13:11 - 15 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 07:02:59, 3026 ნახვა

საზოგადოება
თამარ ჩხეიძე ატენის სიონის გვერდით მშენებლობის დაწყების გამო, სასამართლოს მიმართავს

"ილია ჭავჭავაძის საზოგადოების"  გამგეობის წევრის თამარ ჩხეიძის განცხადებით,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა ატენის სიონის გვერდით სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, უკანონოა. როგორც თამარ ჩხეიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა,  ეროვნული მნიშვნელობის ძეგლიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ნორმების მიხედვით, ატენის სიონთან ასე ახლოს მშენებლობის დაწყება ყოვლად დაუშვებელია.

„სამწუხაროდ, განახლდა ისევ სამუშაოები. როგორც ამბობენ, ნებართვა გაცემულია.ჩვენ მივმართეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, არის თუ არა ნებართვა გაცემული და რის საფუძველზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ გაცემულია, მაგრამ ოფიციალურად გვინდა, პასუხი მივიღოთ. რასაკვირველია, ეს ნებართვა არ ჯდება არავითარ კანონიერებაში, რადგან ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და 5 მეტრის დაშორება ძალიან ახლოა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნორმების მიხედვით, ყოვლად დაუშვებელია. 500 მეტრი მაინც უნდა იყოს დაშორება. აქ 500 მეტრი კიარა, ძალიან ახლოსაა  მშენებლობა. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვახერხე, რომ ადგილზე მენახა, მაგრამ ფოტოები მაქვს და ვიცი, რომ ნამდვილად ძალიან ახლოსაა“,-განაცხადა თამარ ჩხეიძემ.

ატენის სიონის გვერდით მშენებლობის დაწყება რვა წლის წინ სცადეს, თუმცა პროექტი არ მოიწონეს, მათ შორის საპატრიარქომაც და მშენებლობა შეჩერდა. თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ  მაშინაც ანალოგიური ვითარება იყო, რაც დღესაა.

„თავისთავად მშენებლობის წინააღმდეგი, რომ კერიები იყოს, თუ რაც არის ეკლესიისთვის გამოსაყენებელი შენობა, არავინაა, მაგრამ უნდა იყოს დაცული ნორმები. უპირველესი ამოცანა, ამოსავალი უნდა იყოს ატენის სიონის უსაფრთხოება და ძეგლიდან ასეთ პატარა მანძილზე  მძიმე ტექნიკის მიყვანა, მშენებლობა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ეს მოქმედებები, დაუშვებელია“,-აღნიშნა „ქსპრესნიუსთან“ საუბარში თამარ ჩხაიძემ.

თამარ ჩხეიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან  ატენის სიონის გვერდით სამშენებლო სამუშაოების ნებართვის გაცემის  ოფიციალურ დასტურს ელოდება, რის შემდეგაც სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს:

„ჯერ ვუცდი მასალებს, ოფიციალურად რას გვიპასუხებენ“,-განაცხადა თამარ ჩხეიძემ.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა   ნიკოლოზ ანთიძემ „ექსპრესნიუსს“ უკვე დაუდასტურა, რომ ატენის სიონის გვერდით მშენებლობის ნებართვა გაცემულია. ანთიძის თქმით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ ატენის სიონის მიმდებარედ  ადრე არსებობდა კერიები და სამონასტრო ცხოვრება, ახლა კი  სწორედ სამონასტრო კერიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხდება.

ანთიძე ამბობს, რომ პროექტზე მუშაობა დაახლოებით, 10 წელიწადია მიმდინარეობს და ის განხილულია შესაბამის საბჭოებში, რომლებიც  რესტავრატორებისგან, არქიტექტორებისგან, ხელოვნებათმცოდნეებისგან, ისტორიკოსებისგან და სხვა  კომპეტენტური ადამიანებისგან შედგება.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის  არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს  ტაძრიდან 500 მეტრის რადიუსში  ყოველგვარი სამუშაოები იკრძალება.

ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, კანონში, რომლის თანაავტორიც თავის დროზე თავად იყო, წერია, რომ აკრძალულია ისეთი სამუშაოები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ან თვითონ ტაძარს, ან მის ვიზუალურ აღქმას. ნიკოლოზ ანთიძის მტკიცებით, ამ შემთხვევაში არც ერთი  ხდება. ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მსოფლიო მნიშნელობის ტაძარს საფრთხე ემუქრება.

ატენის სიონი მცხეთის ჯვრის ხუროთმოძღვრული ტიპისაა; დგას V საუკუნეში სპეციალურად აგებულ მძლავრ ხელოვნურ ბაქანზე, რომელიც რთულ საინჟინრო ნაგებობას წარმოადგენს. ტაძარი აშენებულია VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე, ქართლის ერისთავების - ნერსეს და სტეფანოზის დაკვეთით. ტაძარზე განთავსებულია ისტორიული პირებისა და წმინდა წერილის სიუჟეტების ამსახველი რელიეფური ქანდაკებები, რომელთა თარიღი V-X საუკუნეებით განისაზღვრება.

ატენის სიონის ფასადებსა და ინტერიერში განაწილებულია მეშვიდე-მეთორმეტე საუკუნეების, როგორც ისტორიული ხასიათის, ისე მომლოცველთა წარწერები; მათ შორისაა დავით აღმაშენებლის მიერ გაკეთებული წარწერა.

ტაძარი შეიცავს ორი სხვადასხვა პერიოდის კედლის მხატვრობას. პირველი ფენა VIII მერვე საუკუნის დასაწყისისაა და სიმბოლურ გამოსახულებებს შეიცავს, ხოლო მეორე ფენა XI მეთერთმეტე საუკუნის მიწურულშია შესრულებული და საეტაპო ნაწარმოებს წარმოადგენს, რამაც საფუძველი დაუდო გარკვეულ სტილს XI-XII მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების კედლის მხატვრობაში. მასში ასევე დაცულია ქართველ მეფეთა პორტრეტული გამოსახულებანი, როგორებიცაა მაგალითად, ბაგრატ IV მეოთხის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი გამოსახულება.

ამავე თემაზე

http://epn.ge/index.php?id=50796




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა - საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ამბობენ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ
ნატოს პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს
ცენტრი - მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა აკრედიტაციის დარღვევა არ მოხდეს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics