07:27 - 22 Nov, 2017
2017-04-06 20:08:30, 1904 ნახვა
რას ფიქრობენ ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო აკრძალვაზე

პარლამენტმა 85 ხმით ერთხმად „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი თამბაქოს წარმოებისა და მისი მოხმარების მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან აცილებისკენ მიმართულ კონკრეტულ შემზღუდველ ნორმებს ითვალისწინებს.

კანონპროექტით შემოთავაზებული ძირითადი ცვლილებებია: 2018 წლის 1 იანვრიდან თამბქოს მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევის აკრძალვა ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვა; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანა; ელექტრონული სიგარეტების რეგულირება; საცალო გაყიდვის აკრძალვა ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია: თამბაქოთი გამოწვეული დაავადებიანობის და სიკვდილიანობის შემცირება; თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება.

შემოთავაზებული კანონპროექტის ამოცანებია: თამბაქოს მოხმარების გავრცელების ზრდის შეჩერება და თანდათანობითი შემცირება; მოწევის დაწყების მაჩვენებლის შემცირება; საზოგადოებრივ ადგილებში არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლისგან; მოწევის შეწყვეტის მსურველთა ხელშეწყობა, თავი დაანებონ მოწევას და მწეველების ხელშეწყობა, გაუჩნდეთ ძლიერი მოტივაცია, თავი დაანებონ მოწევას.

 „ექსპრესნიუსი“ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით თბილისში არსებულ რესტორნებს, ბარ-რესტორნებს, კლუბებსა და პაბებს დაუკავშირდა.

დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიკვეთა.  ზოგიერთ რესტორანში ცვლილებებს მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობის კუთხით, კარგი ნაბიჯია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ თუკი კანონი რეალურად  იკანონებს და თამბაქოს მოწევა ყველა დახურულ დაწესებულებაში აიკრძალება, სტუმრებთა რაოდენობაც  არ შეუმცირდებათ.

შედარებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ კლუბებში, ბარ-რესტორნებსა და პაბებში, სადაც მიიჩნევენ, რომ თამბაქოს მოწევის აკრძალვა მათ ბიზნესებს დაარტყამს.  ცვლილებები განსაკუთრებით მიუღებელია ღამის კლუბების წარმომადგენლებისთვის და მათთვის, ვინც ობიექტში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვასაც ახორციელებს:

კლუბი "მტკვარზე"

-საქმე იმაშია, რომ სიგარეტის კომპანიები არიან კლუბების სპონსორები და მათი სპონსორინგის გარეშე, ჩემთვის თითქმის შეუძლებელია მუშაობა. თან, მე არ მინახავს არც ერთი კარგი კლუბი ევროპაში (არ ვგულისხმობ გადატყლარჭულ, შარდენის კატეგორიის საზიზღრობებს), სადაც მოწევა აკრძალულია.

თან რაც მთავარია, ბიზნესი ჯარიმდება ვინმემ რომ მოწიოს და მე მთელი ღამე უნდა ვირბინო, ხალხი ვაკონტროლო, რომ ვიღაცამ არ მოწიოს და მე ამის გამო ათასები არ ვიხადო. კაფეებში და ა.შ. აკრძალვის მომხრე ვარ, მაგრამ კლუბში არის შეუძლებელი.  ვინ გააკონტროლებს მაგას?,-წერს „ფეისბუქის“საკუთარ გვერდზე კლუბის დამფუძნებელი ქეთა გაბუნია.

კლუბი „ბიბლიოთეკა“

თამბაქოს მოწევის აკრძალვას   ეწინააღმდეგება კლუბ  „ბიბლიოთეკას“ მენეჯერი გიორგი ჩაგუნავაც. როგორც მან "ექსპრესნიუსს" განუცხადა,   კლუბის შემთხვევაში, მოწევის აკრძალვა  განსაკუთრებით რთულია, ვინადიან მათთან მისული ადამიანების 95% სწორედ მწეველია.

-ბიზნესის თვალსაზრისით ცუდია, რადგან კლუბია და კლუბში ადამიანს როგორ უნდა აუკრძალო მოწევა, არვიცი, მითუმეტეს, როცა ადამიანი არის ნასვამ მდგომარეობაში და არაადეკვატური. კლუბის შემთხვევაში ძნელია გარეთ გასვლა და მოწევა. ერთის მხრივ მივესალმები, მაგრამ კლუბისთვის აღნიშნული ცვლილებები ძალიან ცუდია, აუცილებლად შემცირდება ხალხის რაოდენობა.

ირლანდიური ბარი „დუბლინი“

ირლანდიური ბარის „დუბლინი“ დირექტორი ქეთევან ოქრომჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მოწევის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება და თვითონ ეს ფაქტი სტუმრების რაოდენობას შეამცირებს.  ის კონკურენტი ბარების მხრიდან გარკვეულ ინტრიგებსაც არ გამორიცხავს. თუმცა, ქეთევან ოქრომჭედლიშვილი დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევის აკრძალვაში, დადებითსაც ხედავს:

-კლიენტების შემცირება აუცილებლად მოხდება, მაგრამ ძალიან ძნელი გასაკონტროლებელი იქნება თავდაპირველად. შეიძლება მეტი ინტრიგებიც იყოს. დადებითი მომენტიც აქვს, რომელსაც მივესალმები, მაგრამ ბიზნესის მხრივ ცოტა კითხვის ნიშნებია.დღეს ყოველი მეორე ეწევა, ინდივიდუალურად კარგია, მაგრამ ბიზნესისთვის არა. ხმაურთან ცალკე პრობლემაა,ახლა კიდევ სიგარეტი და  არვიცი. ჩვენ გადამხდელები ვართ, თუ ეს კანონიც შემოვიდა, ხმაურის გამოც შემცირდება კლიენტები, რადგან ხალხს გართობა უნდა. ბიზნესისთვის ვფიქრობ,  წამგებიანია. შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ კარგიც იყოს, მაგრამ თავდაპირველად არ უნდა იყოს ჯარიმები ობიექტის მიმართ. თავიდან რამდენიმე გაფრთხილება მაინც უნდა იყოს, შეიძლება ვიღაც შევარდეს და ჯინაზე მოწიოს, ესეც ხომ შეიძლება? ერთმანეთის ბარებში  გააგზავნონ კონკურენტმა ბარებმა და ასეთი რაღაცები გააკეთონ.

ამერიკული პაბი "ბუფალო ბილი"

აღნიშნულ ცვლილებებს არ მიესალმება ბარის „ბუფალო ბილი“ დირექტორი მედეა ტორჩინავაც . მისი შეფასებით,  დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევის აკრძალვა მისი ბიზნესისთვის წამგებიანი იქნება.  მითუმეტეს, რომ  „ბუფალო ბილი“ თამბაქოს ნაწარმსაც ყიდის:

-არანაირად არ მივესალმები ამას, რადგან ეს არის პაბები ( ეს ჩემი აზრია), აქ მოდიან, რომ დალიონ, გაერთონ და შესაბამისად მოწიონ თამბაქო. მაშინ უნდა აიკრძალოს მთლიანად თამბაქოს შემოსვლა საქართველოში.  შეამცირებს კლიენტებს,  რადგან ჩვენ ასევე გვაქვს გაყიდვაში სიგარეტებიც.

ბარ-რესტორანი „ვარშტაინერი“

 „ვარშტაინერის“ პიარ მენეჯერიც ფიქრობს, რომ პაბის ბიზნესისთვის თამბაქოს მოწევის აკრძალვა წამგებიანია:

-პაბის ბიზნესის მხრივ არ მივესალმებით. ვფიქრობთ, რომ კლინეტებს შეამცირებს. როგორც თაობის დაცვა, ის, რომ სიგარეტი ნაკლებად მოწიონ, აიკრძალოს,  კარგია, მაგრამ ბიზნესისთვის არაა მომგებიანი.

პაბ-რესტორანი "გინესი"

თუმცა,  განსხვავებული პოზიცია აქვს პაბ რესტორან გინესის მენეჯერს ირინა ნორაკიძეს. ის თამბაქოს მოწევის კუთხით დაგეგმილ  ცვლილებებს მიესალმება:

-პირადად, მივესალმები.ვფიქრობ, ადამიანები უფრო დაფიქრდებიან საკუთარ ჯანმრთელობაზე  და მიხვდებიან ამ სიკეთეს.  არამგონია, რომ ეს კლიენტებს შეამცირებს.

შეიძლება პირველი პერიოდი, სულ ცოტა ხნის განმავლობაში, თამბაქოს მოწევის აკრძალვა აისახოს სტუმრების რაოდენობაზე, მაგრამ  მოსაწევად  ხომ არ მოდის ეს ხალხი ასეთ ადგილებში?!

კლუბი ვიპ თაიმი, რესტორანი ბერმუხა

კლუბ ვიპ თაიმის, რესტორან ბერმუხას მენეჯერის   გიგა ოსეფაიშვილის ვარაუდით, თამბაქოს მოწევის აკრძალვა მწეველთა რაოდენობას შეამცირებს, რაც  ფიქრობს, რომ კარგია, თუმცა, ბიზნესის თვალსაზრისით,  ცვლილებებს არ მიესალმება.

„თვითონ აკრძალვა, ეს ფაქტი მიუღებელია ამ საზოგადოებისთვის, თუმცა,ზოგადად კარგია, რადგან, სავარაუდოდ, შემცირდება მწეველთა რაოდენობა. ყოველთვის არის დიქსკომფორტი სიგარეტის სუნის  გამო, როცა  ადამიანები გვერდიგვერდ სხედან. მაგრამ, ვფიქრობ, გარკვეული სახის პრობლემები იქნება.

რაც შეეხება ბიზნესის თვალსაზრისით, ამ ცვლილებების დამტკიცება წამგებიანია, მაგრამ თუ კანონი ეხება ყველა დაწესებულებას, ამ შემთხვევაში გაიგება ჩვეულებრივად. აქ ხომ არ არის კონკრეტულ ორგანიზაციაზე საუბარი? მიეჩვევა ამას საზოგადოება, გამოვა გარეთ და იქ მოწევს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის აპირებს კანონი დაიცვას, ამასვე მოუწოდებს სხვებსაც:

-ნებისმიერი ადამიანი უნდა დაემორჩილოს კანონს და შესაბამისად, არასწორი იქნება, თუ ვინმე ამის წინააღმდეგ წავა. აუცილებლად უნდა მოხდეს მათი დასჯაც, თუ კანონს ეწინააღმდეგებიან.

რესტორანი „წისქვილი“

რესტორან „წისქვილი  ჯგუფის“ უფროსი მენეჯერის  გიორგი შველიძის აზრით, თამბაქოს მოწევის აკრძალვა მის ობიექტზე სტუმართა რაოდენობას არ შეამცირებს:

-7-8 თვეა უკვე რესტორნის დახლოებით 50% გვაქვს გათავისუფლებული მწეველებისგან.  გვაქვს ორი დარბაზი 150 კაციანი და  ერთ დარბაზში მთლიანადაა აკრძალული  თამბაქოს მოწევა. არანირი  უკურეაქცია არ მოჰყოლია ამას, პირიქით, ბევრი ადამიანია მოხარული, რომ სადაც საკვებია, იქ მოწევა არ უნდა იყოს.

არამგონია,  არ შეამცირებს სტუმრებს. დარბაზებში არ იქნება მოწევა,  თორემ გარეთ ხომ შეეძლებათ? მივესალმებით ამ კანონპროექტის დამტკიცებას.

რესტორანი „ძველი მეტეხი“

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს მიესალმება რესტორან ძველი მეტეხის დირექტორიც :

-მივესალმებით  ამ ცვლილებებს. იყო ბევრი მოსაზრება, გამოგვეყო ცალკე მაგიდები იმათთვის, ვინც ეწევა და პირიქით, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. ბანკეტის შემთხვევაში, ხომ ვერ დააცილებ ერთმანეთს ახლობლებს? ამიტომ, ჯობს,  სადღაც გამოიყოს მოსაწევი ადგილი, აბრძანდნენ, გავიდნენ გარეთ და იქ მოწიონ. ჯერჯერობით არ გვაქვს ზონები, ჩვეულებრივად ეწევიან.

ნუგზარ მაჭარაშვილის აზრით, თუკი  კანონი ყველა ობიექტს შეეხება, ცვლილებები მის ბიზნესზე უარყოფითად არ იმოქმედებს:

-თუ ეს საერთო ჯამში ყველა  ობიექტს შეეხება და კანონი იკანონებს, მაშინ ჩვეულებრივად ის კლიენტი მოვა ჩემთან, რომელიც მოდიოდა.თუ ჩუმად მოხდა მოწევის  დაშვება, მაშინ, რა თქმა უნდა,  მე დავკარგავ კლიენტს. თუ სხვა ობიექტი არ დაიცავს კანონს რაღაცების გამო  და ვიღაცის მფარველობის გამო, მე დავკარგავ კლიენტებს.

რესტორან ძველი მეტეხის დირექტორი კანონპროექტის კანონად ქცევის  შემთხვევაში, მის მკაცრად დაცვასაც აპირებს:

 -ჩვენთან არის 90% უცხოელი მომხმარებელი. მოდიან, რა თქმა უნდა,  ქართველებიც და გვინდა, რომ მოწევა   ავკრძალოთ.  უცხოელები ძალიან  გაკვირებულები იყურებიან, როცა მწეველებს უყურებენ, მაგრამ მე ამას ვერ ვკრძალავ, რადგან კანონით გათვალისწინებული არ არის. დიდი სიამოვნებით ავუკრძალავდი, თუ მომთხოვდა კანონი.

რესტორანი „ქართული სახლი“

ცვლილებებს  ბიზნესის თვალსაზირისით არა, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით მიესალმებიან,  ასევე, რესტორანში „ქართული სახლი“

-ნამდვილად მივესალმებით,მითუმეტეს, ისე ვწვალობ ხოლმე- ვინტილაციაც არის და ყველაფერი, მაგრამ ჩვენთან ნოლ სართულზეა დარბაზი და სულ განიავება სჭირდება და სულ ვფიქრობ, რა ბედნიერება  იქნება, რომ ეს თამბაქო არ მოიწევა, მაგრამ თან ვფიქრობ, რომ ნამდვილად კლიენტები შემცირდებიან, რადგან ასე უცებ ვერავინ გადაეჩვევა მოწევას და ღია  სივრცეში ისურვებენ სტუმრობას. მხოლოდ რაღაცა კუპესავით არის ჩვენთან, რომელსაც  ვინტილაცია აქვს  და იქ შეიძლება, რომ მოწიონ, ღია სივრცე არ გვაქვს.

ცნობისთვის, BBC-ის ინფორმაციით, სამედიცინო გამოცემა The Lancet-ის ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით,  ყოველი მეათე ადამიანის  სიკვდილი მოწევითაა გამოწვეული. კვლევა 195 ქვეყანაში ჩატარდა.

თეონა ნოზაძე



სოციალური ქსელები
კომენტარები



მორგში, კარცერებში მოთავსება, ცემა, ჰიგიენური საშუალებების ჩამორთმევა-ვინ და რა მიზნით აწამებდა პატიმრებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის სარაკეტო კომპლექსის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
რამზან კადიროვი მიიჩნევს, რომ იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა დაკრძალონ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics