16:51 - 28 ივლისი, 2017
2017-04-21 14:14:21, 99 ნახვა
რეგიონის რეკლამირება 16 სამიზნე ქვეყანაში იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იწყებს საზოგადოებისთვის განხოციელებული და დაგეგმილი პროექტების გაცნობას. პირველი შეხვედრა ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებთან გაიმართა.

დეპარტამენტის ცალკეული განყოფილებების უფროსებმა თავმჯდომარესთან ერთად ჟურნალისტებს გააცნეს თუ როგორ ემზადება დეპარტამენტი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, რა ღონისძიებები ტარდება რეგიონში ტურისტების მოზიდვის, სერვისის გაუმჯობესებისა და მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. დეპარტამენტი პირველი კვარტლის ანგარიშის პრეზენტაციებს ტურისტული და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავს.

აჭარის რეკლამირება

მიმდინარე წელს, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება  16 სამიზნე ქვეყანაში იწყება. ამას ემატება საქართველოს შიდა ბაზარიც. რეგიონს მედია და ინფოტურით უკვე სტუმრობდნენ უკრაინელი ჟურნალისტები და ირანული ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელები. წლის ბოლომდე კი  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან 32 მედია და ინფო ტურის ორგანიზებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები გაეცნობიან. დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია 12  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია (ესტონეთი, ლიტვა, ისრაელი, გერმანია, ყაზახეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, ბელარუსი, ლატვია). წლის ბოლომდე კი აჭარის რეკლამირება 7 საერთაშორისო გამოფენაზე იგეგმება. მიმდინარე წელს, ასევე იგეგმება რეგიონის 5 საიმიჯო კლიპის დამზადება, რომლებიც ალჯაზირას, ევრონიუსისა და სხვა საერთაშორისო ტელევიზიების ეთერში იტრიალებს. ვიდეო კლიპები ასევე გავრცელდება სამიზნე ქვეყნების ონლაინ სივრცეში. აჭარის შესახებ სარეკლამო სტატია გამოქვეყნდა ვიზიარის საბორტო ჟურნალში. სარეკლამო მასალების დაბეჭდვა ასევე იგეგმება 10-მდე სხვა საბორტო ჟურნალში.

რეგიონში სერვისი გაუმჯობესება

სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით უკვე ამოქმედდა პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“, რომლის ფარგლებში მაჭახელას ტურისტულ მარშრუტსა და ჩაქვში ფრინველებზე დაკვირვების ადგილებში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების 45 მეპატრონე გადამზადდა. მაისის შუა რიცხვებამდე კი საოჯახო-სასტუმრო სახლების საერთაშორისო სტანდარტებს ჯამში 200-მდე მფლობელი გაეცნობა. გარდა ამისა,  მაისიდან იწყება ტრენინგები ბათუმში არსებული სასტუმროების, რესტორნების თანამშრომლებისა და გიდებისთვის.  

გრძელდება პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“. ამ ეტაპზე მიმდინარებოს რეგიტრაციის პროცესი. ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე კი აჭარაში დამატებით ახალი „რეკომენდებული“ სასტუმროები და კვების ობიექტები იქნება. ამ ეტაპზე რეგიონში 62 ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული ტურისტული ობიექტია.

ხარისხის ნიშნის მინიჭება იგეგმება გიდებისთვისაც, რომლებსაც მაისში ტრენინგები ჩაუტარდებათ. შემდეგ კი მოხდება მათი ცოდნის შემოწმება. ზაფხულისთვის კი აჭარაში  მთის, ქალაქის და დაცული ტერიტორიების „რეკომენდებული“გიდები იქნებიან.

მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები

მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების მიზნით უკვე მიმდინარეობს 5 ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება და ძველი მარშრუტების განვითარება.

  • ხულო- სხალთა- ხიხანი/ ხულო- დანისპარაული- გოდერძი- მწვანე ტბა - ბეშუმი
  • შუახევი_კავიანი/ შუახევი- ჩირუხი/ შუახევი- ნიგაზეული/ შუახევი- ჭვანა
  • ქედა- მერისი/ ქედის ღვინის მარშრუტი / ქედა- გობრონეთი
  • ხელვაჩაური - მირვეთის ველო მარშრუტი/ ხელვაჩაური- მაჭახელა
  • ქობულეთი- მტირალა/ კინტრიში/ისპანი / ფრინველებზე დაკვირვების მარშრუტები - შუამთა- სახალვაშო

მაისიდან იწყება 60 გიდის გადამზადება მაჭახელას, დაცული ტერიტორიების, მაღალმთიანი აჭარისა და ქედის მიმართულებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განაცხადების გადარჩევა. მაღალმთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით კი ტურისტული სააგენტოებისა და გიდებისთვის ინფოტურების ორგანიზება. ნაწილობრივ განახლდა და დამუშავების პროცესშია აჭარის რეგიონის ტურისტული საინფორმაციო მასალების დამუშავება-ბეჭდვა. ტურისტული პროდუქტების სააგენტო გასული წლის მსგავსად წელსაც ჩაატარებს ფრინველებზე დაკვირვებისა და სოფლის ტურიზმის ფესტივალებს.

სტატისტიკა

2017 წელს, ასევე გრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც განთავსების არარეგისტრირებული სექტორის კვლევასა და შიდა ტურიზმის კვლევას ითვალისწინებს. 2017 წლისთვის სიახლე რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსებისა და კვების ობიექტების აღწერა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის ანალიტიკური კვლევისთვის.

2016 წელს, აჭარას ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით 1, 414 , 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით კი რეგიონში არსებულ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში 871 455 ტურისტმა დაისვენა. მათ შორის 472 861 შიდა, ხოლო 398 594 უცხოელი ტურისტი იყო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტურისტების სტატისტიკა რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებსა და არარეგისტრირებული სექტორის კვლევას ეყრდნობა.

ლიდერი ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

თურქეთი 78 965, რუსეთი 55 686, უკრაინა 45 239, ისრაელი 41 355, აზერბარჯანი 31 326

რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში მყოფი ტურისტების სტატისტიკა არასრულია, რადგან აღნიშნული მონაცემები აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილებიდან მხოლოდ 43%-ის მონაცემებს ასახავს. რაც ლოგიკურად ნიშნავს, რომ რეგიონში 871 455 -ზე გაცილებით მეტი ტურისტი ისვენებდა.

(NS)

 

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics