13:30 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 17:27:59, 2116 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ძაბირაძე კონსტიტუციურ მონარქიაზე: ჩვენს დაქცეულ ქვეყანაში კიდევ დამატებითი ხარჯები გვინდა?

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, კონსტიტუციური მონარქიის შემოღება ქვეყანას არაფერ სიკეთეს არ მოუტანს და კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება.

როგორც ძაბირაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ ამბობენ, რომ მონარქია ქმნის სიმშვიდეს ქვეყანაში.

ძაბირაძის შეფასებით,  კონსტიტუციური  მონარქია კი არ ქმნის სიმშვიდეს, სიმშვიდეს ქმნის  სტაბილური პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც დასავლეთშია და რომლის შემადგენლობაშიცაა კონსტიტუციური მონარქია. ამასთან, ძაბირაძის განმარტებით,  კონსტიტუციური მონარქიის საკითხი ადრეც წამოიჭრა და აჟიოტაჟი, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებებიდან გამომდინარეა შექმნილი,   ჩაცხრება:

 „სამწუხაროდ, როდესაც რაიმე პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვიწყებთ შუიდან. არ ვსვამთ საკითხს, თუ რა გვინდა, რატომ გვინდა  და რა უნდა მივიღოთ. ამჯერადაც სწორედ ასეთ რამესთან გვაქვს საქმე. პატრიარქი რომ მომხრეა კონსტიტუციური მონარქიის, ეს ბუნებრივი და გასაგებია. ეკლესია ყოველთვის ამ პოზიციაზე იდგა და  ეკლესიის მხრიდან ეს გამართლებულია, მაგრამ როდესაც ლაპარაკია ზოგადად  სახელმწიფოს ამ ტიპის მოწყობაზე, მითუმეტეს, როდესაც  მაგალითები მოჰყავთ დასავლეთის და ევროპის  ქვეყნებიდან, ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასავლეთში, იმ ქვეყნებში, სადაც კონსტიტუციური მონარქია არსებობს, ეს მოხდა ბუნებრივი, ევოლუციური გზით, ჩვენთან არის მინიმუმ 200 წლიანი წყვეტა. მეორე, თუ დაისვა საკითხი, რატომ გვინდა კონსტიტუციური მონარქია, რას ნიშნავს  სიმშვიდეს მოიტანს? დღეს პრობლემას ქმნის, ზოგადად საზოგადოებაში განხილვის  საგანია ბონუს სისტემა,  მონარქი რომ იყოს ბონუს სისტემა კარგი იქნება? მარტივი კითხვაა. რატომ იქნება სიმშვიდე?  კონსტიტუციური  მონარქია კიარ ქმნის სიმშვიდეს, სიმშვიდეს ქმნის  სტაბილური პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც დასავლეთშია და რომლის შემადგენლობაშიც  არის კონსტიტუციური მონარქია. აბა შევცვალოთ ეს სისტემები, რომლითაც საზოგადოება ცხოვრობს და ნახავთ კონსტიტუციური მონარქია იქნება გარანტი მაშინ მშვიდობის და სტაბილურობის, თუ არა? საფრანგეთში და გერმანიაში როდესაც მოხდა კონსტიტუციური მონარქიული დინასტიის წყვეტა, აღარ მიბრუნდებიან კონსტიტუციურ მონარქიას, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგორც ბალტიისპირეთში. ჩვენ სტაბილური ქვეყანა გვჭირდება და  ამ სტაბილურობას  მოიტანს არა მხოლოდ კონსტიტუციური მონარქია, ან პრეზიდენტის ინსტიტუტი,  არამედ მდგრადი, სამართლიანი და  პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო მოწყობის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლის ჩამოყალიბება ვერ შევძელით. ახლა კონსტიტუციური მონარქია იქნება, საპარლამენტო მმართველობა, თუ საპრეზიდენტო,  როდესაც ეს სისტემა მთლიანობაში არ არსებობს, იქ  სიმშვიდე ვერასდროს იქნება. ესაა პრობლემა.

პირველად ხომ არ არის, რომ კონსტიტუციური მონარქიის საკითხი წამოიჭრა საქართველოში, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ  სამეფო ოჯახიც კი შეიქმნა. შემდეგ  ეს ჩაცხრება, ეს არის აჟიოტაჟი კონსტიტუციის გარშემო, საპრეზიდენტო მმართველობაზე, ბონუს სისტემაზე და ათას სხვა რამეზე, რომელიც კონსტიტუციაშია, ამაზე რომ არ  ვილაპარაკოთ, ახლა შემოვიდა ახალი თემა. კონსტიტუციურ  მონარქიაზე ხომ არ დაგვეწყო ფიქრი?“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ და დასძინა, რომ  კონსტიტუციური მონარქიის შემთხვევაში, სამეფო ოჯახზე დიდი თანხები დაიხარჯება:

„თუ მონარქია შემოვა, სამეფო ოჯახს თავისი სტანდარტები აქვს ცხოვრების, თავისი ბიუჯეტი და ა.შ. ბრიტანეთში ახლაც ლაპარაკობენ, რომ დიდი თანხები იხარჯება. ჩვენს დაქცეულ ქვეყანაში კიდევ ეს გვინდა, დამატებითი ხარჯები, თუ აქამდე ჩავალთ? უფლისწულიც კი პრობლემაა, ვინ იქნება. ამაზეც ხომ არაა ერთიანობა. მგონია, რომ ასეთი  წყვეტის შემდეგ, ხელოვნური იქნება კონსტიტუციური  მონარქიის შემოღება და უბედურება ისაა, რომ არაფერ  სიკეთეს არ მოგვიტანს, კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება“,-აღნიშნა ძაბირაძემ.

მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ უნდა ჩატარდეს პლებისციტი კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით მაშინ, როცა პლებისციტი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით  არ ტარდება.

შეგახსენებთ, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს. დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას  პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში  ნამდვილად  სიმშვიდე შემოაქვს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უწმინდესს შეხვდნენ. მედიასთან  შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ, მხოლოდ აღნიშნეს, რომ ილია მეორესთან  ზოგადი საუბარი ჰქონდათ, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიაზე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics