07:26 - 22 Nov, 2017
2017-04-19 11:10:02, 1266 ნახვა
დღეს თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონი იხსნება

თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა ლეგენდებს უთმობს. 

SOLO წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის საიუბილეო საღამოს Sofiko Chiaureli / Fashion Icon, რომელიც იქნება მულტიმედიური სახის და გააერთიანებს გამოფენას, პერფორმანსს, ინსტალაციებს და ვიდეო არტს. ღონისძიებას „თბილი სიო" და ღვინის ქარხანა N1 უმასპინძლებენ დღეს 19 აპრილს, 18:30 საათზე. დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.

თბილისის რიგით მე-15 მოდის კვირეული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, იგი ხუთ დღეს გასტანს და განრიგში 21 ღონისძიებაა.

20-23 აპრილს, ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა" განთავსებული „მეიდან ჯგუფის" საღონისძიებო სივცრეები გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. 20 აპრილს მარიამ გვასალიას ჩვენებით გაიხსნება კვირეულის სამუშაო განრიგი, იმავე საღამოს კახაბერის პრეზენტაციაც მოეწყობა. დიზაინერი ანი დათუკიშვილი თავის კოლექციას უჩვეულო გარემოში, სკოლის სასწავლო ოთახებსა და დერეფანში მოაწყობს.  კვირეულის განრიგში ასევე აღმოაჩენთ პროექტს "იპოვეთ ქალი/ TROUVEZ LA FEMME / FIND THE WOMAN", რომელიც არტსიტერიუმის ორგანიზებით 21 აპრილს 21 საათზე ქარვასლაში გაიმართება და 3 დღეს გასტანს. ბრენდი LTFR დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის საღამოს ნაცვლად, ექსკლუზიურად საერთაშორისო პრესას და ბაერებს უმასპინძლებს დახურულ ღონისძიებაზე. კვირეულის კულმინაცია იქნება დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენება, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით განახლებულ აღმაშენებელზე, ახალი ტფილისის საფეხმავლო ტერიტორიაზე გაიმართება.

შემოდგომა/ზამთარი 2017 წლის სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი: ELENNY - ელენე გიორგაძე, MIA დიზაინერი მია ფაილოძე, Laboratory The Window, ETHERE ACCESOIRE, Atelier 27, Atelier MARTA, გიორგი ტატანაშვილი, LIKAFORLIKA. კვირეულს ორი უკრაინული ბრენდი ეწვევა, Lara Quint და SAYYA, რუსული ბრენდი ZLATOSTUDIO, სომხური SONCESS და ლონდონში დაფუძნებული ბრენდიZDDZ, რომლის ჩვენება/პრეზენტაციაც თბილისში კომპანია EY-ის ოფისში გაიმართება. კვირეულზე ჩვენებებს შორის და დახურულ წვეულებებზე მოეწყობა შამპანიურისLUCIANO დეგუსტაცია.

ქარვასლაში, კვირეულის ძირითად ლოკაციაზე კვირეულის სტუმრები უმსხვილეს საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიაში ჩართვასაც შეძლებენ - RED NOSE DAY - მხიარული საინფორმაციო კამპანია კვირეულის მანძილზე გასტანს. ასევე, აღსანიშნავია რომ გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს სოლიდარობის ფონდთან, რაც გულისხმობს ქართველი დიზაინერების და მათი მომხმარებლის მეტ ჩართულობას ქველმოქმედებაში.

თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონზე დაიწყება პროექტი TALK, რომელსაც კვირეული Marketer.ge-სთან ერთად წარმოადგენს. Impact hub Tbilisi-ში 20 აპრილს გაიმართება საუბარი თემაზე "Branding and Communication", რომელსაც მარანგონის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები წარუძღვებიან. ასევე, ბლოგერი როზა სინაისკი, რომელიც Barneys NEW YORK, Vogue Italia, ELLE Russia ჟურნალისტია. ღონისძიების ბილეთების შეძენა შესაძლებელია www.biletebi.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები. ქართული მოდა და თბილისური შთაბეჭდილებები მსოფლიოს მრავალ გამოცემაში აისახება: VOGUE ITALIA, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, Harper's Bazaar USA, ELLE.com, Fashion to Max, ELLE Russia, WWD Japan, WWD USA, CHINA MORNING POST, Men's UNO HONG KONG, Marie Claire France and Monaco, Style Sight Worldwide, VOGUE RUSSIA, NOWFASHION, British VOGUE, BURO 24/7, VOGUE Ukraine, OFFICIEL Ukraine, ELLE Ukraine. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს მასპინძლობს (Buyers): Harvey Nichols HONG KONG, RIJOUX STORE Tel-Aviv, Concept Store PORTA 9 Russia, Al Duca D'acosta VENICE, United Legend Strasbourg, Joseph Store London - ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით შედგა დიზაინერ მარიამ გვასალიას და იტალიელ ბაერებს შორის თანამშრომლობა. საქართველოში, ფაბრიკა „ევროტექს"-ში შეკერილი სამოსი, უკვე ვენეციის მაღაზიებში იყიდება.

2017 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის  MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე სილამაზის სალონი ART HOUSE და La Parisიზრუნებენ.

თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი მიმდინარეობს, რომელზეც სეზონური კოლექციები არის წარმოდგენილი. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის  იქნება ხელმისაწვდომი 24 აპრილამდე.

დაარსებიდან, თბილისის მოდის კვირეულის მიზანი იყო ქართული მოდის სფეროს ხელშეწყობა, მისი განვითარება, ახალი სახელების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია. 14 სეზონის მანძილზე თბილისის მოდის კვირეულმა შეძლო ამ მიზნის მიღწევა: ქართული მოდის სფერო მნიშვნელოვნად გააფართოვა, აქცია ბიზნესად და წარადგინა იგი სხვადასხვა ქვეყნის ათობით საერთაშორისო გამოცემაში, რამაც როგორც მოდის სფეროს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაზარდა. კვირეული ჩამოყალიბდა სივრცედ, რომელმაც წარმოშვა ახალი, თამამი და ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ახლა წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ. საქართველომ შეძლო საკუთარი თავის დამკვირდება მოდის მსოფლიო არენაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამაში არც თუ მცირე წვლილი მიუძღვის სწორედ თბილისის მოდის კვირეულს. თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით პროექტი ქართული მოდის სფეროში ახალ ეტაპს იწყებს. ყველა ნიჭიერ ახალბედას, ჯერ კიდევ უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს, შეეძლება მასზე სრული ჩვენების გაკეთება, საკუთარი თავისა და პოტენციალის წარმოჩენა. კვირეული მათ ფართო აუდიტორიას და სფეროს პროფესიონალებს გააცნობს. სამუშაო პროცესში მოხდება მონაწილეთა მკაცრი შერჩევა, მათი კოლექციების დახვეწა და განვითარება.

გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL

ოფიციალური მასპინძელი – მეიდან ჯგუფი

მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

ოფიციალური კოსმეტიკა - MAC

პარტნიორი: სილამაზის სალონი ART HOUSE და La Paris

ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Marketer.ge, Kate's Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები, Luciano, „თბილი სიო", სასტუმრო AMBASSADORI,ღვინის ქარხანა N1, BOXMEDIA GROUP, "EY", Sechste Autorisierte Schule AMIRANI, MUSEUM HOTEL.

საინფორმაციო მხარდაჭერა: "Music Box", რადიო „ფორტუნა", „Georgia Today", „არტარეა TV", "ალმა-ALMA"

გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო" და ტელეკომპანია "იმედი".

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



მორგში, კარცერებში მოთავსება, ცემა, ჰიგიენური საშუალებების ჩამორთმევა-ვინ და რა მიზნით აწამებდა პატიმრებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის სარაკეტო კომპლექსის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
რამზან კადიროვი მიიჩნევს, რომ იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა დაკრძალონ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics