11:56 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 18:00:19, 843 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შედეგები შეაჯამა

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ 4 წელი შეუსრულდა. პროგრამის შედეგების პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართა.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ სახელმწიფოს თანადგომა კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები არიან ჩართული.

2012-2016 წლებში პროგრამით 1733-მა ყოფილმა პატიმარმაისარგებლა. ამათგან ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 276  ბენეფიციარს; დასაქმდა 260 ყოფილი პატიმარი; 217-მა  ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები; იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 80 ყოფილი პატიმრის 78 ბიზნესიდეა დაფინანსდა და ისინი უკვე დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს; 693 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 509 ბენეფიციარმა; სხვადასხვა საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგი გაიარა 1068 ბენეფიციარმა; თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 224-მა ბენეფიციარმა. პროგრამა თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარეობს.

„ჩვენს პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრების 97%-ს დანაშაული აღარ ჩაუდენია. ეს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის შეფასების კრიტერიუმებით ძალიან მაღალი და კარგი მაჩვენებელია. ჩვენი პროგრამის ბენეფიციარები დღეს თავიანთ ოჯახებთან ერთად მომავლის პერსპექტივით უყურებენ ცხოვრებას. 4 წლისთავზე ჩვენ აღვნიშნავთ იმას, რომ შევძელით, რეაბილიტაციაში დავხმარებოდით ადამიანის ჯანმრთელობისა და ღირსების შემლახველ პირობებში მრავალი წლის განმავლობაში ციხეში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც ამ პროგრამის მეშვეობით შეძლეს, თვალი გაესწორებინათ იმ გამოწვევისთვის, რასაც თავისუფლების პირისპირ ყოფნა, საკუთარ  ოჯახსა და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნება ჰქვია“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მსჯავრდებულებთან მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იწყება გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. პატიმრებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროგრამისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულების ჩართვა ნებაყოფლობითია. მათი მომართვის შემდეგ თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად მუშაობს სოციალური მუშაკი, რომელიც აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს და სთავაზობს შესაბამის სერვისებს; ესენია: ფსიქოსოციალური მომსახურება; ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლება/ტრენინგები; ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრის მხარდაჭერა; იურიდიული დახმარება. ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგებია: სოციალური უნარების განვითარება, სამოქალაქო განათლება, პოზიტიური მშობლობა,  კონფლიქტის მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, აგრესიის მართვა და სხვა.

პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმრებს იუსტიციის სამინისტროს  საგრანტო პროექტ „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში საკუთარი მცირე ბიზნესის წარმოებაც  შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში 80 ყოფილი პატიმრის 78 ბიზნესიდეა უკვე დაფინანსდა.  მათ შორის, ბენეფიციარმა დავით ჯარმელიშვილმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ქართული და ევროპული ვაზი გააშენა; მარინა წიქარიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში გოგონებისთვის ხელსაქმის შესასწავლი სკოლა-სტუდია გახსნა; ლევან გოგალაძემ გორის მუნიციპალიტეტში საფუტკრე მეურნეობა შექმნა; მანანა შონიას ხელნაკეთმა ნამუშევრებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოწონება დაიმსახურა; ვალერი კოჩუაშვილმა სოფელ ხელთუბანში პურის საცხობი თონე გახსნა და საქმიანობა გააფართოვა; ზუგდიდში აკაკი კოროშინაძემ 30 ტონა კარტოფილი მოიყვანა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაც შეძლო; მერაბ შარაბიძემ ქედის რაიონში ვაზის ჯიში − ჩხავერი გააშენა და სხვ.  ამ წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო საგრანტო თანხას ყოველწლიურად ზრდის და, შესაბამისად, უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, პროგრამის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, სურვილის მიხედვით დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას; მაგ.: ოფისმენეჯერი, მეფილე-მომპირკეთებელი, მზარეული, ფარმაცევტის თანაშემწე, გამყიდველ-კონსულტანტი, ბუღალტერი, შემდუღებელი და სხვა. პროგრამის ხელშეწყობის მიზნით 2012-2016 წლებში გაფორმდა მემორანდუმები სამთავრობო სტრუქტურებთან, კერძო კომპანიებთან, სასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შპს „საირმის“ ინიციატივით ათდღიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურსით უფასოდ 35-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა.

საიუბილეო ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე გაიმართა ყოფილ პატიმართა ნამუშევრებისა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ ფრაქცია - მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების გადაყენების საკითხი
დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
როთი კობახიძეს - გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics