობიექტურობა,  დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა.

ვფიქრობ, რომ აუდიტის სამსახური, როგორც ინსტიტუტი, როგორც სტრუქტურა არის ჩამოყალიბებული. მე, როგორც გენერალური აუდიტორი ვიზრუნებ მის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებაზე სამსახურის. თითქმის ის 25 წლიანი გამოცდილება, რაც მაქვს დაგროვილი საბანკო-საფინანსო სექტორში საქართველოში, უცხოეთში, ჩვენს რეგიონში მუშაობის დროის, მოხმარდება ჩვენი სამსახურის თვისობრივად გარდაქმნას,"-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

გენერალურმა აუდიტორმა იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური გეგმავს საქმიანობას. ირაკლი მექვაბიშვილმა ყურადღება აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის ურთიერთობის და საპარლამენტო ზედამხედველობის კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობას დაუთმო.

„მე მაქვს რამდენიმე მიმართულება, რაზეც ვფიქრობ, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი საქმიანობა. ეს იქნება ეფექტიანობის აუდიტის როლის ამაღლება, ვინაიდან, საფინანსო-საბუღალტრო აუდიტთან ერთდ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ რა მიზნობრიობით და რამდენად ეკონომიურად და ეფექტურად იხარჯება სახელმწიფო სახსრები როგორც ცენტრალური ბიუჯეტის დონეზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი სტრუქტურების დონეზე. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობა პარლამენტთან. უნდა გაიზარდოს საპარლამენტო კონტროლი ჩვენი რეკომენდაციების შესრულებაზე, ვინაიდან, ვიცი, რომ რეაგირების კოეფიციენტი რეკომენდაციების შესრულებაზე არის დაბალი და ვფიქრობ, ერთობლივად შევიმუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომ ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც იდება, იხილება, შესრულდეს რამდენადაც შესაძლებელია. ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ სისტემურ რისკებს პირველ რიგში და ვაძლევთ რეკომენდაციას პარლამენტს, საკანონმდებლო სტრუქტურას და ასევე აღმასრულებელ სტრუქტურას, რომ მოხდეს ამაზე რეაგირება და აღმოფხვრა,"-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, აუდიტის სამსახურის საქმიანობა აგებული იქნება პრევენციაზე და ის არ იქნება სადამსჯელო სტრუქტურა.

„აუდიტის სამსახური არ უნდა იყოს რამე სადამსჯელო სტრუქტურა, ჩვენი საქმიანობა უნდა იყოს პრევენციაზე აგებული და ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი რეკომენდაციების შესრულება. თუმცა, ბუნებრივია, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ რაიმე კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, ადეკვატურად შეფასდება და მოხდება მყისიერი რეაგირება. ბუნებრივია არ არსებობს ალტერნატივა, რომ ჩვენ რაიმე დათმობაზე წავიდეთ,"-განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა. მან იმედი გამოთქვა, მისი საქმიანობა აღნიშნულ პოზიციაზე  იქნება ნაყოფიერი და  ეფექტური. „ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმიანობა იქნება ნაყოფიერი, ეფექტური, რომ ჩვენი სამსახური ნამდვილად გახდეს ინსტიტუციონალურად ძლიერი და საჯარო სექტორში  სამაგალითო სამსახური",- განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი 20 სექტემბერს, 80 ხმით დაამტკიცა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics