18:34 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 18:44:21, 2602 ნახვა

სამართალი
პაპიძის ადვოკატი: მაგდას რომ ჩვენთვის დაეჯერებინა, მუდმივი პატიმრობის ქვეშ არ აღმოჩნდებოდა (ინტერვიუ)

ქმარ-შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს  განჩინების  ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე  არ მიუღია. მაგდა პაპიძე სასჯელის ნაწილში განაჩენის  გასაჩივრებაში ჯერ ვერ დაარწმუნეს. ადვოკატი მარიამ ფხალაძე ამბობს, რომ მაგდა პაპიძის  მიზანი  არა პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა და  სასჯელის შემსუბუქება, არამედ  გამართლებაა.  ფხალაძის შეფასებით,  მსაჯულები, რომლებმაც პაპიძე დამნაშავედ ერთხმად სცნეს, არა პროკურატურის, არამედ საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რეალურად არც უმსჯელიათ. ამასთან, ფხალაძის თქმით, მაგდა პაპიძემ დაცვის მხარის რამდენიმე შეთავაზებაზე, რომლითაც, დიდი ალბათობით, ის სამუდამო პატიმრობას აცდებოდა, უარი თქვა. ადვოკატი მომხდარის  საკუთარ ვერსიებზე   ვერ საუბრობს და ამბობს, რომ  კონკრეტული სახის მტკიცებულება, რომელიც  სასტიკ მკვლელობაში  დამნაშვის კვალზე პირდაპირ  გაიყვანდათ,  არ აქვთ. თუმცა, მარიამ ფხალაძე საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას  და ხაზს უსვამს   სამ კანონის დარღვევით მოპოვებულ  მტკიცებულებას, რომელიც, პრაქტიკულად, მაგდა პაპიძის  მსჯავრდების საფუძველი გახდა.

ვის და რისთვის შეიძლება ჩაედინა მამა-შვილის მკვლელობა,  მომხდარის რა ვერსიები აქვს ოჯახს, რა მტკიცებულებებით იხელმძღვანელეს ნაფიცმა მსაჯულებმა, როცა  პაპიძის დამნაშავედ ცნობაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, რა არგუმენტები, მტკიცებულებები გააჩნია  თავად დაცვის მხარეს, რამდენად რთული იყო მაგდა პაპიძის ინტერესების დაცვა და რა შეცდომა დაუშვა მან-ეს იმ  საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც „ექსპრესნიუსი" მაგდა პაპიძის ადვოკატს მარიამ ფხალაძეს ესაუბრა:

დაარწმუნეთ თუ არა მაგდა პაპიძე,  რომ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში  გაგესაჩივრებინათ?

 მაგდა პაპიძე გადაწყვეტილების გასაჩივრებაში ჯერ ვერ დავარწმუნეთ,  ის იგივე პოზიციაზეა.  1 თვიანი ვადა გვაქვს გასაჩივრების და ამ პერიოდში ვაპირებთ კიდევ ერთხელ შესვლას და მის დარწმუნებას, რომ სასჯელის ნაწილში მაინც გასაჩივრდეს, რომ იქნებ  ის მაინც მოვახერხოთ, რომ მუდმივი მოეხსნას. მისთვის ამას აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მარტივ მაგალითს გეტყვით, ჩვენ, დაცვის მხარეს, უფლება გვქონდა,  მსაჯულებისთვის შეგვეთავაზებინა მსუბუქი მუხლი, იგულისხმება  გაუფრთხილებლობითი მკვლელობა ბავშვთან  მიმართებაში და უბრალოდ განზრახ მკვლელობა 108-ე მის მეუღლესთან მიმართებაში. კატეგორიული უარი განგვიცხადა მაგდა პაპიძემ. მან გვითხრა, რომ ამ შეთავაზებით,  ის ერთი წუთით მაინც უშვებს იმას, რომ მის შვილს გაუფრთხილებლობით რაღაცა ავნო. ჩემი მიზანი ის კი არ არისო, რომ მე რაღაცა პასუხისმგებლობას დავაღწიო თავი, სასჯელი შევიმსუბუქო, არამედ მიზანია ის, რომ მე არ ვიყო მსჯავრდებული ჩემი შვილისა და ქმრის მკვლელობაშიო. შესაბამისად, ამაზეც კი უარი გვითხრა და მან თქვა, რომ მზად იყო, თუნდაც  მუდმივით მოეხადა სასჯელი, ვიდრე ის, რომ ეს ალტერნატივა თეორიულად მაინც დაგვეშვა. აქიდან გამომდინარე, არვიცი, რამდენად მოვახერხებთ მის დარწმუნებას, რომ გაასაჩივროს, თუმცა ყველანაირად ვეცდებით.

ოჯახს, ბუნებრივია, სხვა პოზიცია აქვს. დედა, და იმას ფიქრობს, რომ რამენაირად შეუმსუბუქდეს ეს სასჯელი. თუნდაც 20 წელი ყოფილიყო, იქ არის უკვე საუბარი იმაზე, რომ რაღაც შეგიძლია-მაგალითად,  შეწყალებაზე მიმართო, მიმართო  ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.   20 წლის შემდეგ რაღაცა შეიცვლება, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რისკებთან  არის დაკავშირებული. კონკრეტული წელი როცა ეცოდინებოდა, ის იცხოვრებდა იმ იმედით, რომ  გამოვა თუნდაც 10-15 წლის შემდეგ და მისი შვილისა და მეუღლის  საფლავთან მივა. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული  ჯერ აქვს.

როგორ ფიქრობთ, რატომ იდგა 12-ვე მსაჯული ერთ პოზიციაზე? გამორიცხავთ მათზე ზეწოლას?

მსაჯულებზე ზეგავლოენა უფრო უნდა ყოფილიყო მასმედიისგან, სოციალური  ქსელებისგან, იმ გადაცემებისგან, რომლებსაც ტელევიზია აშუქებდა. რატომ? იმედის დრომ ვერდიქტის გამოცხადებამდე 1-2 დღით ადრე გააკეთა გადაცემა და ამ გადაცემაში გაჟღერებული იყო ბრალდების მხარის პოზიცია და თვითონ რაღაცა ამონარიდები პროცესზე მაგდას მიერ გაკეთებული განცხადებებისა. ანუ, დაცვის მხარის პოზიცია და არგუმენტები პრაქტიკულად  არ იყო მოხსენიებული.  მხოლოდ იყო  გამამართლებელი განაჩენის მოლოდინის შესახებ ჩემი სიტყვის ნაწყვეტი,  რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა იყოს გამამართლებელი განაჩენი-მეთქი. თუმცა, მსაჯულებზე ძნელია, გაარკვიო როდის რას მიაქცევენ ყურადღებას, მათ თავისი ვერდიქტის დასაბუთება პრაქტიკულად არ ევალებათ. ისინი გამოდიან და ამბობენ-ან დამნაშავეა, ან უდანაშაულოა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პროცესები, რაც შუქდებოდა, ბრალდების მოწმეები იკითხებოდნენ, იყო  მონაკვეთი ბრალდების მოწმე რასაც ამბობდა და  ბრალდების მხარეს დაცვის მხარე შემდგომში კითხვას რომ უსვამდა და ის ბრალდების მოწმე თავისი გამოძიების ჩვენებების წინააღმდეგობაში  ვარდებოდა, არ იყო ნაჩვენები. ქალბატონი დარეჯან მინდიკაური გამოძიებაში ცალსახად აფიქსირებდა, რომ როდესაც ბავში გადმოიყვანა მანქანიდან, იგრძნო მისი სხეულის სითბო. აქ აქცენტი სწორედ სხეულის სითბოზე იყო გადატანილი. იყო შემდეგ სატელევიზიო გადაცემებიც, სადაც იქაც არაერთი მოწმისგან ფიქსირდებოდა, რომ ბავშვი იყო თბილი და პროცესზე ამ ქალბატონმა  რადიკალურად შეცვალა თავისი განმარტება და თქვა, რომ სხეული კიარ იყო თბილი, მან იგრძნო ტანსაცმლის სითბო. როგორი არალოგიკურია, როცა თვითონვე ამბობდა, რომ  -3 გრადუსი ყინვა იყოო, თურმე თხელი მაიკით ბავშვი მანქანაში ზის და შენ მეუბნები, რომ ტანსაცმლის სითბო იგრძენი. ტანსაცმელს საიდან უნდა ჰქონოდა სითბო -3 გრადუს ყინვაში, თუ ეს არ იყო ბავშვის სხეულის ტემპერატურა?! ანუ, ეს აღარსად  ჩანდა.   აქიდან გამომდინარე, შეიქმნა ასეთი ფონი საზოგადოებაშიც. ვფიქრობ, ეს იყო ზეგავლენა, რადგან  მსაჯულებიც საზოგადოების ნაწილი არიან, გამოდიოდნენ, ხვდებოდნენ მასების აზრების ზეგავლენის ქვეშ და აქიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა მართლა ძალიან გული მტკივა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ მსაჯულებს არ მიუღიათ ამაზე მარტივი კატეგორიის საქმეებზე. ვფიქრობ, მსჯელობაც აღარაფერზე  ყოფილა, მათ რაღაცა თავისი წინასწარი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ და, ასე ვთქვათ,  სახლში ეჩქარებოდათ. რომ ემსჯელათ, ერთი ორს მაინც განსხვავებული აზრი რომ დაბადებოდა, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იმდენად მტკივნეული არ იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ვიფიქრებდი, ამ ხალხმა იმსჯელა და აქამდე მივიდნენ. უბედურებაც იმაშია, რომ არც უფიქრიათ, არც უმსჯელიათ. არ გამოვრციხავ, რომ მათ ეს პოზიცია ჰქონდათ მაშინ, როცა ნაფიცმსაჯულებად იყვნენ არჩეულნი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს უმოკლეს პერიოდში ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება.

როგორია მომხდარის თქვენი, ან ოჯახის ვერსია?

ვერსიებზე, რაღაცა პოზიციებზე საუბარი ძნელია იქიდან გამომდინარე, რომ როცა ვითხოვ მაგდა პაპიძის მიმართ ბრალდებები იყოს დადასტურებული მტკიცებულებების კუთხით და სამართლებრივად და როცა აქცენტებს ვაკეთებ, რომ ეს არ არის და აქიდან გამომდინარე  ის ქალი არ უნდა იყოს ამ მუხლით მსჯავრდებული, შესაბამისად რაღაცა  კონკრეტული სახის მტკიცებულება, რომელიც გამიყვანდა რაღაცა კონკრეტულ პირზე, რომ თამამად  მეთქვა,  ეს ამან ჩაიდინა, ასეთი არ არსებობს, არ მაქვს. თუმცა, არის ბევრი კითხვის ნიშანი. როდესაც მეუბნებიან, რომ ომარის რომელი ზედაც აცვია ზემოდან და უკანა მხარეს მთლიან სიგრძეზე არის სისხლით გაჟღენთილი, მეუბნები, რომ ეს ადამიანი გამოვათრიე სადარბაზოში და იქ არის თრევის კვალი, სულ მინიმუმ ეს თრევის კვალი არ უნდა იყოს კუთხეში სწორხაზოვანი. ჩემი მაისური მთლიან სიგრძეზე არის სისხლით დასვრილი, მე თუ ამას ვათრევ იქიდან, სულ მინიმუმ ეს ლაქა უნდა იყოს გრძელი, ჩემი ბეჭების შესაბამისი და იმის შესაბამისი, როგორც არის ეს მაისური დასვრილი. თუკი ჩემი მაისური მთლიანად უკან მთელ სიგრძეზეა დასვრილი და მედავები, რომ  გამოვათრიე, როგორ უნდა დარჩეს  სადარბაზოში მარჯვენა კუთხეში ასეთი წვრილი ზოლი?! წარმოუდგენელია. ის დარჩენილი  ზოლი და მაისურზე არსებული სისხლის კვალი აბოსლუტურად შეუსაბამოა ერთმანეთთან. მეტიც, ჩვენ ექსპერტი ტრასოლოგი გვეუბნება, რომ ზემოდან ამ ადამიანს რა მაისურიც ეცვა, სხეულზე მისი დაზიანებები აბსოლუტურ შეუსაბამობაშია ამ მაისურთან. შიგნით თეთრი მაისური  ეცვა და იმაზე არის ერთი შესაბამისი დაზიანება მხართან. ანუ, მხართან რა დაზინებაც ჰქონდა, ის დაზიანება შეესაბამებოდა მაისურის მხართან არსებულ დაზიანებას. დანარჩენი დაზიანებები, და იქ არის უამრავი, მითუმტეს ზურგზე ნახოხიალების კვალი, რომელზეც ექსპერტიზა გვეუბნება, რომ სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებაა, ამისი შესაბამისი დაზიანება მაისურზე არაა. როდესაც ადამიანს გადაწყვეტილება გამოგაქვს, უნდა დაფიქრდე, რა მოხდა მაშინ. ხომ უნდა დაფიქრდე, რომ თრევის კვალის შესაბამისი დაზიანება  მაისურზეც უნდა არსებობდეს?! ასეთი არ არის. როცა გეუბნები, რომ წინდებზე, რაც ამ ადამიანს აცვია, ბალახისმაგვარი ნივთიერებებია,  თავშიც არის რაღაცა ძაფის ფრაგმენტები, ბრალდების მხარე როცა ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ოთახში მოხდა, შენ, მსაჯულს,  მინიმუმ  უნდა გაგიჩნდეს შეკითხვა, რომ თუ ეს ყველაფერი ოთახში მოხდა, თუ მხოლოდ  სადარბაზოზე გაათრია და შემდეგ ასფალტზე, რატომ აღმოჩნდა ბალახისმაგვარი ფრაგმენტები და რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ეს ფრაგმენტები და არ ჩაატარა კვლევა?

მაშინ, ვის შეიძლება აწყობდეს  ნამდვილი დამნაშავისთვის ხელის დაფარება?

ვერ გეტყვით. არ ვთვლი, რომ ვიღაცას აწყობს. უბრალოდ მიმაჩნია, რომ  გამოძიებას ჰქონდა მინიმალური მტკიცებულებები სისხლიანი ნივთების სახით და იმის იქით ვეღარ წავიდნენ. გამოძიება ჩიხში შევიდა, ელოდებოდა მაგდასგან, რომ ის გააღებდა პირს და დაასახელებდა, რადგან იფიქრეს, რომ მაგდამ რაღაცა იცოდა. იმის საფუძველი, რომ ვიღაცამ ეს დანაშაული განზრახ დამალა, არ მაქვს, მაგრამ არის ღია დაბოლოების კითხვები, რომლებზეც პასუხი არაა გაცემული. ვიზუალურად რაც დავინახე და სურათებიცაა გადაღებული, რომ კუთხეში არსებულ სისხლიან ლაქასთან თმის ბღუჯა არის.  სურათს რომ იღებ, რატომ არ იღებ ამ თმას? #10 ობიექტთან, ანუ სისხლთან, გაქვს შერეული გენეტიკური პროფილი ომარის და ვიღაცა კიდევ სხვისი. სადარბაზოსთან მაქვს მხედველობაში. ეს სხვა არ იცი ვინ არის. მოდი, სულ მინიმუმ ეს თმა ამოიღე და შეადარე ამ გენეტიკურ პროფილს. თმიდანაც შეიძლება დნმ-ის დადგენა.

აღნიშნული  გამოძიების სისუსტეზე  მიუთითებს, თუ წინასწარ განზრახულ ქმედებაზე?

არგუმენტი, რომ რაღაც წინასწარ განზრახული ჰქონოდათ, არ მაქვს. მაშინ სურათსაც არ გადაიღებდნენ და ამ მტკიცებულებას არ გადმომცემდნენ. წინასწარ განზრახულობა რომ ყოფილიყო, თუნდაც იმ ბალახოვან ფრაგმენტებს, რაც ამოიღეს, არ გადმომცემდნენ და ძალიან მარტივად ვერაფერს გავიგებდი, იქ ეს ბალახოვანი ფრაგმენტები იყო, თუ არა.  ვთვლი, რომ გამოძიების სისუსტეა, მათ არ ჩაატარეს სრულყოფილი კვლევა. შესაძლებელია, კვლევის შედეგად არც არაფერი გამოკვეთილიყო, მაგრამ სულ მინიმუმ დღეს მე, დაცვის მხარეს, არ გამიჩნდებოდა კითხვები.

ჩემთვის წარმოუდგენელია, ვერ ვხვდები, როდესაც ამბობ, რომ ქმარს ჩაარტა რაღაც და ბავშვი გაგუდა, კითხვა უნდა გაგიჩნდეს, როდესაც ქმარს უროს ურტყამდა, ბავშვი სად იყო? საუბარია 20 კვადრატ  ოთახზე, სადაც არც სველი წერტილებია, არც პატარა საკუჭნაო არაა, რომ თქვა, რომ იქ შეაგდო და დატოვა დედამ შვილი. ძილი გამორიცხულია, რადგან  საძილე საშუალება არც მამას და არც შვილს მიღებული არ აქვთ, ეს ექსპერტიზამ დაადგინა და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 11-12 საათამდე თორნიკე არ იძინებდა. თუნდაც ეძინა ბავშვს და გაეღვიძა, სულ მინიმუმ ხომ უნდა დაეკივლა?! ან ბავშვის თანდასწრებით დედა ასეთ საშინელებას ჩადიოდა და ბავშვი ხმას არ იღებდა?! საერთო საცხოვრებელია, სადაც ხმამამაღალი ნათქვამიც ესმით მეზობლებს. იმის მტკიცება, რომ ერთი ხელით ბავშვს გუდავდა და მეორე ხელით ქმარს უროს ურტყამდა,  ზღაპარია.

ერთი წამითაც არ შეგპარვიათ ეჭვი მაგდა პაპიძის შესაძლო დანაშაულში?

ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იქიდან გამომდინარე, რომ სისტემატიური ურთიერთობა მქონდა მაგდა პაპიძესთან და ერთი წამი არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას რამენაირი ფორმით,  თუნდაც მეუღლეზე ირიბად რაღაცა ეთქვას. ჩვენ გვქონდა მომენტებიც, რომ აქცენტები ბავშვზე გადაგვქონდა ხოლმე, რომ ბავშვს რომელი დედა მოკლავდა. ამან გამოიწვია მასში აგრესია,  რატომ გადაგაქვთ აქცენტები ბავშვზეო, ის იყო ჩემი ქმარი, ისევე მტკივა ერთი, როგორც მეორეო.

თუ თქვენ ერთი წუთი მაინც უშვებთო, რომ მე ბავშვი არა, მაგრამ ქმარი შემეძლო მომეკლაო, მაშინ ჩვენ საერთოდ სალაპარაკო არაფერი გვაქვსო. სამწუხაროდ ვერდიქტი არ საბუთდება, არ საჩივრდება.

მინდა, გკითხოთ  ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც  განაჩენს გამოეხმაურა. მისი ერთ-ერთი ფრაზა ასეთია-"ვხედავდი სასტიკი დამნაშავის მეტ და მეტ უღირსობას". როგორ ფიქრობთ,  რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ამბობდეს მარიამ კუბლაშვილი, რომ მაგდა დამნაშავეა?

მარიამ კუბლაშვილი საერთოდ არ ყოფილა მაგდა პაპიძის ადვოკატი, არც ერთ ეტაპზე. ხათუნა ჩხაიძე ჰყავდა მას პირველი ადვოკატი, სახაზინო წესით დანიშნული- ვინაიდან ბრალად ედებოდა მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მუდმივ პატიმრობას და კანონი აუცილებლად მოითხოვს, რომ უნდა ესწრებოდეს საგამოძიებო მოქმედებებს ადვოკატი, ხათუნა ჩხაიძე იყო სახელწმიფო  ხარჯზე დანიშნული სახაზინო ადვოკატი, რომელიც ჩამოშორდა ამ საქმეს  მას შემდეგ, რაც მე და ქალბატონი ირმა ბრელიძე ჩავერთვეთ ამ საქმეში. მარიამ კუბლაშვილი არასოდეს ყოფილა  მისი ადვოკატი და  მან ნამდვილად არ იცის, საქმეში რა ხდებოდა. ის უთითებს, რომ ნამდვილად მაგდა პაპიძის ჩადენილია მკვლელობა. ჯერ ერთი ეს არ არის ადვოკატის შესაფერისი განცხადებები, მითუმეტეს ადვოკატის, რომელიც არ იცავს კონკრეტულ პიროვნებას. მარიამ კუბლაშვილს იმაზე, რაც ცალმხრივად ესმოდა მასმედიისგან, კომენტარები არ უნდა  გაეკეთებინა, რადგან სულ მინიმუმ, მან არ იცოდა, რა ხდებოდა დარბაზში. მან არ იცოდა ის პოზიციები, რომლებიც იქ ჟღერდებოდა. ასეთ კატეგორიულ განმარტებებს  აკეთებს მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ მაგდა რაღაც მომენტებში იყო არასტანდარტული, არასტაბილური. ეს  ბუნებრივია. ქალს მოუკლეს შვილი, მეუღლე, მას სდებენ ბრალს და მან უნდა დაიცვას თავი. ეს ისეთი მძიმე სიტუაციაა, მტერს არ ვუსურვებ. არავინ იცის,  იმ კონკრეტულ სიტუაციაში, ვინ როგორ მოიქცევა და რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ ასეთ სიტუაციაში მყოფმა ადამიანმა შეიძლება ბევრი სისულელე ილაპარაკოს? სისულელე იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ელემენტარულ წვრილმანს აქცევდა მსხვილმანად, იქნება იქიდან მაინც გამოძიებას გაეგო სიმართლე. თუნდაც ვალებთან დაკავშირებით რომ აჟღერებდა, რომ მის ქმარს ვალები ჰქონდა, შემდეგ სასამართლოზე გააკეთა კიდეც განმარტება, რომ იმწუთისთვისო თუკი რამე გამახსენდა, სულ წვრილმანიც კი, პატარა შეკამათებაც კი გააზვიადა, რომ გამოძიებას ემუშავა ამ კუთხით, რომ იქნებ იქ დადგენილიყო რეალური ვითარება.

ოჯახი ფიქრობს, რომ დედამთილი ვიღაცას ხელს აფარებს. კერძოდ, პაპიძის დედა ყვება, რომ პირველი სამძიმრის დღეს, საღამო პერიოდში, ლანა პაპიძესთან ერთად  სამზარეულოოში გავიდა.  ერთ-ერთი ბიჭი, ციხეში მალხაზ ქაფიაშვილთან ერთად ნაჯდომი, ჩამუხლული იყო, ჩუმად ლაპარაკობდა და ასეთი ფრაზა გაიგო"-ყველაფერი ისე მიდის, ბრატ, როგორც ჩვენ გვინდა". ოჯახის ერთ-ერთი ვერსია, ხომ არ არის, რომ მკვლელობა მალხაზ ქაფიაშვილმა ჩაიდინა?

იმედის დროშიც განაცხადა მაგდა პაპიძის დედამ, რომ კონკრეტულად ხელს ვერ დავადებო, მან  განაცხადა უბრალოდ ფაქტები, რომლებიც მისთვის გახდა ცნობილი, რაც მოუსმინა, რაც გაიგო. ამ განცხადებაზე და მხოლოდ ამ სიტყვებზე დაყრდნობით,  ბუნებრივია, გამოძიება ხელახლა არ დაიწყება იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ეს ორი ფრაზა არაა საკმარისი, რომ  რაიმე ახალზე იმუშაო. ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშიც აცხადებდა ეჭვებს, მაგრამ ბრალდების მხარის პოზიცია ცალმხრივად იყო ის, რომ იმ დროს, როცა ეს საშინელება მოხდა, ფიზიკურად თვითონ (მალხაზ ქაფიაშვილი) აქ არ იმყოფებოდაო და დანაშაულს ვერ ჩაიდენდაო. შეიძლება ადამიანი ფიზიკურად გარკვეულ ადგილას არ იყო, მაგრამ სხვას გააკეთებინო რაღაც. არ ვამბობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არვიცი, არვიცნობდი მალხაზ ქაფიაშვილს მანამდე, არვიცნობ დღეს და არ შემიძლია მის პიროვნებაზე და თეორიებზე ვისაუბრო, რომ შეეძლო თუ არა მას ეს გაეკეთებინა. მალზახ ქაფიაშვილი ჩემთვის არის გარდაცვლილის ძმა და იმისთვის, რომ მას არსებითი  ბრალდება წაუყენო, რაღაც არგუმენტები უნდა გქონდეს. პირადად, ამის საფუძველი არ მაქვს. გამოძიებას არაფერი მოუპოვებია და გამოძიება ამ კუთხით, რომ ჩვენ წაგვემართა და რაღაცა მტკიცებულებები მოგვეპოვებინა, მსგავსი რამ არ ყოფილა.

თუ გაქვთ მნიშვნელოვანი  მტკიცებულებები, არგუმენტები, რომლითაც ამტკიცებთ, რომ მაგდა პაპიძე უდანაშაულოა, თუმცა ის   სასამართლომ და შემდგომ ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს?

შემთხვევის ადგილთან წვდომა არ გვქონდა, რადგან  პიველივე დღეს დათვალიერდა  და საერთოდ  საპროცესო კანონმდებლობით, ჩვენ, მხარეეები, ვართ თანაბარ მდგომარეობაში, რომ არის შეჯიბრობითობის პრინციპი, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. იმას, რასაც პირველივე დღეს ბრალდების მხარე აკეთებს, შენ დაცვის მხარე ამის რეალურ საშუალებას მოკლებული ხარ.  ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზებს სახელწმიფო ანაზღაურებს, შენ რომ რაღაცა ტიპის ექსპერტიზა ჩაატარო და შენი გამოძიება ჩაატარო, ამას სჭირდება გარკვეული ხარჯები და არ არის ეს პატარა ხარჯი. სოლიდური ხარჯია, მითუმეტეს ისეთი ოჯახისთვის, როგორიც პაპიძეების ოჯახია. ამიტომ, ვერანაირად ვერ არის დაცვისა და ბრალდების მხარეები თანაბარ მდგომარეობაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარე როცა შემთხვევის ადგილს ათვალიერებ და მეუბნები, რომ კედელზე სისხლისმაგვარი ლაქები არ მინახავს, 4-მა კაცმა 20 კვადრატი დაათვალიერა და ვერ ნახა სისხლის ლაქა კედელზე, როცა მეუბნები, რომ შემთხვევა მინიმუმ ცხრა საათზეა მომხდარი და შემთხვევის ადგილის დათვალიერება იწყება გამთენიისას, სისხლის წინწკლები, რომლებიც ჰაერზე მოხვედრიდან 15-20 წუთში უკვე გაშრობას იწყებს  და მუქ ფერს იღებს, ამას ვერ ამჩნევ კედელზე, ეს იმას ნიშნავს,  რომ ეს იქ არ არის. დივანზე, როდესაც ექსპერტი მუშაობ, მეუბნები, რომ გულდასმით დაათვალიერე, მაგრამ რამე საეჭვო ამ დივანზე ვერ შეამჩნიე, ჩემთვის ეს არის იმის მამტკიცებელი, რომ  იქ ეს ლაქები არ ყოფილა. როცა იმ 20 კვადრატში ვერ პოულობ იმ ე.წ.  მკვლელობის გეგმის ჩანაწერს, ეს არის სამი არსებითი მტკიცებულება, რომელიც მოპოვებულია მას შემდეგ, რაც დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ადგილის დალუქვა არ მოხდა. გამოძიებას აქვს არგუმენტი, რომ გამოძიება მუშა პროცესია, დღეს შეიძლება რაღაცა ვერ ვიპოვე და ხვალ ვიპოვე. კიბატონო, მაგრამ ის უნდა დალუქო. დაცვის მხარეს უნდა მქონდეს გარანტია, რომ იქ რაღაცა არ შეიცვლება.

ორი კვირის შემდეგ, სახლის დალაგების დროს, ქალბატონმა დარეჯანმა აღმოაჩინა ე.წ. გეგმის რვეული. სამი კვირის შემდეგ შედიან და იმ ოთახში საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ, ქალბატონი დარეჯანი ხელს უშვერს გამოძიებას კედლებისკენ, რომ შპალერი კარგ მდგომარეობაშია, ახალი გამოცვლილია და ამ დროს გამომძიებელს არ ეუბნება, რომ სისხლის ლაქები მაქვს ნანახიო. გადის თვენახევარი და შემდეგ თურმე კედელზე გამოჩნდა სისხლის ლაქები და დივანზე გაჩნდა მუქი ფერის ლაქები და თეთრი ფერის ლაქები დანაშრევების სახით. ეს ისეთი ლაქებია, რომლებიც  ექსპერტს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს უნდა შეემჩნია.

ეს სამი არსებითი მტკიცებულება, რომელიც პრაქტიკულად,  მაგდას მსჯავრდების საფუძველი გახდა, არის აბსოლუტურად დაუშვებელი, კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება.  თუნდაც უროზე, თავიდან არ აღწერეს საერთოდ, შემდეგ აღწერეს,  რომ ტარზე იყო სისხლის ლაქა ერთ ადგილას, შემდეგ  ექსპერტიზაზე მივიდნენ და 3 ადგილას იყო სისხლი, ჩნდება კითხვები, რატომ?

 თუ ამ უროთია მოკლული, სადაა თმა, ტვინი, როდესაც ამბობენ, რომ ფაქტობრივად ტვინია გასხმული.  ან, მაგდამ ამხელა მკვლელობა დაგეგმა, ურო იყიდა და ორი პირსაწმენდი ვერ იყიდა და ერთი ისეთი ბალიში, რომელიც ოჯახის არ იქნებოდა და მათ არ გაჩენოდათ ეჭვი, რომ ეს მაგდას ნივთებია და რატომაა სისხლიანი და ბუნკერში?! როცა ადამიანი რაღაცას გეგმავ, ასეთ სისულელეებს არ აკეთებ. ამ ნივთმტკიცებებს ცხვირწინ ურნაში არ ყრი, რომ მოდი ნახე ესენი, მე ვარ პრაქტიკულად დამნაშავე. სხვა ლოგიკა ამას არ აქვს. ან თუნდაც, სულ არ აღმოჩნდა ის სურათები, რომლებიც სისხლიან ნივთებთან ეყარა, თირნიკესი.  ის აღმოჩნდა მალხაზ ქაფიაშვილის ნათლიის შვილის, რომლებიც ალბომში ინახებოდა დარეჯან მინდიკაურთან.  რა შუაშია ეს სურათები, რატომ უნდა  ყოფილიყო სისხლიან ნივთებში? უფრო მეტიც, ამაზე მაგდა პაპიძის დნმ არ არის. 

მაშინ რით იხელმძღვანელეს ნაფიცმა მსაჯულებმა?

სწორედ ეს არის მთელი ჩვენი უბედურება, რომ  ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტი არ გამოაქვთ. ამბობენ და არაერთხელ გაჟღერდა, რომ დაცვის მხარის  არასწორი სტრატეგია იყო, როცა ნაფიცი მსაჯულები აირჩია. გარკვეულწილად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ მოდით, ნუ დავარქმევთ ამას დაცვის მხარის სტრატეგიას. კიბატონო, მე ვიცავ მაგდას ინტერესებს და ჩემი მოვალეობაა, მაგდა დავარწმუნო, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. დამერწმუნეთ, ბოლო მომენტამდე მაგდაც და ჩვენც ჩამოყალიბებული ვიყავით იმაზე, რომ ეს საქმე უნდა განეხილა სასამართლოს იმიტომ, რომ სასამართლო იყო ვალდებული, თავისი განაჩენი დაესაბუთებინა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარე როცა შუამდგომლობას აყენებს, რომ ურო დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან მასზე ნელ-ნელა გაჩნდა სისხლის კვლები და არაა უარყოფილი გონივრული ეჭვი ამ თვისებების შეცვლის, რომ დივანზე არსებული სისხლის ლაქები დაუშვებელი მტკიცებულება იყოს, კედელზე ნანახი სისხლის წვეთები დაუშვებელი მტკიცებულება იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ თვენახევრის შემდეგაა მოპოვებული, დაცვის მხარე როცა აკეთებს აქცენტს, რომ თუნდაც ის დღიური, რომელიც ორი კვირის შემდეგ იპოვეს, ესეც დაუშვებელი მტკიცებულებაა(  ქალმა თურმე  თავისი შვილის ფლომასტერები, წიგნები დახია და გადაყარა ბუნკერში და ამ გეგმას გიტოვებს თაროზე? ლოგიკა არ არსებობს), და მოსამართლე უარს გეუბნება. მაგდა ადგა და მეკითხება, რომ ამ სასამართლოს იმედი უნდა მქონდესო?  არვიცი, რომელი ადვოკატი აიღებდა იმწუთში თავის თავზე პასუხისმგებლობას  და იმას, რომ არა, მაგდა, შენ გინდა თუ არა სასამართლო აირჩიე. ჩვენი პასუხი იყო ასეთი-მაგდა, შენ იცი საზოგადოების  აზრი შენთან დაკავშირებით, რომ 100-დან 90 შენი წინააღმდეგია და შენ ესწრები სასამართლო პროცესს. შენ თვითონ გადაწყვიტე, ჩამოყალიბდი. იქვე მიიღო მაგდამ გადაწყვეტილება, ეს იყო ჩვენთვისაც მოულოდნელი და იყო სიურპრიზი, რომ მისი საქმე უნდა განეხილათ ნაფიც მსაჯულებს, რადგან ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეთანხმებული ვიყავით, რომ მისი საქმე განეხილა სასამართლოს.

დღეს რას ფიქრობს მაგდა პაპიძე? ხომ არ ნანობს ამ გადაწყვეტილებას?

როდესაც ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დავიწყეთ, მან ნახა  იქ, რა კონტიგენტი მოდიოდა, აი მაშინ, შერჩევის სხდომაზე თქვა, რომ ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა, ჩვენი საზოგადოება არ არის მზად იმისათვის, რომ  იყვნენ ნაფიცი მსაჯულები და მათ როგორ უნდა გადაწყვიტონ ჩემი ბედიო. შერჩევის სხდომაზევე მიხვდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო...

თუმცა, თუკი სასამართლო  დარწმუნდებოდა, რომ გამოტანილი ვერდიქტი იყო აბსოლუტურად შეუსაბამო და არ არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები ვერდიქტის კანონიერების გასამყარებლად, შეეძლო მსაჯულები დაეთხოვა და ახალი მსაჯულები მოეწვია. გარანტი იმისა, რომ შეიძლებოდა შემდეგ რაღაცა შეცვლილიყო, არვიცი. უბრალოდ, ბავშვის ნაწილში  სასამართლო ვერანაირად  ვერ დააყენებდა განაჩენს და შესაძლებელია, სასამართლოს კვალიფიკაციის შეცვლაზე ემსჯელა. იმედის დროში გაჟღერდა, რომ დაცვა იყო სუსტი, დაცვა იყო თუ არა სუსტი, ესაა იმ ადამიანის შესაფასებელი, ვის ინტერესსაც იცავ. მაგდა პაპიძე  არ არის იმ კატეგორიის ქალი, რომელიც რომ მიმხვდარიყო, რომ სადღაც მისი ინტერესების დაცვა სათანადოდ არ ხორციელდებოდა, მას თავისი პოზიციის დაფიქსირება, ჩვენი ამ საქმიდან ჩამოშორება, ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. ის მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგდა კარგად ხედავდა, რაც ხდებოდა. მან თვითონ იცოდა, რომ  ნაფიცი მსაჯულები იყო მისი გადაწყვეტილება და მან აიღო მის თავზე პასუხისმგებლობა. ისიც იცოდა, რომ თუკი მსუბუქ მუხლს არ შევთავაზებდით ნაფიც მსაჯულებს, არსებობდა რეალური რისკები, რომ მას მუდმივი პატიმრობა ელოდა, ეს არ იყო მაგდასთვის მოულოდნელი.

პროცესზე გამოიკვეთა, რომ მაგდა გიჟი დედა იყო, გიჟი დედა იყავიო მისმა მაზლმა უთხრა და ყველა მოწმისგან გამოიკვეთა, რომ მაგდა საკუთარი შვილის თვალზე ცრემლს ვერ იტანდა და მზად იყო, პატარა ბავშვებსაც კი დაპირისპირებოდა და მათთვისაც კი "გაერჩია" საქმე, რომ მეორედ თოქრნიკესთვის მათ არ ეწყენინებიათ.

მეორე დღეს ასეთი დედა არ იღვიძებს და ოთარ ბერძენიშვილთან ყოფნის გამო, საკუთარ შვილს არ კლავს. არ მჯერა და ვერავინ დამაჯერებს ამაში. არ გინდა ქმარ-შვილი? მარტივია, დატოვე და წადი.

გაგრძელება ...




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics