17:18 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 21:45:31, 775 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველო უდიდეს ბიზნესპოტენციალს სთავაზობს მათ, ვინც ახალ საინვესტიციო მიმართულებებს ეძებს“

"საქართველო უდიდეს ბიზნესპოტენციალს სთავაზობს მათ, ვინც ახალ საინვესტიციო მიმართულებებს ეძებს; ეს ეხება ქვეყნის სწრაფად განვითარებად სექტორებს - სუფთა ენერგია, ტურიზმი , წარმოება, რეგიონალური სერვისები, ლოგისტიკა და აგრობიზნესი," - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს.

მთავრობის მეთაურმა ინვესტორები საქართველოში მიიწვია, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ ის, რისი შეთავაზება შეუძლია ქვეყანას და დაიწყონ ბიზნესი საქართველოში.

გიორგი კვირიკაშვილმა უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეაფასა საქართველო-EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რაც ასოციაციის წევრი ქვეყნების ბაზარზე მეტი ქართული პროდუქტისა და მომსახურების ექსპორტს უზრუნველყოფს. 

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადაინაცვლებს. პრემიერმა შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართულ ჯგუფებს პროცედურების ეფექტურად წარმოებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების გათვალისწინებით, EFTA-ს ქვეყნებთან სავაჭრო ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევა უმნიშვნელოვანესია.

"საქართველომ გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხება EFTA ქვეყნებთან, მათ შორის, ისლანდიასთან, რომელმაც ინგლისი ფეხბურთში დაამარცხა. ვფიქრობ, ამაში არის საღი აზრის მარცვალი. უმნიშვნელოვანესი ეტაპის გარიჟრაჟზე გამართული დღევანდელი შეხვედრა საქართველოს შვეიცარიელი ინვესტორებისათვის გაცნობის, უახლესი ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების თქვენთვის წარმოდგენის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა", - განაცხადა პრემიერმა და ეროვნული და რეგიონალური ეკონომიკური დღის წესრიგის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ბოლოდროინდელ წარმატებებსა და მოკლე და საშუალოვადიან გეგმებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჩამოთვალა ის შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო საერთაშორისო ინვესტორთა სწრაფად განვითარებად ქსელს სთავაზობს.

"პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ღია კარის პოლიტიკა და შესანიშნავი საინვესტიციო გარემო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენთან ბიზნესის წარმოება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით კი, საქართველო, საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით, მე-9 ადგილზეა. რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე არსებული უსაფრთხოების დარგში არსებული მძიმე გამოწვევებისა და პოლიტიკური ტურბულენტობის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მდგრადობას, რაც დემოკრატიული და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა.

საქართველო საკმაოდ კარგ ეკონომიკური ზრდის ტემპს ინარჩუნებს. ყველა მოწინავე სარეიტინგო ორგანიზაცია სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს. მშპ-ს საშუალო წლიური ზრდა გასული 5 წლის მანძილზე 4,9%-ს შეადგენდა და საქართველოს მიერ ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტემპის შენარჩუნება მომავალ წლებშიცაა მოსალოდნელი. ბოლო წლების მანძილზე ასევე გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში. 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 103%-ით გაიზარდა. ესაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ყველაზე დიდი რაოდენობა 2008 წლის შემდეგ. 2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის რაოდენობა საქართველოში 1,35 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საერთაშორისო ბაზრებზე წვდომასთან დაკავშირებით, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ქსელის ცენტრშია, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, თურქეთს, დსთ-ს ქვეყნებსა და EFTA-ს სახელმწიფოებს - ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების კუთხით, ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად, პრემიერმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დაასახელა და აღნიშნა, რომ ის, საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან, შეუქცევადს ხდის.

"მას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე აჰყავს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ნამდვილ ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბებას. ჩვენ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი და რთული რეფორმების პროცესი, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენ ევროკავშირის პირობებთან დაახლოებას გულისხმობს - ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს ბიზნესის წარმოების ევროპულ სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოიყვანს.

ევროკავშირთან უფრო მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებასთან ერთად, მალე გავხდებით პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირსა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ექნება. ჩვენ ვასრულებთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის შესაბამისი შეთანხმება გაფორმდება. საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანია. შემოსავლების მაქსიმალურად გაზრდისთვის, მხოლოდ ბიზნესისთვის მოსახერხებელ გარემოსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების წყალობით გაფართოებულ ბაზარზე დაყრდნობა საკმარისი არ არის. ამდენად, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახერხებელი გეოგრაფიული მდებარეობა და მნიშვნელოვან ბაზრებთან სიახლოვე. საქართველოს ისტორიულად ჰქონდა მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული როლი სამხრეთ კავკასიაში. იგი ახლაც აგრძელებს ამ ფუნქციის შესრულებას. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი ყველაზე კონკურენტუნარიანი გზაა. მომავალში, საქართველო გახდება ამ რეგიონის ვაჭრობისა და კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი მარშრუტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველო უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო წერტილი და ენერგოდერეფანი გახდა.

"კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოების თურქეთთან და ევროპასთან დამაკავშირებელი მილები საქართველოზე გადის. იგივე შეიძლება ითქვას ახალ საგზაო და სარკინიგზო ქსელზე - ეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს რეგიონალურ ცენტრად აქცევს. ჩვენი შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აძლიერებს საქართველოს როლს აბრეშუმის გზაზე. საბოლოო ჯამში, საქართველო რეგიონალურ ცენტრად ყალიბდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბიზნესსექტორებზე - ტურიზმისა და სასტუმრო სფეროებზე. მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლების მანძილზე, საქართველოს საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა, უკანასკნელი წლების მანძილზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა - 2007 წლიდან საერთაშორისო მოგზაურთა საშუალო წლიური მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ 23%-ით იზრდებოდა.

"2015 წელს საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 5,9 მილიონს შეადგენდა, რაც საქართველოს 3,7 მილიონიან მოსახლეობას აჭარბებს. არ არსებობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შეზღუდვები და საქართველოს გააჩნია სასტუმრო და დასვენების ადგილების განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, მათ შორის საზღვაო კურორტები, ჯანმრთელობისა და სპა-ლოკაციები და ზამთრის სათხილამურო და წლის ყველა სეზონისთვის შესაფერისი კურორტები. ტურიზმის სექტორის განვითარება ქვეყანაში უსაფრთხო გარემოსთანაცაა დაკავშირებული. მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველო, 2015-2016 წლების მონაცემებით, მე-16 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა და სულ რაღაც 5 პუნქტით ჩამოუვარდებოდა შვეიცარიას, რომელიც მე-11 ადგილს იკავებს. მომავალი 5 წლის მანძილზე, მოსალოდნელია საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის 8-10%-ით ზრდა. ეს გაზრდის მოთხოვნას ინფრასტრუქტურაზე და მოახდენს ინვესტიციების სტიმულირებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველომ მიაღწია განვითარების იმ ეტაპს, როდესაც მზად არის, შეინარჩუნოს მსოფლიო ბაზრებზე ჩართულობის მაღალი ხარისხი და ჩაერთოს კონკურენციაში ინვესტიციების მისაღებად.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში შვეიცარიის წარმატებული ინვესტირების რამდენიმე მაგალითი დაასახელა, მათ შორის, “Blauenstein Georgia”, რომელიც მესაქონლეობის ფერმებს ფლობს და შვეიცარული სტანდარტების შესაბამის საკვებ პროდუქტებს აწარმოებს.

"აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შექმნა უნიკალური თანამშრომლობის მოდელი, რომელიც სრულადაა მორგებული ქართულ რეალობას. ჩვენ მზად ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ მას, მათ შორის ფინანსურად - საქართველოს სუვერენული ფონდის დახმარებით. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ადგილობრივ პირობებთან ადაპტირება ამ კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. კერძოდ, ადგილობრივი გლეხები ინარჩუნებენ საკუთრების უფლებას თავიანთ მიწის ნაკვეთებზე და კომპანია წარმოების ეფექტურ მასშტაბებს აღწევს მცირემიწიანი გლეხებისგან ნაკვეთების გამოსყიდვის გარეშე. ამდენად, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ხდება ახალი მოდელებისა და ცოდნის დანერგვა.

საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამ მოდელის გამოყენება შესაძლებელია საქართველოს ყველა მთიან რეგიონში და საქართველოს მთავრობა განაგრძობს ამ მოდელის სხვა რეგიონებში გაფართოების მხარდაჭერას. კიდევ ერთი წარმატების ისტორია ეხება სააქციო საზოგადოებას „მარგებელი“ - ეს არის ჰოლდინგი, რომელიც ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მოქმედი 4 უდიდესი კომპანიის კონგლომერაციის შედეგად შეიქმნა. ამ ეტაპზე, „მარგებელის“ საკუთრებაშია 5 მოქმედი კომპანია, მათ შორის საქართველოში მინერალური წყლის მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანია - სააქციო საზოგადოება Healthy Water, საკვები პროდუქტების მწარმოებელი მარნეულის საკვების ქარხანა. მჯერა, რომ დღევანდელი შეხვედრა გაზრდის ქართული და შვეიცარიული კომპანიების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც ბერნში, სპეციალურად, ქართულ-შვეიცარულ ბიზნესფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდნენ და ასევე, შვეიცარიელ ინვესტორებს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს და საქართველოს, უფრო მიმზიდველ საინვესტიციო და ბიზნესის წარმოების ადგილად ქცევას ისახავს მიზნად.

"4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მთავარი მიმართულებებია - განათლების რეფორმა, რომელიც პროფესიულ განათლებასა და უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის ცვლილებაზე ფოკუსირდება; ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული რეფორმები; ინფრასტრუქტურის სერვისის განვითარება და ღია მმართველობა. ჩვენ უკვე წამოვიწყეთ მოგების გადასახადის რეფორმა, რაც მიზნად ისახავს ეფექტური და ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შექმნას. ახალი სისტემის შესაბამისად, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება, მხოლოდ განაწილებული მოგება დაექვემდებარება დაბეგვრას, ხოლო რეინვესტირებული მოგება გადასახადისგან გათავისუფლდება. ჩვენ ასევე წამოვიწყეთ საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმები. ესაა ჩვენი ეკონომიკური რეფორმების სიღრმისეული დღის წესრიგის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ძალისხმევა იქნება მიმართული განათლების სისტემის შემდგომი რეფორმისკენ, რათა დავფაროთ პროფესიონალთა მიწოდებასა და მზარდ მოთხოვნას შორის არსებული განსხვავება. აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნების მშენებლობის გზით, ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვნად დავაჩქაროთ უმნიშვნელოვანესი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს, საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის, ევროპასა და აზიას შორის განლაგებული უმნიშვნელოვანესი ქვეყნის პოტენციალს, სრულად აამოქმედებს და ეს ასევე გაზრდის მოსახლეობის მობილობას და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ღია მმართველობის ხელშეწყობით, ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხი კანონშემოქმედებით პროცესში და მოვახდინოთ საჯარო სერვისების მიწოდების მოდერნიზება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ხანგრძლივი პარტნიორობის შესაძლებლობა არსებობს.

"მე ვაფასებ თქვენს ინტერესს და უბრალოდ, დიდი მადლობა ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისათვის!", - მიმართა პრემიერმა ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმს, რომელიც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, 60-მდე ბიზნესმენი დაესწრო.

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე დეტალური პრეზენტაცია წარადგინა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა გიორგი პერტაიამ. საქართველოში წარმატებით განხორციელებულ ინვესტიციაზე და ქვეყნის ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრა კომპანია “Blauenstein Georgia"-ს დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა და აღნიშნა, რომ კომპანია, სამომავლოდ, საქართველოში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics