05:44 - 21 Sep, 2017
2017-08-30 07:48:34, 664 ნახვა
დემირელის კოლეჯს ავტორიზაცია შეუჩერდა - „დამფუძნებლებმა სკოლა არაკანონიერი საქმიანობისთვის გამოიყენეს“

დემირელის სახელობის კოლეჯს ავტორიზაცია შეუჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო.

"ექსპრესნიუსი" ავტორიზაციის შეჩერების მიზეზის დასადგენად აღნიშნული საბჭოს წევრს, რეზო აფხაზავას დაუკავშირდა.

როგორც აფხაზავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კოლეჯში დარღვეული იყო სამი ძირითადი სტანდარტი - ინფრასტრუქტურის, რესურსებისა და პერსონალის მიმართულებით.

"დემირელის კოლეჯის დახურვის მიზეზი გახდა ის, რომ სკოლის დამფუძნებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ არაკანონიერი საქმიანობა განახორციელეს. გარდა ამისა, სკოლას ჰქონდა დარღვეული სამივე სტანდარტი: სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული, ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა მაინც თურქი მოსწავლეებისთვის არაკანონიერი გზით საბუთების დამზადება იყო. კერძოდ კი, წარმოუდგენელია სკოლამ დროის მოკლე მონაკვეთში მიიღოს თურქულენოვანი მოსწავლეები, მერე მათ დროის ასევე მოკლე მონაკვეთში, ზოგჯერ ერთ დღეშიც კი, დაძლიონ მთელი პროგრამა და ჩააბარონ ქართულ ენაზე გამოცდები, შემდეგ მიიღონ შესაბამისი საბუთები და იმავე დღეს იყვნენ ამორიცხულები. ეს არის აბსურდი და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების კვალი ჩანს. ამას შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ. როგორც ჩანს თურქული მხარე ამ სკოლის საშუალებით ახდენდა თურქი მოსწავლეების საბუთების მწყობრში მოყვანას, საქართველოს კანონმდებლობის სრული დარღვევით. დამფუძნებლებმა სკოლა გამოიყენეს თავისი არაკანონიერი საქმიანობის განსახორციელებლად და თურქი მოქალაქეებისთვის გარკვეული საბუთების გასაფორმებლად. თუ უნდათ გაიგონ ვინ არის სკოლის დახურვაში დამნაშავე, დიდი ხანი ძებნა არ დასჭირდებათ, რადგან იქვე ჰყავთ დამფუძნებლები და ადმინისტრაცია. სხვათაშორის სკოლის დირექტორმა თვითონ განაცხადა, რომ დამოუკიდებლად არ იღებდა გადაწყვეტილებებს, დამფუძნებლების გავლენის ქვეშ იქცეოდა და მათ მოთხოვნებს ითვალისწინებდა. დამფუძნებლებმა და ადმინისტრაციამ სკოლას დათვური სამსახური გაუწიეს", - აღნიშნა აფხაზავამ.

რაც შეეხება, დემირელის კოლეჯის მოსწავლეების მშობლებისა და  მასწავლებლების პოზიციას საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ, აფხაზავას თქმით, მათ ამის სრული უფლება აქვთ.

"მათი უფლებაა გაასაჩივრონ საბჭოს გადაწყვეტილება. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს უბრალოდ საუბარია. შეუძლებელია ასეთი დარღვევების პირობებში რაიმე სხვა გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. რაც შეეხება მშობლებს მათ შეუძლიათ დაელოდონ საბჭოს დასკვნას, რომელიც რამდენიმე დღეში დაიდება ვებგვერდზე და უკვე შემდეგ განსაზღვრონ თუ ვინ არის დამნაშავე, ვინ არის მიკერძოებული და ასე შემდეგ. წინასწარ სანამ საქმის ვითარებაში გაერკვევიან, კარგი იქნება თუ დაუფიქრებელი განცხადებებისგან თავს შეიკავებენ, ვინაიდან ამ სკოლის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში, დამფუძნებლები და ადმინისტრაცია არის დამნაშავე. კარგი იქნებოდა, რომ გამბედაობა ეყოთ და აღიარონ თავიანთი  დანაშაული, რადგან ამის დამალვა შეუძლებელია. ამიტომ, მშობლებმა იმის მაგივრად რომ კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადონ, ჯობს რომ ადმინისტრაციას და დამფუძნებლებს ჰკითხონ - რატომ იქცეოდნენ არაკანონიერად, რატომ ანაცვალეს სკოლის მომავალი თურქეთის მოქალაქეებისთვის საბუთების გაკეთებას", - დასძინა რეზო აფხაზავამ.

კითხვაზე - რამდენ ხანში შეუძლია სკოლას საბჭოს ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართოს, აფხაზავამ აღნიშნა, რომ ავტორიზაციის ხელახალი მოთხოვნით საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია 1 წელში მიმართოს.

"სკოლას შეუძლია ავტორიზაციის მოთხოვნით საბჭოს ერთი წლის შემდეგ მიმართოს. ასეთი ტიპის დარღვევებზე როდესაც მიდის სკოლა, თვალებს ვერ დავხუჭავთ. დაზარალდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მათი დაუდევარი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო", - განაცხადა რეზო აფხაზავამ.

გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ დემირელის კოლეჯის ყველა მოსწავლე სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდება.

"დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები, თუმცა ამავდროულად ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ მათი სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ რამდენიმე კერძო სკოლასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ მიიღონ დემირელის კოლეჯიდან მოსწავლეები და მასწავლებლები. გადაწყვეტილების მიღების შესახებ უმოკლეს ვადაში გეცნობებათ", - აცხადებენ უწყებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



მორგან ფრიმენი: „კა-გე-ბე“-ს ყოფილი აგენტი ვლადიმერ პუტინი თავს გვესხმის და ეს კინოსცენარი არ არის
გრიბაუსკაიტე: რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ყირიმის ანექსია განახორციელა
ამერიკამ ვიზების გაცემა გაამკაცრა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics